ტერორისტი, რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)
ყველა ყველას წინააღმდეგ
კიევსჩინა, 1943 წლის ოქტომბერი. მზადდებოდა დახვრეტა. არმიის გენერალი ვატუტინი მას პირადად ესწრებოდა. სურდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ბრძანება შესრულდა.
— ერთი, ორი , სამი...
გადათვლა სწრაფად ხდებოდა. განწირულთ აიძულებდნენ მუხლებზე დამდგარიყვნენ. ერთ-ერთი რუსი ოფიცერი ვატუტინს მიუბრუნდა:
— ამხანაგო გენერალო, შეიძლება შეგეკითხოთ?
— მკითხეთ! — მოწყალედ დართო ნება ვატუტინმა.
— ამათ თვალები ავუხვიოთ? — ოფიცერმა განწირულებზე ანიშნა.
გენერალი ერთხანს დუმდა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა პირტიტველა ბიჭები. ისინი ჯარში უნდა გაეწვიათ. თავის დღეში ხელში იარაღი არ სჭეროდათ. შეკითხვაზე, ბრძოლაში გასვლისა თუ გშენიათო, მიუგეს: დიახ, გვეშინია! ახლა ისინი ყოველგვარი სასამართლოს და გამოძიების გარეშე უნდა დაეხვრიტათ.
— არ არის საჭირო! — ვატუტინმა თავი გააქნია, — დაე, თვალხილულნი მოკვდნენ!
ოფიცერმა თავი დაუქნია. გაიჩხაკუნა ჩახმახმა. ერთ-ერთმა განწირულმა შეჰბღავლა:
— შეგვიბრალეთ! შეგვიბრალეთ!
რაღაც საოცარი გამოსჭვიოდა ამ ხმაში. ოფიცერიც კი უნებლიეთ შეკრთა. ვატუტინი დუმდა. განწირულს სხვებიც აჰყვნენ:
— შეგვიბრალეთ! შეგვიბრალეთ!
გაიჩხაკუნა ჩახმახმა. წამიც და ყველაფერი ავტომატების ყრუ გრიალმა დაფარა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
როვენსჩინა. 1943 წლის ოქტომბერი. გერმანიის კონტრდაზვერვის მიერ ჩატარებული ოპერაცია სწრაფად დამთავრდა. იატაკქვეშეთის მეთაური ოსტაპენკო ისე აიყვანეს, რომ წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოახერხა. ის პირადად მაიორმა ვაინერმა დაკითხა.
— სახელი, გვარი?
— ოსტაპენკო მიკოლა.
— მამის სახელი?
— ჩვენ, უკრაინელები, მამის სახელს იშვიათად ვხმარობთ.
— მაშ უკრაინელი ბრძანდებით?
— დიახ.
— პატრიოტიც?
— რასაკვირველია.
— იცით, ინგლისური ანდაზა, — ვაინერმა პაუზა გააკეთა, — ეს ყველაფერი მეტისმეტად კარგია იმისათვის, რომ სიმართლე იყოს.
ოსტაპენკომ მხრები აიჩეჩა.
— არ მესმის, რა გინდათ ჩემგან?
— თქვენი დახვრეტის ოქმში ამდენ ტყუილს ვერ შევიტან, — ვაინერმა ჩაახველა.
— რაო? ღმერთმანი მე...
— აი რა, პატივცემულო, — შეაწყვეტინა ვაინერმა, — აქ სდ-კი არა, სამხედრო კონტრდაზვერვაა! ჩვენთან პატიმრებს არ აწამებენ, მაგრამ ვინც მელაკუდობს და თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, ხვრეტენ! გასაგებია?
ოსტაპენკო დუმდა.
— ახლა წახვალთ საკანში. გეძლევათ ნახევარი საათი მოსაფიქრებლად. ამ დროის გასვლის შემდეგ გადაწყდება, იცოცხლებთ თუ არა, გესმით?
