ტერორისტი, რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)
თვალთვალი
1943 წლის 6 ნოემბერს საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს უკრაინის დედაქალაქი კიევი.
ახლა ბრძოლები უკვე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე წარიმართა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
გენერალ ილგენის მეთაურობით რამდენიმე მსხვილი ანტი-პარტიზანული აქცია ჩატარდა. შედეგები გრანდიოზული იყო. გენერალს ეს არ აკმაყოფილებდა. მას პოლკოვნიკი მედვედევი სჭირდებოდა.
გერმანელ დამსჯელთა მეთაური პოლკოვნიკი პიპერიც მედვედევის გარშემო სულ- უფრო კრავდა ალყას.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
პარტიზანულ რაზმში კუზნეცოვის საქმეს იხილავდნენ. რიგ- რიგობით დაკითხეს სტეხოვი, ლუკინი და კიდევ რამდენიმე ჩეკისტი. სტეხოვი სპეც-აგენტის დაპატიმრებას მოითხოვდა:
— როგორ მოხდა, რომ როვნოში ამხელა ჩავარდნებია, ამხანაგი გრაჩოვი კი გადარჩა? — სტეხოვმა გესლიანად გაიღიმა, — იმიტომ ხომ არა, რომ ორმაგ თამაშს ეწევა?!
— ამხანაგო კომისარო! — შესძახა კუზნეცოვმა — გაძლევ საბჭოთა პატრიოტის სიტყვას ! მე...
— თქვენ ახლა როვნოში დაბრუნდებით და კნუტის ლიკვიდაციის საქმეს ბოლომდე მიიყვანთ! — შეაწყვეტინა მედვედევმა, — ეს ფაშისტი კარგა ხნის წინ უნდა მომკვდარიყო!
მედვედევი გაჩუმდა. კუზნეცოვმა საცოდავად გაიღიმა. ჰეტელის ლიკვიდაციის შემდეგ როვნოში დაბრუნება სიკვდილთან შეყრაზე წასვლას უდრიდა. კუზნეცოვს არჩევანი აღარ ჰქონდა: აქეთ გერმანელები, იქით ჩეკისტები, ბანდერელები თუ სხვები.
— დავალება გასაგებია? — მკაცრად წარმოთქვა მედვედევმა — აბა ადექი! ზურგისაკენ! ნაბიჯით იარ!
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
როვენშჩინის ერთერთ ხუტორზე შედგა გრომის და მეშჩერიაკოვის შეხვედრა. გრომი მარდად ჩამოხტა ცხენიდან და მისალმების ნიშნად მეშჩერიაკოვს თავი დაუქნია:
— მოიტანე?!
— დიახ.
გრომმა ხელი გაიშვირა. ანაზდად თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, საიდანღაც რამდენიმე ავტომატიანი მამაკაცი გაჩნდა. გაიჩხაკუნა ჩახმახმა. გაისმა სროლა.
ავტომატის ჯერით მოცელილი გრომი დაეცა. მეშჩერეიაკოვი უძრავად იდგა. ერთ-ერთი ავტომატიანი მიწაზე გაშხლართულ გრომთან მივიდა და სქელი პორტფელი ააცალა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
იან კამინსკი, ანუ აგენტი მეტსახელად კანტორი. კუზნეცოვი ერთხანს მასთან შეხვედრას გაურბოდა. კამინსკისაც უშუალო კავშირი მედვედევის აგენტ ივან პრიხოდკოსთან ჰქონდა. კამინსკიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო ერიხ კოხთან აუდიენციის მოწყობაში. სწორედ მისი მეშვეობით გავიდა კუზნეცოვი კოხის ძაღლების მწვრთნელ შმიდტზე. შემდეგ იყო შეხვედრა კოხთან. ჰეტელის ლიკვიდაცია. ამან კუზნეცოვი და კამინსკი ერთმანეთს დაახლოვა. ახლა კნუტის ლიკვიდაციის ჯერი დადგა. კუზნეცოვმა იაკოვიაკისგან შეიტყო, რომ ოსტაფოვის ჯგუფი ჩავარდა. რჩებოდა ერთად- ერთი გამოსავალი: პოლონელები.
