ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)
ღია თამაში
როვნო, 1943 წლის ოქტომბერი.
კუზნეცოვი შედგა. ვლადისლავ იასკოვიაკი აშკარად მას უცდიდა. კუზნეცოვი მიუხვდა და ახლოს მივიდა. იასკოვიაკმა ჩაახველა:
— არ მეგონა, რომ დაბრუნდებოდით.
ზიბერტი დუმდა.
— ეს თქვენ, — იასკოვიაკმა კუზნეცოვს რაღაც ჩაუდო ხელში.
-ეს რაღაა?
— პოლიციელის ჟეტონი! როვნოში საშინელი ვითარებაა! ფრიცები პირდაპირ გაცოფდნენ. ეს ჟეტონი არამკითხე მოამბეთაგან დაგიფარავთ, ოღონდ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ.
— გასაგებია.
— გენერალი ილგენი უკვე პრობლემებს ქმნის, — იაკოვიაკმა პაუზა გააკეთა, — მთავარი დარტყმა მისგანაა მოსალოდნელი. ფრთხილად!
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მაიორი მარტინ ჰეტელი ლისოვსკაიას ბორდელის ხშირი სტუმარი იყო. მიუხედავად ამისა, ქალი მის დანახვაზე შეკრთა. ჰეტელი იღიმებოდა:
— გამარჯობათ, ფრაუ! უკანასკნელ ხანს იშვიათად გხედავთ.
— ახლა ხომ გენერალ ილგენის ეკონომი ვარ, — ლისოვსკაიამ პაუზა გააკეთა, — სახლშიც სულ უფრო იშვიათად ვარ. დაბრძანდით, ჰერ მაიორო!
ჰეტელმა გაიღიმა და დაჯდა. ლისოვსკაია დაუპატიჟებელ სტუმარს დაძაბული მისჩერებოდა.
— მე თქვენი მდგმური მაინტერესებს, — ჰეტელი კვლავ იღიმებოდა, — პაულ ზიბერტი შინაა?
— არა.
— ხომ ვერ მეტყოდით, სად არის?
— არ ვიცი, ჰერ მაიორ! — ლისოვსკაიამ ამოიოხრა, — ზიბერტს ხშირად უწევს მივლინებებში წასვლა. სად, არ ვიცი.
ჰეტელი წამოდგა.
— მე კვლავ გამოვივლი.
ამ სიტყვებზე ლისოვსკაიას თავი დაუკრა და გარეთ გავიდა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ბანდერელების უშიშროების რეფერენტი გრომი თავის აგენტს მივარდნილ ხუტორზე შეხვდა.. ნესტი ძვალ- რბილში ატანდა. გრომს საშინლად მოუნდა მოწევა, მაგრამ გაახსენდა, რომ სიგარეტს თავი დაანება.
აგენტი „კალინა“ მაღალი, ჩოფურა მამაკაცი იყო. მეჩხერი კბილები, წირპლიანი თვალები და საოცრად გრძელი ხელ- ფეხი ჰქონდა.
— იქნებ ასე იმიტომ მეჩვენება, რომ ძალზე ვიწრო ტანისამოსს იცვამს, — გაიფიქრა გრომმა, — შესაძლებელია..
— არის რაიმე ახალი, დრუჟე კალინა?!
— დიახ, დრუჟე პროვოდნიკო.
კალინამ ფეხი ფეხზე გადაიდო. გრომი მას დაუფარავი ინტერესით მისჩერებოდა.
— ჩვენი ყურაღების ქვეშ სამი ოფიცერი მოექცა, — ჩუმად წარმოთქვა კალინამ, — ობერლეიტენანტი ფიშერი, ობერ - ლეიტენანტი ბეერი და ობერ- ლეიტანანტი ზიბერტი. ყველა მათგანის გარეგნული ნიშნები იდუმალი ობერ- ლეიტენანტისას ემთხვევა.