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
როვენშჩინის ტყეებში ბანდერელთა შენაერთები იმყოფებოდნენ. ბანდერელმა „კალინამ“ სბ-ს რეფერენტ „გრომს“ რაღაც ანიშნა. გრომმა დაინახა ე. წ. „აღმოსავლეთის ჯარების“ რამდენიმე მებრძოლი. გრომი ცხენიდან ჩამოხტა. „კალინამ“ შეფს უმალ მიბაძა:
— გამარჯობათ! — გრომმა მებრძოლებს მიმართა, — უკრაინელები ხართ?
— ყუბანიდან გახლავართ, — გაისმა პასუხად.
-ყუბანი რა, უკრაინა არაა? — გრომმა გაიცინა, — როგორაა საქმეები? რასა იქმს გენერალი ილგენი? — ამ სიტყვებზე მებრძოლს შეხედა.
— გენერალი თავს შესანიშნავად გრძნობს, — მებრძოლმა პაუზა გააკეთა, — ახლა რუს ტერორისტს უდგას კვალში.
— რაო? რომელ ტერორისტს?
— აი იმას, ვინც გენერალი გეელი და მაიორი ვინტერი მოკლა! შემდეგ ესროლა დარგელს.
— მართლა? — გრომი გრძნობდა, გული ძალუმად როგორ აუძგერდა, — გენერალი დარწმუნებულია, რომ ეს კაცი რუსია?
— დიახ. დადგენილა, რომ ვინმე პოლკოვნიკ მედვედევის ჩეკისტური ბანდიდანაა.
— ამ კაცის გარეგნობა ვერ დაადგინეს? — გრომი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
— დაადგინეს რომელია...
მებრძოლმა კვლავ ჩაახველა. გრომმა მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. მონათხრობი ზუსტად ემთხვეოდა იმ ტერორისტის ნიშნებს, რომელზეც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გერმანელი პროვოკატორია..
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
გენერალი ვასილი ბეგმა ომამდე როვნოს საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა. ახლა პარტიზანულ შენაერთს მეთაურობდა. მედვედევი მას პირადად წარუდგა. ბეგმას დანახვაზე მედვედევს უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. გუმანმა უკარნახა, რომ ბეგმა რაღაცას მალავდა, რაღაც- რაღაცეებს ბოლომდე არ ლაპარაკობდა. მედვედევმა ჩაახველა:
— მაშ დავალებული გაქვთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაცია ჩაატაროთ?
— დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო.
— ჰმ.. არ გირჩევთ, — მედვედევმა თავი გააქნია, — ადგილობრივები ისედაც ალმაცერად გვიყურებენ. მობილიზაცია ხომ მთლად გააგიჟებთ.
— აბა რა ვქნა! ცენტრალურმა კომიტეტმა ასე გადაწყვიტა, — ბეგმამ თავი გააქნია, — მართალია, რომ თქვენი ერთ-ერთი პარტიზანი როვნოში მოქმედებს როგორც გერმანელი ოფიცერი?
— დიახ.
— შეიძლება ვნახო?
— სამწუხაროდ არა, — მედვედევმა პაუზა გააკეთა, — დავალებაზეა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის მაიორ ვაინერთან ოსტაპენკო ზუსტად ვადის ამოწურვისთანავე მიიყვანეს. გერმანელებმა ხომ დროის ყადრი კარგად იციან.
— აბა, — გაიჯგიმა ვაინერი, — აბა?
— რა გაინტერესებთ? — ოსტაპენკომ თავისი ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო.
— დავიწყოთ თავიდან. სახელი, გვარი?
— ოსტაფოვი ნიკოლაი ვასილის ძე.
— საიდან გაჩნდა გვარი ოსტაპენკო?
— ტყვეთა ბანაკში თავი უკრაინელ ოსტაპენკოდ გავასაღე. თქვენებმაც გამათავისუფლეს.
— პოლკოვნიკ მედვედევს როგორ დაუკავშირდით?