მეჩისლავ სტეფანსკი, ანუ აგენტი ლვოვსკი კარგა ხანია რუსებზე მუშაობდა. კუზნეცოვს სწორედ მან ურჩია კამინსკი. პოლონელების გარდა ოპერაციაში ჰოლანდიელი გლაასიც უნდა ჩაბმულიყო. ეს კაცი კარგა ხანია მედვედეველებს ინფორმაციას აწვდიდა.
-დადგა დრო, რომ გლაასმა საბრძოლო ოპერაციის დროსაც თავი გამოიჩინოს! — გაიღიმა სტეფანსკიმ.
კამინსკისთან საუბარში კუზნეცოვმა ეს გაიმეორა. კამინსკიმ თავი დაუქნია.
— გლაასი პიპეტაუქციონის თანამშრომელია! მას კნუტზე თავდასხმა გაუადვილდება.
ჰოლანდიელიც ოპერაციაში ჩააბეს..
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
მედვედევმა პირადად დაათვალიერა მასალები, რომლებიც მოკლულ გრომს აღმოაჩნდა. მაშ გამოდის, რომ ბანდერელთა უშიშროების სამსახური აქტიურად მუშაობს. გრომმა საკმაოდ ბევრი რამ დაადგინა. კერძოდ გამოჩხრიკა, რომ გენერალი ილგენი რუსების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს. სწორედ ილგენის წყალობით ჩავარდა ნოვაკის, მირიუშენკო (მოგუტნის) ჯგუფები. ოსტაფოვის ბედი ცნობილია. აგენტი “მაქსი“, იგივე იასკოვიაკი, ირწმუნება, რომ ოსტაფოვი ფაშისტებმა გადაიბირეს. ახლა მას ერთგვარ სატყუარად იყენებენ. სანდოა კი „მაქსი“? მედვედევმა ამოიოხრა.
— აბა ამხანაგებო, როგორია თქვენი აზრი? — მეთაურმა გაიღიმა.
— დიმიტრი ნიკოლაევიჩ, ჩემი აზრით, მაქსი სიმართლეს იტყობინება, — ჩუმად წარმოთქვა ლუკინმა, — არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოსტაფოვი გერმანელებმა კარგა ხანია რაც გადაიბირეს!
— რატომ?
— ის სამხედრო ტყვე იყო. თავი უკრაინელ ოსტაპენკოდ გაასაღა. როვნოში დამკვიდრდა, შექმნა არალეგალური ჯგუფი. ჩვენთან კავშირზეც გამოვიდა, — ლუკინმა პაუზა გააკეთა, — ნამდვილი ავანტიურული რომანია.
მედვედევმა სტეხოვს შეხედა. კომისარმა ჩაახველა:
— ამხანაგ ლუკინს მთლიანად ვეთანხმები,- ყრუდ წარმოთქვა მან, — ოსტაფოვი გერმანელთა კონტროლქვეშ მუშაობს. ეს ხომ სრულიად აშკარაა!
— ილგენი? რა ვუყოთ ილგენს? — მედვედევმა სახეზე ხელი გადაისვა, — ეს კაცი უკვე სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის.
აუცილებელია ილგენის ლიკვიდაცია! — წამოიძახა სტეხოვმა.
— მედვედევმა თავი დაუქნია. ლუკინი უძრავად იჯდა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ცენტრისადმი გაგზავნილ რადიოგრამაში მედვედევი იტყობინებოდა, რომ გენერალი ილგენი საშიშ ფიგურად გადაიქცა. პასუხი მოკლე და ლაკონური იყო: იმოქმედეთ გეგმის მიხედვით, ილგენს ანუ კაფრს თვალი არ მოაშოროთ.
კაფრი, ასე მოიხსენიებდა საბჭოთა დაზვერვა გენერალ ილგენს. რუსები მის მიმართ ტერაქტებზე თავს იკავებდნენ. ახლა დღის წესრიგში გერმან კნუტის, შემდეგ კი ალფრედ ფუნკეს ლიკვიდაცია იდგა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
გენერალი ილგენი ჯერ არ მოსულიყო. ადიუტანტი მეშჩერიაკოვი ფხიზლად ადევნებდა თვალს თუ როგორ იყო დალაგებული სახლი. გენერლის ეკონომი ლიდია ლისოვსკაია ჩუმად იდგა და ადიუტანტს შესცქეროდა. მეშჩერიაკოვი შეკრთა:
— რას მიყურებ?
