ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

 


 

ოპერაცია „დარი“


 დარგელი

1943 წლის აგვისტოს ბოლოსათვის ოკუპირებულ უკრაინაში ფრიად საინტერესო მდგომარეობა შეიქმნა.

უკრაინელები, რომლებიც თავდაპირველად გერმანელებს სავსებით მეგობრულად შეხვდნენ, ცოტა ხანში პარტიზანებად გადაიქცნენ. ანტი- გერმანულ მოძრაობაში ნაციონალისტები აშკარად დომინირებდნენ. 1943 წლისათვის უპა-ს რაოდენობამ უკვე 300. 000 ადამიანს მიაღწია. მის შეიარაღებაში იყო ტანკები, ქვემეხები, ნაღმმტყორცნები. 1943 წლის შემოდგომისათვის უპა უკვე უკრაინის ტერიტორიის ერთ მესამედს აკონტროლებდა. რაც შეეხება საბჭოთა პარტიზანებს, მათი რაოდენობა 44. 000 არ აღემატებოდა. ის უპა-ს ბევრად ჩამორჩებოდა.

ფრონტზე ვითარება გერმანელთათვის სავალალოდ შეიცვალა. საბჭოთა არმია კიევს უახლოვდებოდა. მოსკოვში იმდენად არა ვერმახტი, არამედ უპა აშფოთებდათ. მოსკოვშიც შეიმუშავეს სპეც-ოპერაცია გერმანელთა ზურგის დესტაბილიზაციისა და უკრაინელებზე დარტყმის მიყენების მიზნით. ამ სქემაში უდიდესი როლი ენიჭებოდა კოხის მიადგილე პაულ დარგელზე თავდასხმას. ოპერაციის კოდური სახელი იყო „დარი“.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

დარგელის ლიკვიდაციის ოპერაციას უშუალოდ მედვედევი ხელმძღვანელობდა. ჩატარდა უდიდესი სამუშაო. დეტალურად შესწავლილ იქნა როგორც თავად დარგელის დღის რეჟიმი, ასევე საერთოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება.

 ერიხ კოხის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც სამხედროები, ასევე მისი მოადგილეებიც: დარგელი, კნუტი, ფუნკე. ამ უკანასკნელთ კოხის სავარძელი სურდათ. რაც შეეხება სამხედროებს, ისინი კოხს ბრალს დებდნენ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და კორუფციაში.

 — ის, რომ უკრაინელები გერმანიის წინააღმდეგ აღსდგნენ, მხოლოდ ერიხ კოხის უპასუხისმგებლო მოქმედებების შედეგია!

ამ დროს ხდება ფრიად საინტერესო მოვლენა: სცენაზე გამოდის გერმანელი გენერალი ილგენი, რომელმაც შემდგომი მოვლენების განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. 

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

საბჭოთა წყაროებში ილგენს მოიხსენიებენ წინსართით „ფონ.“ ეს არ არის სწორი. ილგენი აზნაური არ ყოფილა. ის უბრალო ოჯახში გაიზარდა და გენერლობას მიაღწია.

მაქს ილგენი დაიბადა ყასბის ოჯახში (1894 წ. კენიგსბერგი). ის მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. შემდეგ მუშაობდა პოლიციაში. 1936 წელს არმიაში დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ფრონტზე იყო. ილგენი გაბედული კაცი იყო, ამიტომ გაბედულად აკრიტიკებდა ჰიტლერს და აცხადებდა, რომ ფიურერი სამხედრო საქმეში დილეტანტია. ამის გამო მას 1942 წელს მოუწია თადარიგში გასვლა. 

ფრონტზე კი ვითარება სულ- უფრო უარესდებოდა. 1943 წლის მაისის ბოლოს ილგენს ცნობილი გენერალი ფონ დემ ბახ ზალევსკი დაუკავშირდა. მან დაარწმუნა ილგენი, რომ აუცილებელია მწყობრში დაბრუნდეს. ილგენიც დაეთანხმა. მას უკრაინაში პარტიზანული მოძრაობის განადგურება დაევალა.

 1943 წლის 1 აგვისტოს ილგენი ე. წ. აღმოსავლეთის ნაწილების 740-ე შენაერთის სარდლად დაინიშნა. ის ძირითადად ყოფილი საბჭოთა სამხედრო ტყვეებით და ემიგრანტებით იყო დაკომპლექტებული. შემდგომში მას გერმანელებიც შეუერთდნენ. ასე შეიქმნა ე. წ. „განსაკუთრებული ჯარები.“ მისი ძირითადი ფუნქცია პარტიზანებთან და დივერსანტებთან ბრძოლა იყო.

