ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)


დანის წვერზე

 

1944 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის საბჭოთა არმია კიევს მიადგა. გენერალ ვატუტინის მეთაურობთ დაიწყო ოპერაცია უკრაინის დედაქალაქის აღების მიზნით.

ვატუტინი დაჯერებული უკრაინოფობი იყო. მას მტკიცედ სწამდა, რომ ჰიტლერელები საბჭოთა ტერიტორიის სიღრმეში იმიტომ შემოიჭრნენ, რომ უკრაინული მოსახლეობა მას ზარ-ზეიმით შეხვდა. ვატუტინმაც ხმამაღლა განაცხადა;

 — მოღალატე ხოხოლების სისხლით დნეპრს დავაგუბებ!

ვატუტინის ბრძანებით ე. წ. „გათავისუფლებულ“ უკრაინულ მიწებზე არმიის გაწვევა დაიწყო. 16-17 წლის ბიჭები ჩაამწკრივეს, შემდეგ ვატუტინმა მათ ერთად-ერთი კითხვა დაუსვა:

 — ფრონტზე წასვლა გსურთ?

 — დიახ, მაგრამ...

 — რა, მაგრამ?!

 — იარაღი ხელში არ გვჭერია!

 — მდაა... —  ვატუტინმა თავი გააქნია, — აბა, ყურადღებით მისმინეთ! ვისაც ფრონტზე წასვლა უნდა, ორი ნაბიჯით მარცხნივ! მათ, ვინც თავის თავში დარწმუნებული არ არის, ორი ნაბიჯით მარჯვნივ! გასაგებია?!

უბედურები, ვინც მარჯვნივ გადადგა, იქვე დახვრიტეს. სხვებს ფრონტზე უკრეს თავი. უმრავლესობა მათგანი ცოცხალი არ დაბრუნებულა.

 — ასე როგორ შეიძლება, ამხანაგო გენერალო! ასე ფაშისტები აკეთებდნენ!

ირგვლივ საშინელი გნიასი იდგა. ხმამაღლა მოთქვამდნენ დედაკაცები, 16-17 წლის წვევამდელები კი ტიროდნენ. ზოგი მათგანი მუხლებზე დაემხო და შებრალებას ითხოვდა.

 — მოემზადე!

გაიჩხაკუნა ჩახმახმა. შემდეგ ავტომატების გრიალმა ყველაფერი დაფარა. 

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

მზადდებოდა გერმან კნუტის ლიკვიდაცია. 

ცენტრი მედვედევს აჩქარებდა:

 —  დროა! რას ზოზინობთ? კნუტი უნდა მოკვდეს!

ჯგუფის შემადგენლობა პრადად მედვედევმა დაამტკიცა. მას სათავეში ჩაუდგა კუზნეცოვი. 

 ის ღამე კუზნეცოვმა როვნოში მარცინიაკის ბინაში გაათია. აკი სწორედ აქედან წავიდა ის ერიხ კოხთან აუდიენციაზე.

გამთენიისას ბინის კარზე დააბრახუნეს. კუზნეცოვი ლოგინზე წამოჯდა, ბალიშის ქვეშ ამოდებული რევოლვერი აიღო და მოიმარჯვა. წინკარიდან ვიღაცეების ხმა ისმოდა. ანაზდად კარი გაიღო და ოთახში ვლადისლავ იასკოვიაკი შემოვარდა.

 — ნიკოლაი ვასილევიჩ! — დაიყვირა მან, —  გერმანელებმა ჩვენები აიყვანეს, ისინი, ვისაც კნუტის ლიკვიდაცია უნდა მოეხდინა!

კუზნეცოვი არ განძრეულა. საიდან იცის ამ იასკოვიაკმა, რომ მზადდებოდა თავდასხმა კნუტზე? „მაქსი“ ხომ ამ ოპერაციაში ჩართული არ ყოფილა. ის მხოლოდ რუსებსა და ერიხ კოხს შორის შუამავალი იყო?

 — დაპატიმრებულია ვინმე კალინინი, —  განაგრძო იასკოვიაკმა, — ის დარგელზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

 — ანუ მიცნობს? —  კუზნეცოვი წამოხტა.