„კალინა“ გაჩუმდა. გრომმა ფეხი- ფეხზე გადადო.
— მაშ მოუხელთებელი ტერორისტი ამ სამიდან ერთ-ერთია?
— დიახ, დრუჟე პროვოდნიკო!
კალინა რამდენიმე წამს დუმდა. სახე უჩვეულოდ ჩაფიქრებული ჰქონდა.
— არის კიდევ ერთი ნიუანსი, — კალინამ პაუზა გააკეთა, — გენერალმა ილგენმა ამ იდუმალ ტერორისტზე ნამდვილი ნადირობა გააჩაღა. მას აშკარად დაუპირისპირდა სდ-ს პოლიტიკური განყოფილების შეფი ჰანკე. ეს ამტკიცებს, რომ ტერორისტი ბანდერელია, ილგენი კი პირიქით, რუსია.
— რაო? — შესძახა გრომმა.
— ილგენის აზრით, ეს იდუმალი ობერ- ლეიტენანტი პოლკოვნიკ მედვედევის ჩეკისტური სპეცრაზმის წევრია. მეტი ჯერჯერობით არ ვიცით.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
კოვპაკი
გენერალ კოვპაკის რაზმის გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როვენსჩინა პარტიზანთა ბუდედ იქცა. მედვედევი კოვპაკს პირადად წარუდგა და წესისამებრ მოახსენა . მან „სტალინელ ბატკოს“ ყველაფერზე ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მიართვა. ამის შემდეგ მოხდა კოვპაკისა და მისი კომისრის რუდნევის შეხვედრა ბანდერელთა წარმომადგენლებთან. შედეგად იდება შეთახმება. ბანდერელებმაც კოვპაკელები დაუბრკოლებლივ გაატარეს.
— მართალია, რომ თქვენი ერთ-ერთი პარტიზანი როვნოში მოქმედებს როგორც გერმანელი ოფიცერი?--შეეკითხა კოვპაკი მედვედევს.
— დიახ, ამხანაგო გენერალო! — მიუგო მედვედევმა.
— შეიძლება ვინახულო? — კოვპაკმა ეშმაკურად გაიღიმა.
— სამწუხაროდ, ახლა როვნოშია, — მიუგო მედვედევმა.
ნახევარი საათის შემდეგ პარტიზანები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. კოვპაკელები კარპატებისაკენ გაემართნენ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ეს საუბარი 1943 წლის აგვისტოში შედგა.
კოვპაკელებმა კარპატებამდე მიაღწიეს, ჩაატარეს ის დივერსიები, რაც სტალინმა დაავალა. დაიწყეს უკან დაბრუნება. ამ დროს მოსკოვიდან ბრძანება მოდის: დაარტყით უპა-ს ზურგში!
— ეს როგორ შეიძლება! — შესძახა კოვპაკელთა კომისარმა რუდნევმა, — აკი მოვილაპარაკეთ...
— თავად სტალინის ბრძანებაა! — მიუგო კოვპაკმა.
და ბანდერელებს მართლაც დაარტყეს.
შედეგად კოვპაკელებმა თავს ძლივს უშველეს. რუდნევი კარპატებში დაიღუპა. ჩეკისტს სირომოლოტნის ბრძანებით მას რადისტმა ანა ტურკინამ (რასაკვირველია, ასევე შინსახკომის აგენტმა) ესროლა. რაც შეეხება კოვპაკს, ის საქონლის ნეხვში ჩამალული ურმით გამოიყვანეს და გარდუვალ სიკვდილს გადაარჩინეს.
კოვპაკელთა ოდესღაც მრისხანე შენაერთიდან ფაქტიურად აღარაფერი დარჩა. სამხედრო კონტრდაზვერვა კი დატყვევებული პარტიზანების დაკითხვას შეუდგა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
გენერალი ილგენი ცდილობდა გარეგნული სიმშვიდე მაინც შეენარჩუნებინა. კონტრდაზვერვის შეფის მოხსენების მოსმენა კი იოლი ნამდვილად არ იყო.