 — ილგენმა საქმეს ფრიად ენერგიულად მოკიდა ხელი, —  წერს „უკრაინა მოლოდა.“

ილგენი არა მხოლოდ მებრძოლი გენერალი იყო. როგორც აღინიშნა, ომამდე კარგა ხანს პოლიციაშიც მუშაობდა. დაზვერვა- კონტრდაზვერვის საქმეებშიც ჩინებულად ერკვეოდა. გენერალმა შექმნილი ვითარება გულდასმით გაანალიზა და გააკეთა დასკვნა, რომ აღნიშნულ ეტაპზე საბჭოთა არმიის შეჩერება აუცილებელია. საამისოდ კი ზურში წესრიგის დამყარებაა საჭირო. ამისათვის კი აუცილებელია უკრაინელ ნაციონალისტებთან ერთგვარი თავდაუსხმელობის პაქტის დადება და მთელი ძალისხმევის წარმართვა საბჭოთა პარტიზანების წინააღმდეგ.

 — ილგენმა უმალ დაადგინა, რომ მტრის ზურგში ჩეკისტური სპეცრაზმები მოქმედებდნენ. მათი ამოცანა იყო გერმანული ზურგის დესტაბილიზაცია და უკრაინულ- პოლონური ეთნო- ომის გაჩაღება, წერს „უკრაინა მოლოდა“.

ილგენი შეეცადა ჩაეშალა რუსების გეგმა და ამ მხრივ ენერგიული მუშაობა გააჩაღა. ამ დროისათვის მისი თვალთახედვის არეში მოხვდა პოლკოვნიკი მედვედევი. 

 — მედვედევი კადრის ჩეკისტია ! ის სათავეში უდგას დივერსიულ სადაზვერვო რეზიდენტურას, რომელიც ჩვენს ზურგში მოქმედებს, მოახსენეს ილგენს.

 გენერალი ჩაფიქრდა. 

 — მან სრულყოფილი ტერორისტული ორგანიზაცია შექმნა! მედვედევის ერთ-ერთი აგენტი მოქმედებს როვნოში როგორც გერმანული არმიის ობერ ლეიტენანტი.

 — რა იცით ამ კაცზე?

 — ბევრი არაფერი! მას ნიკოლაი ვასილევიჩ გრაჩოვი ჰქვია! გერმანულს სრულყოფილად ფლობს, დიალექტებსაც.

 — მისი გარეგნული ნიშნები ცნობილია?

 — არა.

 —  რა გვარით მოქმედებს როვნოში?

 — არ ვიცით.

ილგენი ჩაფიქრდა.

-მომიტანეთ ამ მედვედევის დოსიე, —  ყრუდ წარმოთქვა მან, —  და რაც შეიძება სწრაფად! გასაგებია?

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

ამასობაში მედვედევის მსტოვრები დარგელზე თვალთვალს ინტენსიურად განაგრძობდნენ.

კოხის მოადგილის დღის განაწესი საკმაოდ სწრაფად დადგინდა. ახლა მედვედევს უნდა შეერჩია დრო, თუ როდის მოხდებოდა თავდასხმა დარგელზე.

 — ყველაფერი მეტისმეტად კარგად მიდის, —  ტეხოვი ნერვიულობდა.

მედვედევმა არაფერი უპასუხა და ლუკინს გადახედა. დაზვერვის უფროსმა ჩაახველა.

 — კოხი დარგელის ლიკვიდაციით დაინტერესებულია! ამიტომაც ჩვენს მზვერავებს არავითარი პრობლემა არ შეექმნათ.

 — დარწმუნებული ხართ, რომ მახეს არ გვიგებენ? — ფიცხლად შეეკითხა მედვედევი.

ლუკინი დუმდა.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

მალე მედვედეველთა კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ ნაცისტებმა პარტიზანებთან თავიანთი აგენტები შემოაგზავნეს. მაშინ დაპატიმრება ვერ მოხერხდა. დადგინდა მხოლოდ, რომ აგენტები სამხედრო კონტრდაზვერვამ შემოგზავნა.

