ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

დევნა



იდგა 1943 წელი. ფრონტი ნელა, მაგრამ ჯიუტად უახლოვდებოდა კიევს. საბჭოთა ჯარისკაცები ჩქარობდნენ. 1943 წლის 7 ნოემბრისათვის უკრაინის დედაქალაქში წითელი დროშა უნდა აღმართულიყო. გერმან კნუტის ლიკვიდაციაც სწორედ 7 ნოებერს უნდა მომხდარიყო.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

 როვენსჩინის ოლქის სბ-ს ქვეგანყოფილების უფროსი გრომი შედგა, მიკოლა ლებედს შეხედა. ოუნ-ის ხელმძღვანელი წამოდგა, სბ-ს შეფს ხელი მაგრად ჩამოართვა. 

 შეხვედრა მივარდნილ ხუტორზე შედგა. ლებედმა ყურადღებით შეხედა. 

— არის რაიმე ახალი?

— დიახ, დრუჟე პროვიდნიკო.

ლებედს სურდა რაღაც ეთქვა. ანაზდად საიდანღაც ავტომატის ჯერი გაისმა. ტყვიებმა ლებედს და გრომს თავზე გადაუფრინა და ხმაურით კედელს მოხვდა.

— რუსები! მათი დედა,— დაიძახა ლებედმა.

ოთახში უცნობი მამაკაცი შემოვარდა. ხელში ავტომატი ეჭირა. გრომმა ელვის სისწრაფით იძრო რევოლვერი და ჩახმახს თითი გამოჰკრა.

— ბახ, ბახ!

მამაკაცმა ამოიკვნესა და დაეცა. ლებედი ელვის უსწრაფესად დაიხარა, მისი ავტომატი აიტაცა და რუსი პარტიზანების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

მიკოლა ლებედი

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ლისოვსკაია უჩვეულოდ აღელვებული გამოიყურებოდა. კუზნეცოვმა კიტელზე ღილები შეიხსნა და სკამზე დაეშვა.

— გამარჯობათ. მოგწყინდათ უჩემოდ?

— დოიჩერჰოფიდან წამოვედი!—  ლისოვსკაიას თითქოს მისი შეკითხვა არ გაუგონია,— ილგენმა შემომთავაზა მისი ეკონომი გავმხდარიყავი.

— მარია რასა იქმს?

—  ის კვლავ მუშაობს კაფეში „მხოლოდ გერმანელთათვის“ ,— ლისოვსკაიამ პაუზა გააკეთა,— დღეს საღამოს მასთან ორტელი შემოივლის.

კუზნეცოვი წამოდგა.

— მაპატიეთ, უნდა წავიდე!

ამ სიტყვებზე სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

საბჭოთა პარტიზანების თავდასხმა მოგერიებულ იქნა. ზოგი მათგანი მოკლეს, სხვები ტყვედ ჩაიგდეს. ამის შემდეგ ბანდერელები ტყვეთა დაკითხვას შეუდგნენ.

— ვინ არის თქვენი მეთაური?

— პოლკოვნიკი დიმიტრი მედვედევი.

— რა დაგავალათ მან?

— სბ-ს შეფ გრომის და მიკოლა ლებედის ცოცხლად შეპყრობა და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ლიკვიდაცია.

— საიდან იცოდა, რომ ამ ხუტორზე ერთმანეთს გრომი და ლებედი უნდა შეხვედროდნენ?

— ეგ არ ვიცით.

— რატომ სურდათ ლებედის ან გრომის ცოცხლად შეპყრობა ან ლიკვიდაცია?

— არც ეგ ვიცით...

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

სამხედრო კონტრდაზვერვის შეფთან საუბრის შემდეგ ილგენმა ყველაფერი გაანალიზა. ახლა გენერალი თავის მნიშვნელოვან თათბირებს უკვე არა შტაბში, არამედ საკუთარ სახლში ატარებდა. ილგენი გერმანული პედანტურობით კრეფდა მასალას, რომელიც ადასტურებდა ერიხ კოხისა და მის გარშემო შემოკრებილი ზურგის ვირთხების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას. მედვედევი, ეს გვარი გენერალს მოსვენებას არ აძლევდა. მაშ გამოდის, რომ კოხი რუსებთანაა შეკრული? საოცარია! მედვედევი თავისი მოქმედებით პროვოცირებას უკეთებდა უკრაინელებზე ნაცისტების დარტყმებს და ამაში ნაცისტური პარტიის ვეტერანი, ჰიტლერის ფავორიტი ერიხ კოხი ეხმარება!?