 — ახლა თქვენი ქუჩაში გასვლა არ შეიძლება, —  იასკოვიაკმა ნერწყვი გადაყლაპა,  — ათი საათისათვის კი როვნო უნდა დატოვოთ. მე დაგეხმარებით.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მაიორი მარტინ ჰეტელი მაიორ ვაინერის ძველი მეგობარი იყო. ისინი ოდესღაც ერთ საფეხბურთო გუნდში თამაშობდნენ. შემდეგ მათი გზები გაიყარა. ჰეტელი სდ-ში წავიდა და როვნოში რაიხსკომისარიატის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. ვაინერი კი აბვერის კონტრდაზვერვაში მსახურობდა. მათი ოდესღაც თბილი ურთიერთობები ნელ-ნელა გაცივდა. შეხვედრისას მხოლოდ ესალმებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ორივე თავისი გზით მიდიდა. ამიტომ ვაინერი ძალზე გაოცდა, როცა ჰეტელი მას ბინაზე მიადგა. ცხადი იყო, რომ ჰეტელს რაღაც მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა. სუფრა სახელდახელოდ გაიშალა. ვაინერმა ჭიქები შეავსო:

 — აბა, შენს სტუმრობას გაუმარჯოს!

 — გაუმარჯოს!

ჰეტელმა ჭიქა მხოლოდ პირთან მიიტანა, ვაინერს შეხედა.

 — შენთან საქმეზე მოვედი.

 — გისმენ, — ვაინემა გაიღიმა.

 — მგონი ვიცი, ვინაა ობერლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი ტერორისტი!

 — რაო?

ვაინერს გაოცებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა, მაგრამ თავი შეიკავა.

 — შენ რაიხსკომისარიატის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ხარ, —  ვაინერი ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა, — რატომ შენ უშუალო უფროსებს არ მიმართე?

 — მივმართე!

 —  მერე?

 — ჩემი პატაკი დაიწუნეს, სისულელეაო, მითხრეს. 

 — ჩემგან რაღა გინდა?

ჰეტელმა პორტფელი გახსნა და სქელი საქაღალდე ამოიღო.

 — აი მონაცემები, რაც შევკრიბე, —  ყრუდ წარმოთქვა მან, —  დანარჩენს ცოტა ხანში მოგართმევ. კარგი?

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

დაპატიმრებული ივან კალინინის ჩვენება ძალზე საინტერესო გამოდგა. მან თქვა, რომ დარგელზე თავდასხმა პირადად პოლკოვნიკმა მედვედევმა დაგეგმა (ოპერატიული ფსევდონიმი ტიმოფეი). სპეციალურ ჯგუფში, რომელსაც თავდასხმა უნდა განეხორციელებინა, შედიოდნენ თავად კალინინი, ნიკოლაი სტრუტინსკი და ერთი პარტიზანი, რომელიც ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

 —  რა ერქვა ამ პარტიზანს, —  ფიცხლად შეეკითხა სამხედრო კონტრდაზვერვის შეფი.

 — ნიკოლაი ვასლევიც გრაჩოვი.

 — ეს ნამდვილი გვარია?

 — არ ვიცი.

 — როგორ მიმართავდით?

 — სახელითა და მამის სახელით.

 — როგორ გამოიყურებოდა?

სიმაღლე მეტრი და 8 სანტიმეტრი, ქერა თმები, წყლისფერი თვალები. აცვია გერმანული არმიის ობერლეიტენანტის ფორმა, მკერდს პირველი ხარისხის რკინის ჯვარი უმშვენებს.

კალინინი გაჩუმდა. კონტრდაზვერვის შეფი გრძნობდა გული ძალუმად როგორ აუძგერდა. ასე გამოიყურებოდა ტერორისტი, რომელმაც დარგელს ესროლა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მაიორი ვაინერი წამით გაჩუმდა. სამხედრო კონტრდაზვერვის შეფმა თითები ერთმანეთს გადაადო:

 — აბა, რა დაადგინეთ?

 — დაპატიმრებულია კალინინი. ის შედიოდა ჯგუფში, რომელმაც მოკლა გეელი და ვინტერი, ესროლა დარგელს. აქცია დაგეგმა კადრის ჩეკისტმა მედვედევმა, რომელიც როვენსჩინაზე ჩეკისტურ სპეცრაზმს ხელმძღვანელობს, —  ვაინერმა საქაღალდე მაგიდაზე დადო, —  აი, მისი დოსიე.

 — რას იტყვით ტერორისტზე, ვინც გეელს, ვინტერს და დარგელს ესროლა?