 — ისინი დაინტერესებულნი არიან პარტიზანით, რომელიც მოქმედებს როვნოში როგორც გერმანული არმიის ობერ ლეიტენანტი, —  ლუკინმა ნერწყვი გადაყლაპა.

 — ანუ გინდათ მითხრათ, რომ კონტრდაზვერვა კოლონისტს კვალში ჩაუდგა?  — შეეკითხა მედვედევი.

 — დიახ, —  ლუკინმა ოფლი მოიწმინდა.

მალე როვნოში რამდენიმე სერიოზული ჩავარდნა მოხდა. დააპატიმრეს როვნოს იატაკქვეშეთის რამდენიმე წარმომადგენელი . თავად იატაკქვეშეთის ხელმძღვანელი ნოვაკი მოითხოვდა, რომ უფლება მიეცათ ქალაქი დაეტოვებინა და ტყეში პარტიზანებთან გადასულიყო.

 — არავითარ შემთხვევაში, — მედვედევი შეუვალი იყო, — თქვენ ახლა როვნოში უნდა დარჩეთ, გასაგებია?

ნოვაკიც იძულებული გახდა დამორჩილებოდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ქალაქ როვნოში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სამი ჯგუფი მოქმედებდა.

პირველს ყოფილი კომკავშირელი ფუნქციონერი ტერენტი ნოვაკი ედგა სათავეში. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგებოდ დატოვეს. მეორე ჯგუფს ასევე ლუგანსკელი (მაშინდელი ვოროშილოვგრადი) ფუნქციონერი მირიუშენკო ( მოგუტნი) ხელმძღვანელობდა. მესამეს პროფესიით ასტრონომი და პარტფუნქციონერი ოსტაფოვი. ის ომის დროს ტყვედ ჩავარდა, მაგრამ მიაღწია იმას რომ გაათავისუფლეს და ოკუპირებულ როვნოში დარჩა. მირიუშენკო როვნოში დუბჩაკის ყალბი საბუთებით ცხოვრობდა. ოსტაფოვმა კი თავი უკრაინელ ოსტაპენკოდ გაასაღა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამგვარად დარჩა. 

პირადად მედვედევი მირიუშენკო- დუბჩაკს უნდობლად მოეკიდა. მართალია, ეს კაცი ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგებოდ დატოვეს, მაგრამ ეს მეთაურის სიმპათიას არ იწვევდა. სხვა საქმე იყო ოსტაფოვი . მედვედევი მას დაუფარავი სიმპათიით მოეკიდა. კომისარი ტეხოვი კი გაიძახოდა:

 — აკი თქვა ამხანაგმა სტალინმა, რომ ჩვენ არა გვყავს სამხედრო ტყვეები, ჩვენ გვყავს სამშობლოს მოღალატენი! ეს ოსტაფოვიც ნდობას არ იმსახურებს!

მედვედევმა არაფერი უპასუხა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ოსტაფოვი მედვედევის აგენტურულ სქემაში ჩაერთვება. მას ე. წ. „კაზაკთა“ და ვლასოველთა შორის აგენტურის შექმნა დაევალება. ოსტაფოვმა ეს ბრწყინვალედ შეასრულა. მან მედვედევს მოახსენა:

 — გერმანელთა სამხედრო კონტრდაზვერვა როვნოში ჩვენს ხალხს კვალში ჩაუდგა. ეძებენ პარტიზანს, რომელიც როვნოში მოქმედებს როგორც გერმანული არმიის ობერ- ლეიტენანტი.

 — კონკრეტულად რა იციან ამ კაცზე?- შეეკითხა მედვედევი.

ოსტაფოვმა მხრები აიჩეჩა.

 — შეეცადეთ გაარკვიოთ ყველაფერი! —  — მკაცრად წარმოთქვა მედვედევმა, —  ეს ძალზე მნიშვნელოვანია!

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

რესტორან დოიჩერჰოფში ხალხმრავლობა იყო. გენერალი ილგენი მაგიდას მიუჯდა. ლისოვსკაია გენერალს მიუახლოვდა. ილგენმა გაიღიმა:

 — გამარჯობათ, ფრაუ ლიოლია! როგორ ბრძანდებით?

 — კარგად, ჰერ გენერალო!

 — ნება მიბოძეთ ერთი რამ გკითხოთ, —  ილგენი წამით გაჩუმდა, — მართალია, რომ თქვენი ქმარი პოლონეთის არმიის ოფიცერი და შლიახტიჩია?