ილგენის ბრძანებით კონტრდაზვერვამ ამომწურავი ინფორმაცია შეკრიბა, რომელიც შემდეგ ილგენმა ბერლინში გადააგზავნა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

გერმან კნუტი სათავეში ედგა პიკეტაუქციონს, ანუ სტრუქტურას, რომელსაც ევალებოდა გერმანული არმიის მომარაგება თბილი ტანისამოსით. გენერალი ილგენის დანახვისთანავე კნუტმა გაოცებისაგან წარბები ასწია.

— გამარჯობათ, ჰერ გენერალო, დაბრძანდით!

ილგენმა თავის დაქნევით მადლობა გადაუხადა და დაჯდა. 

— ჰერ კნუტ!— ყრუდ წარმოთქვა გენერალმა, —  იცით, რომ თქვენი მკვლელობა მზადდება?

— რაო?—  კნუტი წამოხტა.

— დიახ, ჰერ, მზადდება თქვენი ლიკვიდაცია. ისიც ვიცით, თუ ვინ, როდის და სად აღასრულებს ამ აქციას. თქვენს შემდეგ უკრაინის უმაღლესი მსაჯულის ალფრედ ფუნკეს ჯერია. 

— და ვინ უნდა განახორციელოს ეს?—  კნუტი შეეცადა მშვიდად ელაპარაკა.

— აქცია უნდა განახორციელოს იატაკქვეშა ჯგუფმა, რომლის სათავეში დგას ვინმე ოსტაპენკო,— ილგენი წამით გაჩუმდა,—  მის გარშემო შემოკრებილია მცირერიცხოვანი, მაგრამ კარგად ორგანიზებული ჯგუფი. ახლა მიმდინარეობს უკანასკნელი მოსამზადებელი სამუშაოები.

— საშინელებაა! საშინელება! — კნუტს ხმა უკანკალებდა, — მერე რა კავშირი აქვს ამას ჰერ კოხთან?

— პირდაპირი, ჰერ, პირდაპირი! რაიხსკომისარმა იცის, რომ თქვენი და ფუნკეს ლიკვიდაცია მზადდება. 

—  ანუ,—  კნუტს სიტყვები ყელში გაეჩხირა.

— დიახ, ჰერ კნუტ! ერიხ კოხსა და რუსებს შორის ფარული ალიანსი არსებობს. 

— ანუ, ეს არამზადა კოხის აგენტია?

— ის უბრალოდ ფულს აკეთებს, ამიტომ რუსეთთან თანამშრომლობასაც არ თაკილობს. 

— გასაგებია,—  კნუტი გაოგნებული იყო,—  რას აპირებთ ახლა?

— ამიტომაც ასე თავისუფლად დანავარდობს როვნოს ქუჩებში ობერ ლეიტენანტის ფორმაში გადაცმული რუსი ბანდიტი! ამიტომაც გახშირდა ტერორისტული აფეთქებები თუ სხვა ბანდიტური აქციები!

ილგენი გაჩუმდა. თავზარდაცემული კნუტი გენერალს მისჩერებოდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ცივი ქარი ძვალ- რბილში ატანდა. კუზნეცოვი მდუმარედ შესცქეროდა, თუ როგორ გაუჩინარდა მანქანა, რომლის საჭესთანაც სტრუტინსკი იჯდა. ზიბერტმა მიმოიხედა, ღრმად ამოიოხრა და სახლის კარზე დააკაკუნა.

— პაულ!

ვალია დოვგერი საქმროს კისერზე ჩამოეკიდა. ვალიას დედამ კარი დახურა. სამივენი ოთახში შევიდნენ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

პარტიზანებს გერმანული ფორმა ეცვათ. მათ ე. წ. „პოლიცაებიც“ ახლდნენ. ისინი პოლონურად ლაპარაკობდნენ. გარეგნულად ისე ჩანდა, რომ პოლონელები იყვნენ.