ოსტაპენკოს გაოცებისაგან თვალები შუბლზე აუცვივდა. ვაინერი ღიმებოდა:
რაკი თქვით „ა“, უნდა თქვათ „ბე“-ც.! აბა დავიწყოთ. რა იცით მედვედევზე?
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
როვნო, 1943 წლის ოქტომბერი.
ფოლკსდოიჩე ანაზდად გამოჩნდა. კუზნეცოვი უნებლიეთ შედგა. ძლივს იცნო იაკოვიაკი, რომელსაც სახე აჭარხლებოდა, ყანყრატო აუდ- ჩაუდიოდა:
— პაულ! — ჩურჩულით წარმოთქვა იაკოვიაკმა, — ოსტაპენკოსთან შესახვედრად ნუ წახვალთ, გელიან..
— რაო?
— დიახ, გელიან. აი ისინი, ილგენის ხალხი სამხედრო კონტრდაზვერვიდან..
კუზნეცოვი ელდანაცემივით იდგა. იაკოვიაკმა სახელოში ჩაავლო ხელი.
— წავედით?
— საით? — რუსი ის-ის იყო გონს მოდიოდა.
— ჩემთან. იქ საშიშროება არ მოგელით. წავედით..
ამ სიტყვებზე შეტრიალდა და მოსახვევისკენ ლამის სირბილით წავიდა. კუზნეცოვი მაშინალურად მიჰყვა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ბანდერელ გრომს აღელვებისაგან ხმა უთრთოდა. როცა დაამთავრა, არაყი დაისხა და სულმოუთქმელად გადაჰკრა. ლებედი ჩუმად იჯდა. სახე ჩაფიქრებული ჰქონდა
— მაშ ასე, — ლებედმა პაუზა გააკეთა, — გამოდის, რომ მოუხელთებელი ტერორისტი რუსი შპიონია?
— გერმანელთა კონტრდაზვერვა ფიქრობს, რომ ის ტერორისტია და არა შპიონი.
— ეთანხმებით?
— იმაში, რომ ტერორისტია, მთლიანად ვეთანხმები.
— კონკრეტულად რაში არ ეთანხმებით?
— ეჭვი მეპარება, რომ რუსებზე მუშაობს.
— რატომ?
გრომი ერთხანს დუმდა. შემდეგ არაყი დაისხა, მოსვა.
— ეს საკითხი საგანგებო შესწავლას საჭიროებს, — ყრუდ წარმოთქვა მან, — რიგი ფაქტორები უდიდეს ეჭვს აღძრავენ.
— კონკრეტულად?
— ინფორმაცია ამ ტერორისტზე გენერალ ილგენის ადიუტანტმა მეშჩერიაკოვმა მომცა. ბევრი არაფერი იცის, რადანაც ილგენი მას ბოლომდე არ ენდობა. უკანასკნელ ხანს გენერალი თათბირებს შინ ვიწრო წრეში მართავს. მეშჩერიაკოვმა მხოლოდ ის იცის, რომ გენერალმა პირადად დაავალა პოლკოვნიკ პიპერს, რომ მედვედევი ცოცხლად შეიპყროს.
— მაინცა და მაინც ცოცხალი მედვედევი სჭირდება?
— დიახ, დრუჟე პროვიდნიკო.
— ჰმ... და რას აპირებთ ახლა?!
-შევეცდები ყველაფერი ბოლომდე გავარკვიო.
გრომის ხმა მტკიცედ ჟღერდა. ლებედი უნებლიეთ შეკრთა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
კუზნეცოვმა თვალები გაახილა. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე იდგა. უნებლიეთ ტანს გასცრა. წამოდგა, მიმოიხედა. ახლაღა აღიქვა, რომ ფოლკსდოიჩე ვლადისლავ იასკოვიაკის სახლში იყო. გრაფინიდან წყალი დაისხა და სულმოუთქმელად შესვა.
— ესეც ასე..