 — მისი გარეგნული ნიშნებია: სიმაღლე 1 მეტრი და 8 სანტიმეტრი; თმის ფერი ქერა; სახის ნაკვთები სწორი, თვალები წყლისფერი.

 — ჭეშმარიტი არიელის გარეგნობაა, —  კონტრდაზვერვის შეფმა გაიცინა, — რუსია?

 — დადგენილა მისი მეტსახელი „კოლონისტი.“ რაზმში ნიკოლაი ვასილევიჩ გრაჩოვის სახელით იცნობენ.

 — გრაჩოვი ნამდვილი გვარია?

 — არ ვიცით.

 — სად და როდის მზადდება თავდასხმა კნუტზე?

 — არც ეგ ვიცით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დამრტყმელ ჯგუფს, რომელსაც კნუტის ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს, სწორედ კოლონისტი უდგას სათავეში.

 — კალინინი ჩეკისტია?

 — არა, სამხედრო. ჩავარდა ტყვედ. მუშაობდა მუშად როვნოში. მონაწილეობდა ნოვაკის იატაკქვეშა ჯგუფში. სწორედ ნოვაკმა გადასცა ის მედვედევს. .

ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

იმავე დღეს სამხედრო კონტრდაზვერვამ დააპატიმრა როვნოს იატაკქვეშეთის წარმომადგენლები. მათ ჩეკისტი ტერენტი ნოვაკი ხელმძღვანელობდა. 

პირადად ნოვაკმა გაქცევა შესძლო. სამაგიეროდ გერმანელთა ხელში აღმოჩნდნენ მისი მოადგლე ივან ივანოვიჩ ლუცი, მისი მეუღლე ანასტასია კუდეშა და სხვა იატაკქვეშელები.

 

ნოვაკი

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

როვნოს თავზე საბჭოთა გამანადგურებლები გამოჩნდნენ. კუზნეცოვმა მაღლა აიხედა, ამოიოხრა.

 — დაბომბვა იწყება, — გაიფიქრა უნებლიეთ. 

კუზნეცოვმა ამოიოხრა. უდავოა, რომ გერმანელებს მისი გარეგნული აღწერილობა უკვე გააჩნიათ. შესაბამისად როვნოში დაბრუნებაც საშიშია. მიუხედავად ამისა, მედვედევი მაინც აიძულებს რომ ქალაქში დაბრუნდეს და დაგეგმილი განახორციელოს.

 — თუ არ დავემორჩილები, დამხვრეტენ! გერმანელების მხარეს რომ გადავიდე, ისინი დამხვრეტენ! აკი ტერორისტი ვარ, ტერორისტი და არა მზვერავი!

კუზნეცოვი გრძნობდა, რომ კუთხეში იყო მიმწყვდეული.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ჰეტელის საქაღალდეს ვაინერი პირადად გაეცნო. მაიორს ხელები უკანკალებდა. ღმერთო ჩემო! ჰეტელმა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. ცოტაც და იდუმალი ტერორისტი მათ ხელთ აღმოჩნდება!

 ჰეტელმა ყველაფერი სამხედრო კონტრდაზვერვის შეფს მოახსენა. ის პატაკს ყურადღებით გაეცნო. ჩაფიქრდა.

 — ეს თქვენი მაიორი ცოტათი ფანტაზიორი ხომ არ არის?

 — შესაძლოა, — ვაინერმა გაიღიმა.

 — მის პატაკში რიგი ფაქტები გაზვიადებულია! ამავე დროს შეკრებილია ფრიად საინტერესო ცნობები! მან რაიხსკომისარიატის უსაფრთხოების სამსახურს თუ მიმართა?

 — დიახ.

 — ჰმ... გადაეცით მაიორს, რომ ფრთხილად იყოს, —  კონტრდაზვერვის შეფი წამით გაჩუმდა, — უთხარით, რომ მისი უფროსების ნაწილი ორმაგ თამაშს თამაშობს. გასაგებია?

 — დიახ, ჰერ პოლკოვნიკო.

 — ამიტომ ფრთხილად იყოს. გახსოვდეთ, არავითარი თვითშემოქმედება! ყოველი ნაბიჯი თქვენთან უნდა იყოს შეთანხმებული! გესმით?!