 — დიახ, ჰერ გენერალო.

 — სად არის ახლა?

 — 1940 წელს ტყვედ ჩავარდა და დახვრიტეს, —  ლისოვსკაიას თვალები ცრემლებით აევსო, —  ყველა ტყვესთან ერთად დახვრიტეს. 

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

 — ფრაუ ლიოლია! მიიღეთ ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა, —  წარმოთქვა ილგენმა, — დამიჯერეთ, ძალიან მეწყინა, რომ ყველაფერი ამგვარად მოხდა.

ამ სიტყვებზე გენერალი ფეხზე წამოდგა და ქალს ხელზე ეამბორა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მირიუშენკოს ჯგუფი გერმანელებმა ხელის ერთი დაკვრით გაანადგურეს. პარალელურად დააპატიმრეს მედვედევის აგენტები როვნოში, ლუცკში, კოველში, ზდოლგუნოვოში.

-რატომ მოხდა ეს? —  მედვედევმა პაუზა გააკეთა, — ვინ ქმნის პრობლემას?

სტეხოვმა არაფერი უპასუხა და ლუკინს გადახედა. პოდპოლკოვნიკი წამოდგა:

 — როგორც ჩანს, მოხდა გამცემლობა.

 — ვისგან მომდინარეობს ყველაფერი? სდ-სგან, სამხედრო კონტრდაზვერვისგან, თუ ვისგან? — მედვედევმა სახეზე ხელი გადაისვა. 

 — ყოველივეს უკან გენერალი ილგენი დგას, —  ლუკინმა ოფლი მოიწმინდა, — მას შემდეგ, რაც ეს კაცი ქალაქში გამოჩნდა, პრობლემა პრობლემაზე იქმნება.

 — იქნებ დარგელის ლიკვიდაციის ოპერაცია შევაჩეროთ? — ჩუმად შეეკითხა ტეხოვი, — მოგუტნის ჯგუფის ჩავარდნით ყველაფერი აირია. ასეთ ვითარებაში დარგელზე თავდასხმა მიზანშეუწონელია!

მედვედევი დუმდა.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

ტიმოფეი- ცენტრს.

მოგუტნის ჯგუფი სამხედრო კონტრდაზვერვამ აიყვანა. როგორც ჩანს, მოხდა გამცემლობა. გამცემის ვინაობა დგინდება. სამხედრო კონტრდაზვერვის გააქტიურება როვნოში კაფრის (გენერალი ილგენი. ნ. თ.) გამოჩენასთანაა დაკავშირებული. ჩვენს ამხანაგებს როვნოში უდიდესი პრობლემები შეექმნათ. ოპერაცია „დარის“ ჩასატარებლად ყველაფერი მზადაა. ტიმოფეი.

ცენტრი- ტიმოფეის.

განახორციელეთ ოპერაცია „დარი.“ დაყოვნება აღარ შეიძლება. დირექტორი.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

როვნო. 1943 წლის 20 სექტემბერი.

კუზნეცოვმა დაინახა, რომ, რაიხსკმისარიატ „უკრაინის“ შენობიდან ორი სამხედრო ჩინოვნიკი გამოვიდა. ერთ-ერთი ოდნავ ჩამორჩა. მას ხელში პორტფელი ეჭირა. მეორეს იერზე ეტყობოდა, რომ უფროსი იყო. ორიოდ ნაბიჯით წინ მიდიოდა. ყოფილმა სამხედრო ტყვემ, ახლა კი მედვედევის აგენტმა, ივან კალინინმა კუზნეცოვს გადახედა. ამ უკანასკნელმა კოლია სტრუტინსკის ანიშნა: მიდი!

სტრუტინსკიმ თავი დაუქნია და მოტორი ჩართო.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

სამხედროები შეჩერდნენ. ანაზდად კუთხიდან „ოპელი“ გამოვარდა. კარი გაიღო და იქიდან ობერ- ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი გადმოხტა: ბახ! ბახ, ბახ!

ტყვიებით მოცელილი გერმანელები დაეცნენ. ობერ- ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი კი მანქანაში შეხტა.

ოპელი უმალ გაუჩინარდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

შემთხვევის ადგილას უმალ გაჩნდა სდ. სდ-ს მზვერავებმა აღმოაჩინეს უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცის წევრის მოწმობა.