პირი უმალ დაიბანა, ჩაიცვა. ავი წინათგრძნობა გუშინდელიდან აეკვიატა და გულს უღრღნიდა. ანაზდად კარი გაიღო და ოთახში იასკოვიაკი შემოვიდა.
— გაიგეთ, პაულ?
კუზნეცოვი დუმდა. იასკოვიაკმა სკამზე ანიშნა. კუზნეცოვი დაჯდა. ფოლკსდოიჩე მის პირდაპირ მოკალათდა.
— როვნოში ახალი ამბებია, — ყრუდ წარმოთქვა მან, — თანაც არც თუ სასიამოვნო.
— მოხდა რაიმე? — კუზნეცოვს ხმა აუკანკალდა.
— კონტრდაზვერვამ ვინმე ოსტაპენკო აიყვანა. აღმოჩნდა, რომ რუსებზე მუშაობდა და ერთ-ერთ იატაკქვეშა ჯგუფს ედგა სათავეში. სწორედ ოსტაპენკო ამზადებდა გერმან კნუტის ლიკვიდაციას.
კუზნეცოვი დუმდა.
— თქვენ მასთან შესახვედრად მიიჩქაროდით. ასეა ხომ, პაულ?!
კუზნეცოვი დუმდა.
— თქვენ არ მენდობით, — იასკოვიაკს სახიდან ღიმილი გაუქრა, — რატომ?
— მგონი ცხადია, რატომაც, — კუზნეცოვი ცდილობდა მშვიდად ელაპარაკა.
— ცხადი სულაც არაა, — იასკოვიაკმა პაუზა გააკეთა, — გერმანიამ ომი წააგო. მე მართალია, ფოლკსდოიჩე ვარ, მაგრამ „ფატერლანდში“ არავის ვჭირდები. ეს ერთი. მეორე: გაურკვეველია, როგორი იქნება ომის შემდგომი გერმანია. არ გამოვრიცხავ, რომ ნაცისტები კანონგარეშედ გამოაცხადონ. ამ შემთხვევაში მეც დამნაშავეთა სკამზე აღმოვჩნდები , როგორც ფოლკსდოიჩე და ნაცისტების დამქაში. ასეთ იარლიყს მომაწებებენ, ან გამასამართლებენ, გამიგეთ?
— ვერა.
— ჩემი სახლი აქაა, პაულ! ჩემი შემდგომი ცხოვრებაც როვნოში გაგრძელდება! აქ რუსები მოვლენ და დამიფასებენ, რომ რუს სპეცაგენტს ვეხმარები. ასეა?
იასკოვიაკს სახიდან ღიმილი გაუქრა, კუზნეცოვს გამომცდელი მზერით შესცქეროდა.
— დახ, ასეა, — კუზნეცოვმა თავის ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო.
-თუმცა თქვენს ინტერესებშია, რომ ასე იყოს, — იასკოვიაკმა თითები ერთმანეთს გადააჭდო, — თქვენი და თქვენი შეფის პოლკოვნიკ მედვედევის ინტერსებში. გამიგეთ?
— დიახ.
-ახლა ვისაუზმოთ, — თითქმის მხიარულად წარმოთქვა იასკოვიაკმა, — შემდეგ ავწონ- დავწონოთ ვითარება. ვალიასთან მისვლას არ გირჩევთ. მას ამ იდიოტმა ჰეტელმა დაადგა თვალი. მგონი თქვენ გიკირკიტებთ. იქნებ ლისოვსკაიასთან წასულიყავით? შემდეგ კი ტყეში მედვედევთან. ქალაქიდან გაღწევაში ამჯერადაც დაგეხმარებით. გასაგებია?
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
კაპიტან ოლენდორფისა და გენერალ ბეგმას შეხვედრა კონსპირაციის წესების სრული დაცვით მივარდნილ ხუტორზე შედგა. კაპიტანი აშკარად ნერვიულობდა. ეს ლაპარაკზე ეტყობოდა, ენა ებმოდა, ლოყა ნერვიულად უხტოდა. ოლენდორფმა არ შეაწყვეტინა. როცა ბეგმა დაამთავრა, ჰკითხა:
— ამ მედვედევს პირადად შეხვდით?