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მედვედევი სერიოზულად იყო შეშფოთებული. დაიწყო მასიური დაპატიმრებები. მთლიანად იქნა განადგურებული ტერენტი ნოვაკის იატაკქვეშა ჯგუფი. ჩავარდნები იყო ლუცკში, კოველში, დოლბუნოვოში. ყველაფრიდან ჩანდა, რომ გერმანელები კუზნეცოვს, ანუ პაულ ზიბერტს, კვალში ჩაუდგნენ. მისი გარეგნული ნიშნები მათთვის ცნობილია. ცოტაც, და მასზე გავლენ...

ნოვაკმა გაქცევა შესძლო. რატომ? იმიტომ, რომ გერმანელებთან ჰქონდა კავშირი. ამას დამტკიცება სჭირდება. ნოვაკი ხომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისით არ დარჩენილა! ის აქ საგანგებოდ გადაისროლეს. ამიტომ მისი განუკითხავად დახვრეტა არ შეიძლება. აუცილებელია საბუთები იმისა, რომ გერმანელთა აგენტია. ასეთი საბუთები კი არ არსებობს.

 — დიმიტრი ნოკოლაევიჩ, —  თითქოს შორიდან მოესმა ლუკინის ხმა, —  რა ვუყოთ ნოვაკს?

 — დაე ჯერ-ჯერობით ნოვაკი რაზმში დარჩეს, —  ჩუმად წარმოთქვა მედვედევმა, —  ოღონდ თვალი არ მოაშოროთ. განსხვავებული აზრი ვისა აქვს?

 — გეთანხმებით, — ერთხმად წარმოთქვეს ლუკინმა და სტეხოვმა.

 — ახლა მორე საკითხზე გადავიდეთ, — მედვედევმა პაუზა გააკეთა, — რასა იქმს კოლონისტი?

 — როვნოდან ძლივს გამოაღწია, —  ლუკინმა ჩაახველა,¬ —  აგენტი „მაქსი“ დაეხმარა. ახლა რაზმშია.

 — კოლონისტი სასწრაფოდ როვნოში უნდა დაბრუნდეს, — მკაცრად წარმოთქვა მედვედევმა, —  ამა წლის 7 ნოემბერს ჩვენები კიევში შევლენ. ამ დღისათვის კნუტი ლიკვიდირებული უნდა იყოს!

მედვედევი გაჩუმდა. მას კარგად ესმოდა, რომ კუზნეცოვს კვლავ აშკარა სიკვდილზე აგზავნიდა. დაწყო მასიური დაპატიმრებები. როვნოში, როგორც სდ, ისე სამხედრო კონტრდაზვერვაც მძვინვარებს. ასეთ ვითარებაში კნუტზე თავდასხმა ადუღებულ წყალში ჩახტომას უდრის. მედვედევს ეს კარგად ესმოდა. ამავე დროს ცენტრი კნუტის ლიკვიდაციას კატეგორიულად მოითხოვდა. ბრძანება კი უნდა შესრულდეს.

 — ჯერ ერთი უნდა გაირკვეს, რამ გამოიწვია მასიური ჩავარდნები, — მედვედევმა პაუზა გაკეთა, —  მეორე: გერმან კნუტის ლიკვიდაციის საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს. გასაგებია?!

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ლევ მაკოგონი სდ-ს ძველი ინფორმატორი იყო. ჰეტელმაც პირდაპირ მას მიაკითხა. მაკოგონი რაიხსკომისარიატში მუშაობდა და ყველაფერი იცოდა.

 — ჩემი ვიზიტი კონფიდენციალურია,  —  ჰეტელმა პაუზა გააკეთა, — რამდენადაც ვიცი, რაიხსკომისარიატის თანამშრომლებს კარად იცნობთ. გსმენიათ გვარი დოვგერი? ვალენტინა დოვგერი?

 — როგორ არა, — მაკოგონი გამოცოცხლდა, — ფროილაინ ვალია ! მამამისი ფოლკსდოიჩე იყო და ბანდერელებმა მოკლეს.

 — ბანდერელებმა თუ რუსებმა?

 — ბანდერელებმა, —  მაკოგონმა გაიცინა, — მან ტერორისტების მთელი ჯგუფი ამხილა. პასუხად მას მხეცურად გაუსწორდნენ. დაუდარაჯდნენ, ხელ- ფეხი შეუკრეს და ცოცხლად ჩააგდეს ყინულჭრილში.

 — რა სიმხეცეა! —  ჰეტელი შეკრთა.

 — რუსები, ბანდერელები, ბულბელები ერთი ჭირია, —  მაკოგონმა გაიცინა, — მხეცობა მათ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი.

