ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)
ჯოჯოხეთური თამაში
იდგა 1943 წლის შემოდგომა.
საბჭოთა არმია უკრაინის დედაქალაქს უახლოვდებოდა. რუსული ქვემეხების ქუხილი უკვე ხრესჩატიკზე ისმოდა. მტრის ზურგში კი პარტიზანების მოქმედება არ წყდებოდა. ბანდერელები გერმანელებს დარტყმას- დარტყმაზე აყენებდნენ. მთელი 1943 წელის განმავლობაში ისინი განუწყვეტლივ ებრძოდნენ ჰიტლერელებს.
ბანდერელთა პარალელურად გერმანელთა ზურგში საბჭოთა პარტიზანებიც მოქმედებდნენ. კოვპაკის, ფიოდოროვის, საბუროვის თუ სხვათა რაზმები გააქტიურდნენ. აქტიურად მოქმედებდა მედვედევის რაზმიც.
ოპერაცია „დარის“ შემდეგ მედვედევი ამზადებდა კიდევ ერთი ნაცისტი ბობოლას გერმან კნუტის ლიკვიდაციას. ყველაფერი კეთდებოდა საიმისოდ, რომ ამას მოჰყოლოდა უკრაინელთა გენოციდის ახალი ტალღა.
ბრძოლა კიევისათვის
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
„გუშინ საბჭოთა დიქტატორმა სტალინმა უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერი სტეპან ბანდერა მიიღო. დაიდო შეთანხმება. შედეგად ბანდერამ საბჭოთა ხელისუფლება აღიარა. სტალინის ბრძანებით ოუნ-ის ლიდერი უკრაინის საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში შეიყვანეს.
მოსკოვი ოუნ-ის საქმიანობას მთლიანად აკონტროლებს. ბანდერელთა ე. წ. „უპა“ კი წითელი არმიის დირექტივებს ასრულებს.“
გენერალმა ილგენმა უკრაინულ ენაზე გამომავალი ფაშისტური გაზეთი მაგიდაზე დააგდო და ჰანკეს შეხედა:
— ამ სისულელით გინდათ უკრაინელთა გულის მონადირება?
— ამ ხალხთან ადამიანურად ლაპარაკი შეუძლებელია, — ჰანკემ თავი დახარა, — ასეთ დროს მათ ჰგონიათ, რომ სულელი ხარ და თავზე დაგაჯდებიან!
— რუსები კიევს უახლოვდებიან! — დაიყვირა ილგენმა , — თქვენ კი თქვენი იდიოტური მოქმედებებით მთელი უკრაინელი ერი აიმხედრეთ!
— უკრაინელი ერი? — ჰანკემ დამცინავად გაიღიმა, — მაპატიეთ, ჰერ გენერალო, მაგრამ ასეთი ფენომენი არ არსებობს!
— ახლა დისკუსიების დრო არაა, — ილგენი ცდილობდა თავი შეეკავებინა, — უკრაინელებისათვის რუსების გამარჯვება მიუღებელია. თქვენ კი პოტენციური მოკავშირე მტრად მოიკიდეთ!
— მოკავშირე? — ჰანკემ თავი გააქნია, — მაპატიეთ, ჰერ გენერალო, მაგრამ მოკავშირეები ტერაქტებს არ გვიწყობენ. ეს ბანდერელები კი არაფერს არ თაკილობენ! მოკლეს ბრიგადენფიურერი ლუცე, გენერალი გეელი, მაიორი ვინტერი! განხორციელდა თავდასხმები დარგელზე. საწყალი ძლივს გადარჩა!
— დარწმუნებული ხართ, რომ დარგელზე თავდასხმები ბანდერელთა ნახელავია?
— რასაკვირველია.
— წარმომიდგინეთ მტკიცებულებანი, რომ ობერ ლეიტენანტის ფორმაში გადაცმული ტერორისტი ბანდერელია!
— ფაქტები საკმაოზე მეტია! — ჰანკემ პაუზა გააკეთა, — რად ღირს თუნდაც ის, რომ დანაშაულის ადგილზე ბანდერელის საწევრო ბლანკი აღმოჩნდა.
— მე კი მაქვს მონაცემები, რომ ეს რუსების პროვოკაციაა! — ჩუმად წარმოთქვა ილგენმა, — ცოტა ხანი და ნივთმტკიცებულებებსაც წარმოგიდგენთ. ოღონდ დაფიქრდით, შტურმბანდფიურერო, შესაძლოა შეცდომებისათვის მკაცრად მოგთხოვონ . ახლა ხომ ომია და გერმანიის ბედი წყდება, გესმით?!