— ილია ილიჩი მოკითხვას გითვლით, — ჩუმად წარმოთქვა ლისოვსკაიამ.
მეშჩერიაკოვი უნებლიეთ შეხტა, ამას ნამდვილად არ მოელოდა. გენერალ ილგენის ადიუტანტი რუსი მსტოვარია?! ღმერთო ჩემო...
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ორტელთან შეხვედრის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. კუზნეცოვი მას ლისოვსკაიას ბინაში შეეჩეხა გაიშალა სუფრა. გერმანელმა სასმისები შეავსო:
— ანა, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!
— გაუმარჯოს!
ორტელი ლამაზი კაცი იყო, საშუალოზე მაღალი, ბრგე. მას დიდი, ჭკვიანი თვალები და განიერი ბეჭები ჰქონდა. კუზნეცოვი გრძნობდა, გული გამალებით როგორ უცემდა. ამ ტიპთან შეხვედრა, თანაც პირისპირ, მას ნამდვილად არ სურდა:
-ორტელი!
კუზნეცოვი გრძნობდა, რომ ეს კაცი მაღალი კლასის მზვერავი იყო. ორტელი ბევრს სვამდა, თითქოს სურდა ვიღაცას ან რაღაცას გაექცესო. არ არის გამორიცხული, რომ ორტელი უბრალოდ მთვრალს ასახიერებდა. მისი კლასის მზვერავს ეს არ გაუჭირდება. შესაძლოა რაიმე იყნოსა კიდეც. ამისი დედა!
— ყურადღება!
ორტელის ხმამ ფიქრებიდან გამოიყვანა. გერმანელმა სასმისები შეავსო, წამოდგა.
— დიდ გერმანიას გაუმარჯოს!
კუზნეცოვი უმალ წამოხტა, სასმისი მან ბოლომდე დაცალა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
1943 წლის 10 ნოემბერს განხორციელდა თავდასხმა გერმან კნუტზე.
დამრტყმელი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ: ნიკოლაი კუზნეცოვი, იან კამინსკი, მეჩისლავ სტეფანსკი და ჰუბერტ გლაასი. საჭესთან კვლავ კოლია სტრუტინსკი იჯდა. ტერაქტი შედგა საღამოს 18 საათზე, როცა კნუტი თავის კანცელარიის შენობიდან გამოდიოდა.
კუზნეცოვი ყველაფერს ფხიზლად აკვირდებოდა. მან დაინახა, თუ როგორ ჩაჯდა კნუტი მანქანაში. შემდეგ თავის მეგობრებს ანიშნა:
— მიდით!
კამინსკიმ და სტეფანსკიმ ავტომატებიდან ცეცხლ გახსნეს. ჰუბერტ გლაასმა კი ხელყუმბარა ისროლა:
— წავედით! — დაიყვირა კუზნეცოვმა.
მანქანა ადგილს მოსწყდა და გაუჩინარდა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
გერმან კნუტი გადარჩა . ის არც კი დაჭრილა.
პიკეტაუქციონის შეფი იმავე დღეს ბერლინში გადაიყვანეს. გაზეთებში კი ტერაქტის თაობაზე არაფერი ეწერა.
კუზნეცოვმა როვნო სასწრაფოდ დატოვა. ჯერ ერთი ქალაქში სდ და სამხედრო კონტრდაზვერვა მძვინვარებდნენ. მეორეც, ჰიტლერულ სპეცსამსახურები გამალებით დაეძებდნენ იდუმალ ობერ ლეიტენანტს, რომელიც როვნოში ტერაქტებს აწყობს. კუზნეცოვის ქალაქში დიდ ხანს გაჩერებაც არ შეიძლებოდა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
მედვედევი მოღუშული იყო. მან კუზნეცოვის, სტრუტინსკისა თუ სხვების პატაკი ყურადღებით მოისმინა. ყველამ დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ აფეთქდა მანქანა. მაშ გამოდის. რომ კნუტი მოკვდა?
— თუ ასეა, რატომ არ მოეწყო დასაფლავება? ჰიტლერულ პრესაში რატომ არ დაიბეჭდა ნეკროლოგები?