— ამრიგად, დადასტურებულია, რომ ერთერთი საბჭოთა დივერსანტი მართლა როვნოში მოქმედებს, — კონტრდაზვერვის შეფმა პაუზა გააკეთა, — სავარაუდოდ ის პოლკოვნიკ მედვედევის სპეცრაზმის წევრია.
— მაშ ის რუსი ტერორისტია? — ჩურჩულით შეეკითხა ილგენი.
— დიახ, ჰერ გენერალო!
— თქვენი აზრით, ვინაა ეს ობერ ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი კაცი? რუსი ჯაშუში?
— არა, ტერორისტი.
— რაო?!
— სპეციალური დანიშნულების აგენტი. მისი ამოცანებია დივერსიები და პროვოკაციები.
— ანუ ის მხოლოდ შემსრულებელია? ბინძურ საქმეთა შემსრულებელი?
— დიახ, ჰერ გენერალო.
— მედვედევი ვიღაა?
— ის უფრო მაღალი კალიბრის ნაძირალაა. კადრის ჩეკისტია ეს კაცი დივერსიულ- სადაზვერვო რეზიდენტურას უდგას სათავეში.
კონტრდაზვერვის შეფი გაჩუმდა. ილგენიც დუმდა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
იმავე დღეს კუზნეცოვთან რიგგარეშე შეხვედრისას ლისოვსკაიამ მოახსენა, რომ მისი პერსონით დაინტერესებულნი არიან. ერთის მხრივ ესაა ვინმე მაიორი მარტინ ჰეტელი, მეორეს მხრივ გენერალი ილგენი. მის განკარგულებაშია სამხედრო კონტრდაზვერვა, ანუ გააჩნია ბერკეტები, რათა პარტიზანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
— რა დამოკიდებულებაა ჰეტელსა და ილგენს შორის? — ფიცხლად შეეკითხა კუზნეცოვი.
— ჰეტელი რაიხსკომისარიატის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერია, — ლისოვსკაია წამით გაჩუმდა, — მან როვნოში მოქმედ პარტიზანებზე რაღაც ინფორმაციები შეკრიბა და ხელმძღვანელობას მოახსენა. მათ ამას სისულელე უწოდეს და მოხსენება დაიწუნეს. მაშინ ჰეტელმა მიაკითხა თავის მეგობარს მაიორ ვაინერს, რომელიც სამხედრო კონტრდაზვერვაში მუშაობს, და ყველაფერი ჩაუკაკლა.
— მაგისი დედა! — შეიგინა კუზნეცოვმა.
— ის ვაინერთან ანუ ილგენის ხალხთან ერთად მოქმედებს, — ლისოვსკაია წამით გაჩუმდა, — და პარტიზანებს კვალში უდგას.
— ანუ გინდათ მითხრათ, რომ კვალში თავად გენერალი ილგენი ჩამიდგა? — კუზნეცოვს ხმა აუკანკალდა.
— დიახ, პაულ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ლისოვსკაიასგან მიღებული ცნობა კუზნეცოვმა უმალ ტყეში გაგზავნა. ცოტა ხნის შემდეგ მედვედევის წინ იდო პატაკი გენერალ ილგენის მოქმედების შესახებ. მედვედევმა იხმო ლუკინი და სტეხოვი
— გამოდის, რომ ეს ილგენი გრაჩოვს კვალში ჩაუდგა? — მედვედევმა ლოყაზე ხელი გადაისვა.
სტეხოვი დუმდა. ლუკინმა ჩაახველა.
— დიახ, დიმიტრი ნიკოლაევიჩ.
— და როგორ უნდა მოვექცე გენერალს?
— რაკი ილგენი პრობლემებს გვიქმნის , აუცილებელია მისი სასწრაფოდ ლიკვიდაცია, — ჩუმად წარმოთქვა ლუკინმა.