 — ფროილაინ ვალია დიდი ხანია რაც როვნოში ცხოვრობს?

 — მას აქეთ, რაც მამა ამ ბანდიტებმა მოუკლეს. მის კისერზეა მოხუცი დედა, პატარა და-ძმა.

 — მიუხედავად ამისა, გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნა ერგებოდა და არ გაგზავნეს.

 — საქმრო დაეხმარა, —  მაკოგონმა გაიცინა.

 — უბრალო ობერ-ლეიტენანტი?

— ეს ტიპი არც თუ უბრალო კაცია. მოახერხა, ჰაულაიტერთან შევიდა და დაიყოლია, რათა ვალიასათვის ბრონი მიეცა.

—  ანუ ბრონი ჰერ კოხმა მისცა?

— დიახ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მაიორი ვაინერი მაგიდაზე თითებს ნერვიულად ათამაშებდა. ჰეტელმა კონიაკი დაისხა, მოსვა.

 — ჩემს მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი, —  ჰეტელი წამით გაჩუმდა, — ობერ ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი ტერორისტი ხშირად მოგზაურობს, ჰყავს არა ერთი საყვარელი, 

 — მერე აქედან რა გამოდის?-- შეეკითხა ვაინერი.

 — უკანასკნელ ხანს როვნოში რამდენიმე ოფიცერი გამოირჩეოდა ხელგაშლილობით. ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მათგანმა მიიპყრო, —  ჰეტელმა გაიღიმა, —  მას პაულ ზიბერტი ჰქვია. იბრძოდა აღმოსავლეთის ფრონტზე , დაჯილდოებულია რკინის ჯვრით. 

 — მერე საიდან ასკვნი, რომ ის ტერორისტია?

 — როვნოში ზიბერტს ჰყავს საცოლე ვინმე ვალენტინა დოვგერი. ჩემი აგენტის მეშვეობით დავადგინე ამ ზიბერტის გარეგნული ნიშნები.

 — რაო? —  ვაენერი წამოხტა.

 — სიმაღლე 1 მეტრი და 87 სანტიმეტრი. თვალები წყლისფერები. თმა ქერა.

გაოგნებული ვაინერი კრინტს ვერ ძრავდა. ზუსტად ასე გამოიყურებოდა ტერორისტი, რომელმაც დარგელს ესროლა!

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

მედვედევს არ ეცალა. როვნოში დაბრუნების წინ კუზნეცოვს უკანასკნელი ინსტრუქტაჟი პოდპოლკოვნიკმა ლუკინმა ჩაუტარა.

 — აქცენტი ორ ფაქტზე გააკეთეთ: როვნოელი იატაკქვეშელების ჩავარდნა და გერმან კნუტის ლიკვიდაცია. თქვენს განკარგულებაში საიმედო კონსპირაციული ბინებია, ასე რომ იმოქმედეთ!

ლუკინი გაჩუმდა. კუზნეცოვმა სტრუტინსკის გადახედა. მუდამ წყნარი აგენტი „მშვიდი“ ნერვიულობდა, სახე უჩვეულოდ დაძაბული ჰქონდა.

 — ამხანაგო პოდპოლკოვნიკო...

კუზნეცოვმა ჩაახველა. 

 — მინდა გთხოვოთ: თუ ვერ დავბრუნდი, ერთ ქალს ჩემი გამოსათხოვარი წერილი გადაეცით.

 — ცოლია? —  შეაწყვეტინა ლუკინმა.

 — არა, შეყვარებული..

 — ახლა სიყვარულობანას დრო არაა, — უხეშად შეაწყვეტინა ლუკინმა,  — დავალება გასაგებია? აბა, ზურგისაკენ! ნაბიჯით იარ!

 

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

გაგრძელება იქნება


Comments

  1. საინტერესოა, ოღონდ კარგი იქნება, რომ ტექსტის ნაწილები დაინომროს, ალბათ სათაურებში. პირველი ნაწილი, მესამე, მეხუთე...
    ასე უფრო კომფორტული იქნება გაგრძელებებით კითხვა. თორემ ილუსტრაციაც ერთნაირია, ნომრებიც არ აწერია და შედეგად, რომელი ნაწილი რომლის შემდეგაა, ამის გარკვევას ცალკე ძალისხმევა სჭირდება. მკითხველს კი არ უყვარს ასეთი რამეები )

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ქარველები და ბანდერელთა მოძრაობა

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ტერორისტი, რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)