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მიწურში სინესტე და სიცივე იყო. მედვედევი დუმდა კუზნეცოვი შეფს სახეში დაძაბული შეჰყურებდა. მაშ ასე... მზადდება გერმან კნუტის ლიკვიდაცია. გათვლა კვლავ გერმანულ პუნქტუალობაზეა. უკვე დაკომპლექტებულია დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც კნუტს გაუსწორდება. მას კუზნეცოვი ჩაუდგება სათავეში.
მედვედევი შეიშმუშნა.
— ნიკოლაი ვასილევიჩ! — ყრუდ წარმოთქვა მან, — — მარია მიკოტას ერთი საინტერესო პირი გაეცნო. მას ფონ ორტელი ჰქვია.
კუზნეცოვი დუმდა.
— თქვენი ამოცანაა დაადგინოთ, ვინაა ეს ორტელი და რა ფუნქციებს ასრულებს ის როვნოში, გასაგებია? პარალელურად კი კნუტის ლიკვიდაციის ოპერაციაც მოამზადეთ.
— უკვე თითქმის ყველაფერი მზადაა, — კუზნეცოვს ხმა უკანკალებდა.
-ძალიან კარგი! მაშ ხვალ როვნოში გაემგზავრებით და ამ ორტელზე ყველაფერს გაარკვევთ. პარალელურად კი კნუტის ლიკვიდაციას მოამზადებთ. გასაგებია? ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ილგენისა და ლებედის შეხვედრა მივარდნილ ხუტორზე შედგა. ილგენმა მეავტომატეები იმგვარად განალაგა, რომ ყოველგვარი სიურპრიზი გამოირიცხა. ლებედიც არ იყო ახალბედა. მანაც მიიღო ზომები. ახლა გერმანელებისაგან ნებისმიერი სიურპრიზი შეუძლებელი იყო.
მხარეებმა ერთმანეთს ცივად ჩამოართვეს ხელი. ლებედმა გენერალი დასაჯდომად მიიწვია. ამით მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თავად იყო აქაურობის ბატონ- პატრონი. ილგენი მოიღუშა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გენერალი დაჯდა, თანამოსაუბრეს შეხედა. ლებედი თავაზიანად, მაგრამ ცივად იღიმებოდა. ლებედი გენერალს დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით მიესალმა. ილგენი სულ უფრო იღუშებოდა. ეტყობოდა, რომ ბანდერელის სიტყვები მომლაპარაკებელი მხარის შესახებ ძალიან არ სიამოვნებდა.
— რუსები კიევს უახლოვდებიან, — ყრუდ წარმოთქვა ილგენმა, — ვითარება სულ- უფრო იძაბება!
— კიევს სავარაუდოდ ვერ შეინარჩუნებთ, — ლებედმა ამ სიტყვას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
— რა ბრძანეთ?
— ჰერ გენერალო! კიევი უკრაინის დედაქალაქია. როგორც თქვენ, ისე რუსები აქ ოკუპანტები ხართ!
— მოდით, პოლიტიკის გარეშე ! კარგი?!
— კეთილი, — მიკოლა ლებედმა თავი თავაზიანად დახარა, — რა გნებავთ?
— ახლა პოლიტიკის დრო არაა! უნდა შევაკავოთ რუსები, გადავარჩინოთ ევროპა...
— მერე ეს რას მოგვცემს?
მაპატიეთ, ვერ გავიგე..
— მე ჯერ უკრაინის დამოუკიდებლობა მაინტერესებს, ევროპა შემდეგ...
— რაო?
— აღიარებს თუ არა გერმანია უკრაინის დამოუკიდებლობას?
— აკი გითხარით, რომ პოლიტიკური საკითხების განხილვა...
— ჩვენი ლიდერები ბანდერა, სტეცკო და სხვები საკონცენტრაციო ბანაკებში სხედან. მზადაა თუ არა გერმანია ისინი გაათავისუფლოს?
— ისევ პოლიტიკას უბრუნდებით?!
— ჩემი ცოლ-შვილი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფება . მზადა ხართ თუ არა, რომ ისინი გაათავისუფლოთ?
— მგონი გასაგებად აგიხსენით: უფლებამოსილი არა ვარ, რომ პოლიტიკური საკითხები განვიხილო.
— მაშ ჩვენი საუბარი უნაყოფოა, — ლებედი ფეხზე წამოდგა ნიშნად იმისა, რომ მოლაპარაკება დამთავრდა.
ილგენი ერთ ხანს ჩუმად იჯდა. შემდეგ ასევე ნელ- ნელა წამოდგა, თანამოსაუბრეს თავი დაუკრა და ოთახიან გავიდა .