 — გამოდის, რომ ტერაქტი ბანდერელებმა მოაწყვეს?

 — რასაკვირველია!

რაც შეეხება ტერორისტის გარეგნულ ნიშნებს, აქ სდ-ს ზუსტი მონაცემები არ გააჩნდა. მართალია, ტერაქტი შუადღის 13 საათსა და 30 წუთზე მოხდა, მაგრამ ტერორისტის სახის გარჩევა ვერავინ შესძლო . დადგინდა მხოლოდ, რომ ის იყო მაღალი, ქერა მამაკაცი, ეცვა გერმანული არმიის ობერ-ლეიტენანტს ფორმა, მკერდს კი რკინის ჯვარი უმშვენებდა.

 — გამოდის, რომ ბანდერელმა ტერორისტმა გერმანული ფორმა გადაიცვა და როვნოს ცენტრში აქცია განახორციელა?!

 — დიახ.

სდ-ს ამ ვერსიაში ეჭვი არ ეპარებოდა. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

რაზმში დაბრუნებულ კუზნეცოვს მედვედევი ცივად შეხვდა. პოლკოვნიკმა ლუცკში გამომავალი ნაცისტური გაზეთი გაუწოდა. მასში ნათქვამი იყო, რომ როვნოში მოკლეს ფინანსთა რეფერენტი გეელი და მაიორი ვინტერი.

 — რას ნიშნავს ეს? —  მრისხანედ შეეკითხა მედვედევი.

კუზნეცოვი დუმდა.

 — დაბრუნდი ქალაქში და მოკალი ვინმე, —  მედვედევმა მაგიდას მუშტი დასცხო. 

 — არის, ამხანაგო პოლკოვნიკო! —  კუზნეცოვი კანკალებდა, —  მაგრამ ახლა როვნოში სდ მძვინვარებს, იქნებ...

 —  ეგ არ არის ჩემი პრობლემა, — შეაწყვეტინა მედვედევმა, — ვის ვუთხარი, ქალაქში დაბრუნდი- მეთქი! ჩქარა!

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

როვნოს ცენტრში განხორციელებულმა ტერაქტმა უდიდესი ალიაქოთი გამოიწვია.

სდ-ს პოლიტიკური განყოფილების უფროსი შტურმბანდფიურერი იორგელსი თანამდებობიდან მოხსნეს და ფრონტზე გაგზავნეს . მსგავსი ბედი გაიზიარა მისმა ყველა მოადგილემ. 

იორგელის ნაცვლად მის ადგილზე შტურმბანდფიურერი ჰანკე დაინიშნა. ის პარტიზანებთან ბრძოლის სპეციალისტად ითვლებოდა. ჰანკე ენერგიულად შეუდგა მოღვაწეობას.

 შტურმბანდფიურერს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ გეელსა და ვინტერზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს. მან განკარგულება გასცა დაეხვრიტათ როვნოს ციხეში მყოფი ყველა უკრაინელი პატიმარი. პარალელურად ჰანკეს ბრძანებით უკრაინულ ინტელიგენციას შორის დაიწყო მასიური დაპატიმრებები. გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ ცნობილი მღვდელმთავარი სტეპან სკრიპნიკი, უკრაინული ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალი პატრიარქი მსტისლავი, ცნობილი მწერალი და გაზეთ „ვოლინის“ რედაქტორი ულას სამჩუკი და ა. შ.

საქმე მარტოოდენ ამით არ შემოიფარგლა. როვენსჩინაზე დამსჯელთა ახალი რაზმები შემოიყვანეს. მათ სისასტიკით ცნობილი პოლკოვნიკი პიპერი მეთაურობდა

 — თვით გერმანელებიც კი მას „სიკვდილის ოსტატს“ უწოდებდნენ, —  წერს რუსი პუბლიცისტი ტეოდორ გლადკოვი.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<


სადამსჯელო აქციები უკრაინაში


გერმანელი ტყეში არასოდეს შედიოდა. როცა გერმანელ ჯარისკაცზე თავდასხმა მოხდებოდა, სს-ელები ახლო-მახლო სოფლებს ალყას არტყამდნენ და მოსახლეობას მასიურად ხვრეტდნენ.

 ახლა საგანგებო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მოკლეს ფინანსთა რეფერენტი გეელი და მაიორი ვინტერი.

ნაცისტების შურისგებამაც არ დაახანა.