— დიახ, ბატონო კაპიტანო.
— მანაც დაგიდასტურათ, რომ მისი ერთ-ერთი პარტიზანი როვნოში მოქმედებს როგორც გერმანელი ოფიცერი?
— დიახ.
— ამ ტიპის გარეგნული ნიშნები არ დაუსახელებია?
— არა, — ბეგმა შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, — მეც შემეშინდა რომ ზედმეტი ცნობისმოყვარეობით მის ყურადღება არ მიმექცია.
— სწორად მოქცეულხართ.
ოლენდორფმა გაიცინა და მხარზე ხელი მოუთათუნა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
როვნოში დაბრუნებულმა ოლენდორფმა ყველაფერი მაიორ ვაინერს მოახსენა, ამ უკანასკნელმა კი სამხედრო კონტრდაზვერვის შეფს. წამით სიჩუმე ჩამოვარდა:
— მაშ ბეგმა მხოლოდ იმისი დადგენა შესძლო, რომ ეს იდუმალი ტერორისტი მედვედევის ბოევიკია?
— დიახ, ჰერ.
— ცოტაა.
— დადგინდა ისიც, რომ ეს ტერორისტი გერმან კნუტის ლიკვიდაციას ამზადებდა. ამაში მას ოსტაპენკო უნდა დახმარებოდა. ეს ტიპი კი როვნოში კონსპირაციულ ჯგუფს უდგას სათავეში და პირდაპირი კავშირი აქვს ამ მედვედევთან.
— თქვენი აზრით, მედვედევი მას ენდობა? აკი ოსტაპენკო- ოსტაფოვი ყოფილი ტყვეა?
— მას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, — ფიცხლად შეეპასუხა ვაინერი, — ჩვენ მირიუშენკოს და ნოვაკის ჯგუფები გავანადგურეთ. რჩება ოსტაპენკო, ან იგივე ოსტაფოვი. კნუტსაც ანგარიში სწორედ მათ უნდა გაუსწორონ.
— რატომა ხართ ამაში ასე დარწმუნებული?
— ოსტაფოვი ჩვენზე მუშაობას დათანხმდა. ეს ერთი. მეორე: მედვედევის ემისრებთან კონტაქტზე უკვე გამოვიდნენ. ცნობილია დრო და ადგილი, როცა კნუტზე თავდასხმა მოხდება. დარწმუნებული ვარ, უკანასკნელ წამს ის მოუხელთებელი ტერორისტიც გამოჩნდება.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ლისოვსკაიას სახლში ანაზდად გამოცხადდა მაიორი ჰეტელი და პაულ ზიბერტს პირისპირ შეეჩეხა. ზიბერტი აშკარად შეცბუნდა, ჰეტელი კი იღიმებოდა. ლისოვსკაია უჩვეულოდ აღელვებული იყო.
— გამარჯობათ, ჰერ ობერ-ლეიტენანტო! რამდენადაც ვხვდები, პაულ ზიბერტი გქვიათ, არა? — მიესალმა დამხვდურებს ჰეტელი.
— დიახ ჰერ მაიორო, — კუზნეცოვმა თავისი ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო, — მაპატიეთ, მაგრამ საიდან მიცნობთ?
— ობერ- ლეიტენანტი პაულ ვილჰელმ ზიბერტი როვნოში ფრიად ცნობილი პიროვნებაა, — ჰეტელი იღიმებოდა, — აღმოსავლეთის ფრონტის გმირი, მომხიბლავი ფროილაინის ვალენტინა დოვგერის საქმრო! განა შეიძლება, რომ ასეთ კაცს არ ვიცნობდე?