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
ვლადისლავ იასკოვიაკი ფოლკსდოიჩე, ერიხ კოხის ნდობით აღჭურვილი პირი და მედვედევის აგენტი იყო. კუზნეცოვის კონტაქტები ერიხ კოხთან სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდებოდა. მაქსი — ასეთი იყო იასკოვიაკის აგენტურული მეტსახელი. კუზნეცოვმაც მას მიაკითხა:
— ვინ არის ფონ ორტელი? — შეეკითხა „კოლონისტი“.
— სდ-ს ოფიცერი, შტურმბანდფიურერი.
— მეტს არაფერს მეტყვით?!
— როვნოში ის ხელმძღვანელობს დივერსანტების მოსამზადებელ ცენტრს, აქ ამზადებენ აგენტებს, შემდეგ კი საბჭოთა ზურგში აგზავნიან.
— აგენტებს ვისგან არჩევენ?
— ძირითადად ყოფილი სამხედრო ტყვეებისაგან, — იასკოვიაკი წამით გაჩუმდა, — ორიოდ დღის წინ ორტელმა რუსების ზურგში ორი მსტოვარი გადაისროლა. მათ გენერალ ზეიდლიც-კურცბახის ლიკვიდაცია ჰქონდათ დავალებული.
— ვინ არიან ეს აგენტები?
— არ ვიცი.
— როდის უნდა შედგეს ტერაქტი გენერალ ზეიდლიც-კურცბახზე?
— არც ეგ ვიცი.
— აბა რა იცი, — დაიყვირა კუზნეცოვმა.
— ის, რომ ორტელს როვნოს სდ-ს ოფიცრებისაგან განცალკევებით უჭირავს თავი. მას პირდაპირი კავშირი აქვს ბერლინთან, კერძოდ შელენბერგთან.
— ორტელი როვნოში ვის დაქვედებარებაშია?
— არავისი. მას უშუალოდ ბერლინიდან ხელმძღვანელობენ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
დამსჯელები სოფელში გამთენიისას შევიდნენ. მაცხოვრებლები გინებითა და კონდახის ცემით სახლებიდან გამოყარეს. პოლკოვნიკი პიპერი ჩუმად იდგა. სახეზე ერთი ნაკვთიც არ შეტოკებია.
— აინ, ცვაი, დრაი..
ჯარისკაცები ხმამაღლა ითვლიდნენ. ირგვლივ საშინელი გნიასი იდგა. აღმართეს სახრჩობელა. მალე მასზე პირველი განწირულები ჩამოკიდეს.
— ოჰ, თქვე უღმერთოებო, გაჰკიოდნენ დედაკაცები, — თქვენი სინსილა გაწყდა!
პიპერს თითქოს არაფერი ესმოდა. მშვიდად ადევნებდა თვალს, რომ მსხვერპლი სახრჩობელაზე იმგვარად ჩამოეკიდათ, რომ ფეხის წვერები მიწას შეხებოდნენ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
რაზმში დაბრუნებულმა კუზნეცოვმა ყოველივე მოახსენა მედვედევს. მეთაურმა წარბი შეიკრა:
— მეტისმეტად ზოგადი ინფორმაციაა! ხომ არ გეჩვენებათ, რომ სოფლელი ბიჭუნას წერილს მოგვაგონებს? ის წერდა: ვუგზავნი სოფელში ბაბუას, კონსტანტინე მაკარიჩს.
კუზნეცოვი დუმდა.
— კნუტის ლიკვიდაციის საქმე როგორაა? — შეეკითხა მედვედევი.
— ყველაფერი მზადაა.
— მაშ, მიხედეთ საქმეს, — მედვედევმა პაუზა გააკეთა, — განსაკუთრებით ამ ორტელს, გასაგებია?!
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ბანდერელთა რაზმი მოულოდნელად გამოჩნდა. გერმანელებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ალყაში აღმოჩნდნენ.
— იარაღი დაყარეთ! ჩქარა! შნელლერ! შნელლერ!
ნაცისტები წამში განაიარაღეს. შემდეგ ბანდერელებმა საპატიმროს კარი გააღეს და პატიმრები გაათავისუფლეს.
— ძმებო! გამოდით, გამოდით!
თვალცრემლიანი პატიმრები ბანდერელებს მადლობას უხდიდნენ. უპა-ს მეთაურმა რეზუმმა ხალხს მიმართა:
— უკრაინის გათავისუფლების უმაღლესი საბჭოს სახელით ვაცხადებ: თქვენი ქალაქის ტერიტორიაზე ნაცისტური ხელისუფლება გაუქმებულია! ასევე გაუქმებულია ყველა გადასახადი, რაც ჰიტლერელებმა დააწესეს!
— ღმერთო ჩემო! — გაისმა აქეთ-იქიდან, — მგონი გვეშველა!
— ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია შემოგვიერთდეს, — განაგრძობდა რეზუნი, — ვისაც არა, შინ დაბრუნდება და ოჯახს მიხედავს.