პიპერის ჯალათები ალყას არტყამდნენ მთელს სოფლებს და ყოველ მეხუთეს ხვრეტდნენ. ისინი არ ინდობდნენ არც მოხუცს, არც ქალს, არც ბავშვს.

ერთ-ერთ სოფელში მესამე ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი აღმოჩნდა. მან ესესელებს მუდარით შეხედა და მუცელზე ანიშნა:

-შემიბრალეთ! 

ესესელი შედგა. ერთ ხანს ქალს ჩაფიქრებული მისჩერებოდა. შემდეგ ანაზდად ხიშტი იძრო და მუცელზე დაუსვა.

 — ჩაძაღლდი, ღორო! ყველანი ჩაძაღლდით!

მთელს უკრაინაში სისხლისა და ცრემლის წვიმა იყო.

ბანდერელები ებრძვიან ჰიტლერელებს

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ბანდერა, სტეცკო და ნაციონალისტთა სხვა ლიდერები ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში იყვნენ გამომწყვდეულნი. ოუნ-ის (უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია) იატაკქვეშეთს კი ხელმძღვანელობდა მიკოლა ლებედი, რომელიც ადრე ოუნ-ის უშიშროების სამსახურს (სბ) ედგა სათავეში. ლებედის ცოლი დარია გნატკივსკაია და ქალიშვილი ზორიანა კი რავენსბროკის საკონცენტრაციო ბანაკში იყვნენ გამომწყვდეულნი.

 ლებედი მოუთმენლად ელოდა სბ-ს როვნოს განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც ცნობილი იყო გრომი-ს ფსევდონიმით. ლებედს ძალზე აინტერესებდა, თუ ვინ იყო იდუმალი ობერ- ლეიტენანტი, რომელმაც როვნოს ცენტრში გეელსა და ვინტერზე თავდასხმა განახორციელა.

 — ბევრი მეც არ ვიცი, —  ამოიოხრა გრომმა,  — ჩვენები მუშაობენ.

 — არის რამე შედეგები? —  შეეკითხა ლებედი.

 — დიახ, დრუჟე პროვიდნიკო! გვაქვს რამდენიმე ვერსია.

 — მართლა?

 — როგოც ჩანს, ეს ობერ ლეიტენანტის ფორმაში გადაცმული სუბიექტი სდ-ს აგენტია. გეელისა და ვინტერის მკვლელობაც სდ-ს პროვოკაციაა.

 — მიზანი?

 — უკრაინული მოსახლეობის გენოციდის პროვოცირება. ტერაქტის შემდეგ ხომ როვენსჩინაზე პოლკოვნიკ პიპერის ჯალათები შემოიყვანეს, უკრაინის სოფლებში კი მასიური ეგზეკუციები დაიწყო.

 — თქვენი აზრით, ამას ტერაქტთან რაიმე კავშირი აქვს?

 — რასაკვირველია.

 — ჰმ.. ამ ობერლეიტენანტის გარეგნული ნიშნები დაადგინეთ?

 — და თვითმხილველთა ცნობით, საშუალოზე მაღალი კაცია, ქერათმიანი, გარეგნობით ტიპიური პრუსიელია . მკერდს კი რკინის ჯვარი უმშვენებს..

 — საინტერესოა, —  ფიქრიანად წარმოთქვა ლებედმა. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

პიპერის ჯალათები უკრაინულ სოფლებში თარეშს განაგრძობდნენ.

ისინი არ ინდობდნენ არავის. მათი საყვარელი მეთოდი იყო ადამიანის ჩამოხრჩობა, თანაც ისე, რომ ფეხის წვერები მიწას ოდნავ ეხებოდა. 

ამ ამაზრზენი პროვოკაციის ორგანიზატორები კრემლში ისხდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გამწარებული უკრაინელები, რომელთაც დაუხოცეს ახლობლები, გადაუწვეს სახლ- კარი, ტყეს მიაშურებდნენ და საბჭოთა პარტიზანების რიგებს შეავსებდნენ. მსგავსი მეთოდი სუკმა ბელორუსში წარმატებით გამოიყენა. ახლა უკრაინის ჯერი დადგა.

ოპერაცია „დარი“‘ გრძელდებოდა.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

როვნო, 1943 წლის 8 ოქტომბერი.