მედვედევის საგონებელში იყო ჩავარდნილი. მან არ ცოდა ზუსტად, მოკლეს კნუტი თუ არა.
ამ დროს მედვედევს მოახსენეს, რომ როვნოს სდ-ს ხელმძღვანელობაში ცვლილებებია. შტურმბანდფიურერი ჰანკე, რომელიც ანტი- პარტიზანულ აქციებს ედგა სათავეში, თანამდებობიდან მოხსნეს და ფრონტზე გაიწვიეს.
— მაშ გამოდის, რომ კნუტი მოკვდა?
მედვედევმაც გაგზავნა მოსკოვში შეტყობინება ტერაქტის წარმატებით დასრულების შესახებ.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
მოკლული გრომის ნაცვლად უშიშროების რეფერენტი მისი მოადგილე კრავჩუკი გახდა. მან ოუნ-ის ხელმძღვანელს მიკოლა ლებედს დაწვრილებითი პატაკი ჩააბარა. კალინა, რომელიც წლების განმავლობაში გრომის უახლოესი მეგობარი და თანაშემწე იყო, ჩეკისტებს მიეყიდა. სწორედ მან გააცნო გრომი გენერალ ილგენის კაზაკებს. მათ შორის ილგენის ადიუტანტი მეშერიაკოვი იყო:
— ამ კაზაკების უმრავლესობა ორმაგი აგენტია, — კრავჩუკი წამით გაჩუმდა, — ისინი სდ-ზეც მუშაობენ და რუსებზეც.
— გამოდის, რომ როგორც სდ, ისე რუსები ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ? — შეეკითხა ლებედი.
— არ ვიცი.
— რაო?
— როვნოს სდ-ს ხელმძღვანელთა ნაწილი ერიხ კოხზეც მუშაობს. გრომმა ამ მხრივ გარკვეული მასალები შეკრიბა.
ამ სიტყვებზე კრავჩუკი დაიხარა, პატარა ჩემოდანი აიღო, გახსნა. ლებედი შეკრთა:
— მთელი ეს მასალები გრომმა შეკრიბა?
— ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა.
— რაო?
— ეტყობა გრომი მიხვდა, რომ რუსები კვალში ჩაუდგნენ. გუმანით იგრძნო, რომ რუსებზე მუშაობდა მისი უახლოესი მეგობარი და თანაშემწე კალინაც. როგორც ჩანს, სწორედ მან ჩაუშვა გრომი, მან და იმ მეშჩერიაკოვმა.
კრავჩუკი გაჩუმდა. ლებედი წამოდგა:
— კონკრეტულად, ვინ ნადირობდა გრომზე?
კრავჩუკმა მხრები აიჩეჩა. სად დამალა გრომმა შეკრებილი მასალის მეორე ნაწილი?
— არ ვიცი.
— გაარკვიეთ, — ჩუმად წარმოთქვა ლებედმა, — ყოველივე ძალზე მნიშვნელოვანია. გესმით?!
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მედვედევი წამოდგა, სახეზე ხელი გადაისვა. კუზნეცოვი ჩუმად იჯდა. სახე გაფითრებდა. ყანყრატო აუდ- ჩაუდიოდა.
— დღეს როვნოში უნდა დაბრუნდეთ, — ყრუდ წარმოთქვა მედვედევმა, — ახლა ფუნკეს ლიკვიდაციის ჯერია.
— მაპატიეთ, ამხანაგო მეთაურო! შეიძლება გკითხოთ, — კუზნეცოვმა თავისი ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო.
— მკითხეთ.
— გენერალი ილგენი.. ეს კაცი კვალში გვიდგას! პირადად მე მიდგას კვალში.! მისი ლიკვიდაცია აუცილებელია.
— ეს თქვენი გადასაწყვეტი არაა! — მოუჭრა მედვედევმა, — კნუტის შემდეგ ფუნკეს ლიკვიდაციის ჯერია! გესმით?
კუზნეცოვმა საცოდავად გაიღიმა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მაიორმა ვაინერმა პატაკი დაამთავრა. სამხედრო კონტრდაზვერვის შეფი ოდნავ წინ წამოიწია.
— მაშ მოუხელთებელი ტერორისტის კვალი გამოიკვეთა?
— დიახ, ჰერ პოლკოვნიკო
— საიდან?