— უპაში ყველანი წამოვალთ! — დაიძახა წვეროსანმა მამაკაცმა, — ყველანი! სიკვდილი სტალინს ! სიკვდილი ჰიტლერს!
— მართალია! — გაისმა აქეთ- იქიდან.
მოხალისეების ჩაწერა იქვე დაიწყო.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ოთახში სამნი ისხდნენ: კუზნეცოვი, ლისოვსკაია და მარია მიკოტა. კუზნეცოვმა თითები ერთმანეთს გადააჭდო. ლისოვსკაიამ სახეზე ხელი გადაისვა, ჩაფიქრდა.
— გენერალი ილგენი ჩემთან დამეგობრებას ლამობს, — ჩუმად წარმოთქვა ქალმა, — ის კი ანტი-პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია!
— მერე დაუმეგობრდით, — ფიცხლად მიუგო კუზნეცოვმა, — ცუდი არ იქნება, თუ ფონ ორტელიც თქვენი მეგობარი გახდება!
-ის მე მეარშიყება, — ჩაერია მარია მიკოტა.
— შესანიშნავია, — კუზნეცოვმა ტაში შემოჰკრა, — ყოველი შეხვედრის შესახებ კი პატაკს ჩამაბარებთ.
— ხომ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ორტელს ლოგინში ჩავუწვე? — გესლიანად შეეკითხა მიკოტა.
— თუ ასე მოხდება, მთლად იდეალური იქნება, — კუზნეცოვმა გაიცინა.
ყველანი გაჩუმდნენ.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
სდ-ს ოფიცრის ჰანკეს დარტყმა მოულოდნელი იყო. მან აღმოსავლეთის ჯარებში ბანდერელთა აგენტურა აღმოაჩინა. ეს რუსი კაზაკების მეშვეობით მოხდა . ილგენი ბრაზისაგან ადგილს ვერ პოულობდა.
— ეს სიმდაბლეა! — გენერალმა მაგიდას მუშტი დაარტყა.
სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსმა თავი დაუქნია, გენერალს შეხედა და დაფიქრებით წარმოთქვა:
— ბანდერელებთან ბრძოლა დღეს, როცა რუსები უკვე კიევს უახლოვდებიან, როცა როვნოში ტერორისტები გააქტიურდნენ, — კონტრდაზვერვის შეფმა თავი გააქნია.
— ჰანკე ნაცისტია! დაიყვირა გენერალმა, — ის იდეებითაა გაბრუებული! ამიტომ მტერსა და მოყვარეს ვერ არჩევს. მისმინეთ, აი რა მინდა გთხრათ.
გენერალი გაჩუმდა. კონტრდაზვერვის შეფს მიაჩერდა.
— რაც შეიძლება სწრაფად და უხმაუროდ შეამოწმეთ ყველა, ვინც ე. წ. „ბანდერელი ტერორისტები“ ამხილა! შეაგროვეთ დაწვრილებითი ინფორმაცია მათზე, ვინც ამტკიცებს, რომ ობერ- ლეიტენანტის ფორმაში გადაცმული პიროვნება ბანდერელია!
— თქვენ ამას არ ეთანხმებით?
— რასაკვირველია, არა! — გენერალმა ჰაერი ხელით ენერგიულად გააპო, — ეს კაცი რუსი სპეცაგენტია. მეტიც, ის იმ ბანდიდანაა, რომელსაც პოლკოვნიკი მედვედევი ხელმძღვანელობს!
— გეთანხმებით, — ფრთხილად წარმოთქვა კონტრდაზვერვის შეფმა, — თუმცა სადაა დამამტკიცებელი საბუთი?
— უნდა მოვიპოვოთ და რაც შეიძლება სწრაფად! — ილგენი წამოხტა.
— ჰერ გენერალო, — კონტრდაზვერვის შეფმა პაუზა გააკეთა, — ჩვენს მიერ დადგენილია რამდენიმე პიროვნება, რომელთა სახლებშიც სავარაუდოდ თავს აფარებს ობერ ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი ტერორისტი.
— რაო?
— საბუთები, რაც გაგვაჩნია, საფუძველს იძლევიან დავასკვნათ, რომ როვნოში კიდევ ერთი ტერაქტი იგეგმება. ამჯერად რუსები გერმან კნუტის ლიკვიდაციას აპირებენ.
კონტრდაზვერვის შეფი გაჩუმდა. ილგენმა ჩაახველა:
— თქვენთვის ცნობილია, ვინ და როდის აპირებს კნუტზე თავდასხმას?
— დიახ, ჰერ გენერალო, თავდასხმის დრო და ადგილი ცნობილია.
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი
გაგრძელება იქნება
Comments
Post a Comment