ლისოვსკაიამ სუფრა გააწყო. ქალს სახე გაფითრებოდა, ხელები ოდნავ უკანკალებდა. მიუხედავად ამისა, მამაკაცს ღიმილით მოუხადა ბოდიში და ოთახიდან გავიდა. ჰეტელმა კონიაკი ჩამოასხა:
— აბა, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!
— გაცნობას? — კუზნეცოვს ნერვები დაჭიმვაზე ჰქონდა, — რამდენადაც ვხვდები, შორიდან უკვე მიცნობთ და ძალიან კარგადაც.
— დიახ, ასეა.
— მართლა?
— თქვენი ნაწილი აღმოსავლეთ ფრონტზე კურსკთან იბრძოდა, ასეა? — ჰეტელს გაუქრა სახიდან ღიმილი, — რუსებმა ის მთლიანად გაანადგურეს, თუმცა ზოგიერთი ჯარისკაცი გადარჩა. მათ თქვენი ფოტო ვუჩვენე, მაგრამ ვერ გიცნეს.
კუზნეცოვს სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ პირიდან მხოლოდ ხავილი აღმოხდა.
— ობერ-ლეიტენანტი ზიბერტი თქვენს ნაწილში მართლაც ირიცხებოდა, — განაგრძო ჰეტელმა, — ის ბრძოლაში დაიღუპა, თქვენ კი თავს ზიბერტად ასაღებთ.
— ჰერ მაიორო!
კუზნეცოვმა სცადა აღშფოთება გაეთამაშა, მაგრამ არ გამოუვიდა. ჰეტელმა კონიაკი მოსვა.
— ამას გარდა კიონიგსბერგში თქვენი ზოგიერთი მეგობარი მოვძებნე. მათ შორის ისინიც, ვინც თქვენთან ერთად სკოლაში სწავლობდა, — ჰეტელმა თავი გააქნია, — პაულ ზიბერტს ისინი ძალიან კარგად იცნობდნენ, აი თქვენ კი ვერ ამოგიცნეს. სხვათა შორის, გირჩევთ, ხელები მაგიდაზე გეწყოთ და სისულელეები არ ჩაიდინოთ! ვისვრი გაუფრთხილებლად, გასაგებია?
კუზნეცოვს ოფლმა დაასხა. ყანყრატო აუდ- ჩაუდიოდა. ჰეტელი წამოდგა.
— წავედით!
— სად?
— სამხედრო კონტრდაზვერვის შენობა აქვე ახლოსაა, — გერმანელი აშკარად ტკბებოდა, — ნიძლავს ჩამოვალ, სწრაფად აჭიკჭიკდებით. გაუტეხელი ადამიანები არ არსებობენ. არიან კარგი და ცუდი გამომძიებლები. კარგი გაგტეხს, ცუდი ვერა. ჩვენ კი საუკეთესო სპეციალისტები გვყავს!
ამ სიტყვებზე წამოდგა, კარისაკენ გაემართა. კუზნეცოვი უკან მიყვა.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
სიგრილე კუზნეცოვს სახეში მოხვდა. ახლაღა აღიქვა, რომ ხაფანგი ჩაიკეტა. გამოსავალი არსადაა. ჰეტელი ჩუმად მოაბიჯებდა, თან კუზნეცოვს თვალს არ აშორებდა.
ანაზდად კუთხიდან მანქანა გამოხტა. გაისმა მუხრუჭების ღრჭიალი. კუზნეცოვმა დაინახა მამაკაცი, რომელსაც ხელში ავტომატი ეჭირა:
— ტა-ტა--ტა!
ტყვიებით მოცელილი ჰეტელი დაეცა. კუზნეცოვმა ახლაღა აღიქვა, რომ ავტომატიანი მამაკაცი იან კამინსკი იყო.
მანქანა კი ანაზდად მოსწყდა ადგილს და გაუჩინარდა.
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირს წევრი
გაგრძელება იქნება
ძალიან კარგი სტატიაა.
ReplyDeleteმეც მომეწონა.
ReplyDelete