— მარტინ ჰეტელმა თავის დროზე მომახსენა, რომ როვნოში ცხოვრობს ერთი სიმპატიური ქალბატონი, ფოლკსდოიჩე ვალენტინა დოვგერი. მას ჰყავს საქმრო ობერ ლეიტენანტი ზიბერტი. ჰეტელმა მისი გარეგნული ნიშნები დაადგინა.
პოლკოვნიკმა ძლივს შეიკავა თავი, რომ არ დაეყვირა. ვაინერმა კი განაგრძო. სიმაღლე მეტრი და 87 სანტიმეტრი, თმების ფერი ქერა, თვალები წყლისფერი. მკერდს უმშვენებს რკინის ჯვარი, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე მიიღო.
— გარეგნული ნიშნები ტერორისტისას ემთხვევა, — ჩუმად წარმოთქვა ვაინერმა.
— შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევაა, — პოლკოვნიკმა სიგარეტს მოუკიდა.
— შესაძლოა ეს ზიბერტი როვნოში დროებით იმყოფება. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ შესაძლოა ფრონტზე დაბრუნდეს. ხშირად დადის მივლინებებში. მომარაგების ნაწილში ამის თაობაზე არაფერი იციან. იქ არავითარ პაულ ზიბერტს არ იცნობენ.
— ეს ტიპი ახლაც მივლინებაშია?
— დიახ, ჰერ პოლკოვნიკო.
— ამ დოვგერის სახლი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეთ, — კონტრდაზვერვის შეფი წამით გაჩუმდა, — როგორც კი ზიბერტი გამოჩნდება, უმალ დააკავეთ! გახსოვდეთ, ეს ტიპი ცოცხალი გვჭირდება!
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
იასკოვიაკი კვლავ ანაზდად გამოჩნდა. კუზნეცოვი შედგა. გერმანელი იღიმებოდა.
— ვისთან მიდიხართ?
ზიბერტი დუმდა.
— იქ წასვლას არ გირჩევთ. — ჩუმად წარმოთქვა იასკოვიაკმა, — კონტრმზვერავები მოუთმენლად გელიან. მათ რაღაც იყნოსეს.
— გასაგებია. გმადლობთ.
კუზნეცოვი მკვეთრად შეტრიალდა და გარეთ გავიდა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
იმავე ღამეს ახალი მოულოდნელობა მოხდა.
კონტრდაზვერვამ კუზნეცოვის მცველი ჟორჟ სტრუტინსკი აიყვანა. ზიბერტს ამის თაობაზე იაკოვიაკმა აცნობა. ამისათვის „მაქსი“ საგანგებოდ გამოცხადდა იან კამინსკის ბინაზე. კუზნეცოვი სწორედ იქ აფარებდა თავს.
მეორე დღეს კუზნეცოვმა როვნო დატოვა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
პოლკოვნიკი მედვედევი ჩაფიქრებულ იყო. გენერალი ილგენი უკვე რეალურ საშიშროებად გადაიქცა. გენერალი საბჭოთა პარტიზანებს მართლაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ახლა კონტრდაზვერვის ყურადღების ქვეშ ვალია დოვგერი მოექცა. დაპატიმრებულია ჟორჟ სტრუტინსკი. ეტყობა გერმანელებმა ჯერ არ იციან, რომი ის იდუმალი ობერ ლეიტენანტის მცველია, რომელმაც როვნოში ტერაქტები მოაწყო, თორემ ჩიტივით ააჭიკჭიკებდნენ.
— გაუტეხელი ადამიანები არ არსებობენ! არიან კარგი და ცუდი გამომძიებლები. კარგი გაგტეხს, ცუდი ვერა! სდ-ში კი შესანიშნავი სპეციალისტები ჰყავთ.
მედვედევმაც ყოველივე ცენტრს აცნობა. დირექტივა მოკლე და კონკრეტული იყო: მოიტაცეთ ილგენი, შემდეგ სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში გამოაგზავნეთ.
— ესეც ასე.
მედვედევის უშუალო ხელმძღვანელობით შეიმუშავეს გენერლის შეპყრობის ოპერაცია. მისი კოდური სახელი გახდა ნადირობა კაფრზე.
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი
საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი
Comments
Post a Comment