—  აბა, გამოეთრიეთ გარეთ! შნელლერ! შნელლერ!

— გამოეთრიეთ, თქვენი ხოხოლი დედა!— გერმანულ გინებას პოლონურიც სდევდა.

გლეხები ქოხებიდან კონდახების ცემით გამოყარეს. ჩხაოდნენ ბავშვები, ხმამაღლა მოსთქვამდნენ დედაკაცები. პარტიზანებს არაფერი ესმოდათ. მათ მოსახლეობა სოფლის შუაგულში გაამწკრივეს.

— ეს იმის გამო, რომ განხორციელდა თავდასხმა გერმანელ ჯარისკაცებზე! 

აქციას ერთი წელში ამაყად გამართული კაცი ხელმძღვანელობდა. სოფელს ის გერმანელი ეგონა. არავის აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ეს კაცი ეთნიკური რუსი იყო და მას ბორის კრუტიკოვი ერქვა. ერთ დროს ის წითელ არმიაში მსახურობდა, შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა და ბულბელთა შორის მოხვდა . სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ სასწორმა რუსების მხარეს გადაიხარა. კრუტიკოვმაც კვლავ პატრონი გამოიცვალა. ახლა ის მედვედეველთა რიგებში აღმოჩნდა.

 მედვედევი კრუტიკოვს უნდობლად შეხვდა. საკონტროლო დავალების შესრულების შემდეგ საბრძოლო აქციის ორგანიზებაც დაავალა. კრუტიკოვს სხვა პარტიზანებთან ერთად გერმანელის ფორმა უნდა გადაეცვა და ერთ სოფელში სადამსჯელო აქცია ჩაეტარებინა. ეს უნდა ყოფილიყო შურისძიება ლებედსა და გრომზე წარუმატებელი თავდასხმის გამო.

— შნელლერ! შნელლერ!

გერმანულ ფორმაში გადაცმულ პარტიზანების ერთი ჯგუფი გლეხების დაკითხვას აწარმოებდა. შემდეგ სოფლის მთავარი მოედნის ცენტრში სახრჩობელა აღმართეს. განწირულთ მასზე იმგვარად კიდებდნენ, რომ თითის წვერები მიწას ოდნავ ეხებოდნენ. ზუსტად ისე, როგორც იმპერიის ჯალათები აკეთებდნენ ხოლმე. 

-დონერვეტერ! დონერვეტერ!

გერმანული და პოლონური ბინძური გინება ერთმანეთში აირია. ცოტაც და განწირულნი სახრჩობელაზე აფართხალდნენ. გერმანელი ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი კრუტიკოვი ყოველივეს გულგრილად ადევნებდა თვალს, ზუსტად ისე, როგოც ნაცისტი დამსჯელები აკეთებდნენ. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

საბჭოთა პარტიზანების წარმატებული თავდასხმის შემდეგ უნდა გარკვეულიყო, თუ საიდან შეიტყო მედვედევმა ლებედისა და გრომის შეხვედრის დრო და ადგილი. თუმცა მთავარი მაინც იდუმალი ობერლეიტენანტის პიროვნება იყო. გრომმა ჩაახველა:

— დავადგინე ამ კაცის გარეგნული ნიშნები: სიმაღლე 1 მეტრი და 87 სანტიმეტრი, თმების ფერი ქერა, თვალები წყლისფერი. რაიმე განსაკუთრებული ნიშანი (ხალი ან ნაიარევი) არ გააჩნია. მკერდს პირველი ხარისხის რკინის ჯვარი უმშვენებს. 

— ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ ვისზე მუშაობს ეს არამზადა?

— სავარაუდოდ სდ-ს აგენტია.

— არგუმენტი?

— ის თავისუფლად გადაადგილდება როვნოში, ქალაქში, სადაც ერთ მაცხოვრებელზე მინიმუმ ხუთი ჟანდარმი მაინც მოდის. დადის კაფე- ბარებში, რესტორნებში, ღრეობს გერმანელ ოფიცრებთან. არავის აზრადაც არ მოსდის ჰკითხოს, თუ საიდან აქვს უბრალო ობერ- ლეიტენანტს ამდენი ფული.