— ცენტრის ნებართვის გარეშე? — ჩაერია სტეხოვი, — ამის გამო თავს წაგვაცლიან. აკი დარგელის ლიკვიდაცია ჩავარდა, კნუტიც ჯერჯერობით ცოცხალია, ფუნკეც. ახლა კი ეს ილგენი გამოტყვრა.
— კეთილი, — მედვედევი წამოდგა, — შევეკითხები ცენტრს. რასაც გადაწყვეტენ, ისე მოვიქცევით.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
გენერალი ილგენი უჩვეულოდ ჩაფიქრებული იყო. თავის შტაბის ოფიცრებთან საუბარში სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა. საღამოს თავის სახლში იხმო დამსჯელთა მეთაური პოლკოვნიკი პიპერი .
— ჰერ პოლკოვნიკო, — ილგენმა პაუზა გააკეთა, — მსურს ვიცოდე, როგორ მიმდინარეობს პარტიზანებთან ბრძოლა?
პიპერმა პირი დააღო და გერმანული პედანტურობით დაიწყო ჩამოთვლა. ილგენი მოთმინებით უსმენდა. როცა პოლკოვნიკმა დაამთავრა, ჰკითხა:
— გსმენიათ რაიმე პოლკოვნიკ მედვედევზე?
— დიახ, ჰერ გენერალო! ის მეთაურობს ერთ-ერთ ბანდას და აქაურობას ატერორებს.
— მედვედევი ყველაზე საშიში ბანდიტია მათ შორის, ვინც ამ არე-მარეში დაძრწის, — ჩუმად წარმოთქვა ილგენმა, — ვიცი, რომ ეს ძალზე ძნელია, მაგრამ შესძლებთ მის ცოცხლად შეპყრობას?
— ვეცდები.
— თუ მედვედევს დაიჭერთ, — გენერალმა პაუზა გააკეთა, — პირადად მექნება ბედნიერება, რომ დაწინაურება მოგილოცოთ.
— იავოლ, ჰერ გენერალო! — პიპერი წამოხტა, — ამოცანა გასაგებია. შევუდგები შესრულებას!
— ოღონდ დაიმახსოვრეთ, ჰერ პოლკოვნიკო! ეს მედვედევი მე ცოცხალი და საღ- სალამათი მჭირდება, — ილგენს სახიდან ღიმილი გაუქრა, — ის უნდა იჯდეს აი იმ სავარძელში და მე მას უნდა გავესაუბრო ფინჯანი ყავის თანხლებით.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ლისოვსკაია გენერლის სახლში გაშინაურებული იყო. ამიტომ მან ილგენისა და პიპერის მთელი საუბარი მოისმინა მალე მედვედევის წინ დაიდო პატაკი ლისოვსკაია ან აგენტი „;ლიკი“ იტყობინებოდა: გენერალ ილგენის უშუალო ბრძანებით დაიწყო მასზე და მედვედევზე ნადირობა.
— ცოცხლად შეიპყარით! — ასეთი იყი ილგენის ბრძანება.
მედვედევმა ყოველივე მოსკოვს მოახსენა.
ცენტრის პასუხი მოკლე და ლაკონური იყო: ილგენს არ გააჩნია არავითარი ბერკეტები საიმისოდ, რათა მედვედევი შეიპყროს. მართალია, როვნოში მოქმედ პარტიზანებს გენერალმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს.
— ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაგრძელდეს, — ასეთი იყო ცენტრის დირექტივა.
გეგმის მიხედვით კი ლიკვიდაციას ჯერ გერმან კნუტი, შემდეგ ე. წ. „უკრაინის უმაღლესი მსაჯული“ ალფრედ ფუნკე ექვემდებარებოდნენ.
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი
გაგრძელება იქნება
ძალიან კარგი.
ReplyDelete