— რა გვარით ცხოვრობს ეს ტიპი როვნოში?— ლებედი ჩაფიქრდა.

— ეს ჯერ არ ვიცით.

— წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

— დავუშვათ ეს მართლა სდ-ს პროვოკატორია,—  ფიქრიანად წარმოთქვა ლებედმა,— ყველა პროვოკაციას თავისი მიზანი აქვს. რა მიზანს ისახავს იდუმალი ობერ- ლეიტენანტი?

—  ის უბრალო შემსრულებელია და დავალებას ასრულებს. 

 — ვის დავალებას ?

— ერიხ კოხის.

— კი, მაგრამ რა ხეირს ნახავენ აქედან?. 

— ერიხ კოხი კარგა ხანია მიხვდა, რომ ჰიტლერმა ომი წააგო, ჰოდა სახელმწიფოს ხარჯზე ჯიბეს ისქელებს. ტერაქტები, რომელიც ამ პროვოკატორმა მოაწყო, საშუალებას აძლევს კოხს ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოს, თავად კი სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრდეს.

ლებედი წამოდგა.

- იცით რა, დრუჟე? მესამე რაიხი და მისი ინტერესების ფეხებზე მკიდია! — ლებედი წამით გაჩუმდა,—  ჩემთვის მთავარია ის, რომ ობერ-ლეიტენანტის ფომაში გადაცმული ტერორისტის გამოისობით უდანაშაულო უკრაინული მოსახლეობა იღუპება. მოხუცები, ქალები, ბავშვები. ამიტომ ეს ტიპი აუცილებლად უნდა შევიპყროთ. გასაგებია?

— დიახ, დრუჟე პროვიდნიკო. 

—  ეს არამზადა საჯაროდ უნდა გავასამართლოთ. დაე, მთელმა ქვეყანამ გაიგოს, თუ რა აქტებს აწყობს ეს ნაძირალა და უკრაინელთა სისხლით ფულებს როგორ აკეთებს,— ლებედმა მუშტები მოკუმა,— ტერორისტი უნდა აუცილებლად ცოცხლად ავიყვანოთ და გავასამართლოთ.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

უპა-ს ყველა ქვეგანაყოფს, ოუნ-ის ყველა წევრს.

დადგენილია, რომ ტერაქტები როვნოში ჩადენილია გერმანელი ობერლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი ცნობილი ტერორისტის მიერ. 

ტერორისტის გარეგნული ნიშნებია:

სიმაღლე 1 მეტრი და 87 სანტიმეტრი; თვალების ფერი წყლისფერი; თმების ქერა; სიარული სწრაფი, მბრძანებლური. აცვია გერმანული არმიის ობერლეიტენანტის ფორმა. მკერდს პირველი ხარისხის რკინის ჯვარი უმშვენებს. 

როვნოში გადაადგილდება ფეხით ან ავტომანქანით. ამ დროს სხვადასხვა მარკის მანქანებს იყენებს. მანქანას მართავს მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ასევე სდ-ს აგენტია.

ტერორისტი შესანიშნავად ფლობს ყველა სახის იარაღს, ისვრის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ხელით.

გააჩნია აგენტურა როვნოში მცხოვრებ ქალებს შორის. ამ ქალების ვინაობა დაუდგენელია. ჯერ-ჯერობით ვიცით მხოლოდ ის, რომ ამ ქალების უმრავლესობა შეთავსებით მისი საყვარელია. ხშირად ღრეობს გერმანელი ოფიცრების კომპანიაში.

ოუნ-ისა და უპას ნებისმიერი წევრი მოვალეა, როგორც კი ხსენებული გარეგნობის პიროვნებას გადაეყრება, ცოცხლად შეიპყროს. თუკი ამისი საშუალება არ იქნა, დაუყოვნებლივ მოსპოს იგი ისე, რომ არ დაელოდოს რაიმე ბრძანებას. 

ოუნ-ის რეფერენტი როვენსჩინაზე გრომი.


ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

გაგრძელება იქნება

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ქარველები და ბანდერელთა მოძრაობა