კუზნეცოვი ამჯერად დარგელს მის სახლთან დაუდარაჯდა. მან დაინახა, როგორ გამოვიდა ის სახლიდან. კუზნეცოვმა საჭესთან მჯდომ სტრუტინსკის ნიშანი მისცა. მანაც ოპელი დაძრა. 

დარგელი ჭიშკართან მივიდა, გამოაღო. ანაზდად საიდანღაც კვლავ ოპელი გამოტყვრა. დარგელმა დაინახა ობერ- ლეიტენანტის ფიგურა. მას მკერდზე რკინის ჯვარი ეკეთა, მხარზე კი ავტომატი ჰქონდა გადაკიდებული.

 — ტა-ტა-ტა!

დარგელი ინსტინქტურად კედელს აეკრა. ტყვიებმა თავზე გადაუფრინა. გერმანელი უვნებლად გადარჩა. 

სტრუტინსკიმ მანქანა დაძრა. ოპელი ისევე ანაზდად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. 

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

ილგენმა დოსიე დახურა, დაფიქრდა.

 — ესეც ასე...

მედვედევის ბიოგრაფიამ ისე დააინტერესა, რომ რამოდენიმეჯერ კითხვა შეწყვიტა და წაკითხულს ჩაუფიქრდა.

დიმიტრი- ნიკოლოზის ძე მედვედევი დაიბადა 1898 წელს ბრიანსჩინაზე, კვალიფიციური მუშის ოჯახში. დაამთავრა გიმნაზია. 1917 წელს კი ბოლშევიკებს მიემხრო. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში. 1920 წლიდან სკკპ-ს წევრი დ ა ჩეკას თანამშრომელია. მონაწილებდა რიგ ოპერაციებში. 1937 წელს მედვედევის უფროსი ძმა დააპატიმრეს, თავად მედვედევი სამსახურიდან მოხსნეს და შორეულ ჩრდილოეთში გადაიყვანეს. 1939 წლიდან კი პენსიაზე გაუშვეს. გერმანია-სსრკ-ს ომის დაწყების შემდეგ უშიშროებაში აღადგინეს, ოღონდ დაქვეითებით. ცალეული ცნობით, ის მეთაურობდა ჩეკისტურ სპეცრაზმს „მიტიას“, რომელიც მედვედევის მშობლიურ ბრიანსჩინაზე მოქმედებდა.

 1942 წლის აგვისტოში მედვედევი როვენსჩინაზე გადმოისროლეს. ის აქ დივერსიულ- სადაზვერვო რეზიდენტურას ედგა სათავეში. მან სრულყოფილი ტერორისტული ორგანიზაცია შექმნა. მისმა საცეცებმა მოიცვა მთელი როვნო, ასევე ლუცკი, სარნი, კოველი.

როგორც ჩანს, ობერ ლეიტენანტის ფორმაში გამოწყობილი მოუხელთებელი ტერორისტიც მედვედევის ბანდიდანაა. სწორედ მათ მოკლეს გეელი და ვინტერი, ესროლეს დარგელს. 

-მოიცა!

კარზე კაკუნი გაისმა. ოთახში სამხედრო კონტრდაზვერვის უფროსი შემოვიდა. მან მოახსენა, რომ დარგელმა თავისი თავდამსხმელის სახე კარგად გაარჩია.

 — სიმაღლე 1 მეტრი და 87 სანტიმეტრი, ქერათმიანი, თვალები წყლისფერი. მკერდს რკინის ჯვარი უმშვენებს.

კონტრდაზვერვის უფროსი გაჩუმდა. ილგენიც დუმდა. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<


ბანდერელები განაიარაღებენ ჰიტლერელებს.

ტერაქტების პასუხად ნაცისტების რეპრესიები გაიზარდა. ჰიტლერელებმა მასიური დახვრეტები დაიწყეს. სდ-ს თანამშრომლები შედიოდნენ როგორც როვნოს , ასევე კიევის, ლუცკის, თუ სხვა ქალაქების ციხეებში. ისმოდა ბრძანება:

 — აბა, უკრაინელებო, ორი ნაბიჯით წინ!

განწირულების ნაწილს სახრჩობელებზე კიდებდნენ, ნაწილს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ.

 — ტყვია თქვენთვის არამია. საბრძოლო მასალა ფრონტზეა საჭირო!

პიპერის ჯალათები კი უკვე ყველა მესამის დახვრეტას როდი სჯერდებოდნენ. ახლა ისინი მთელ სოფლებს დედიან- ბუდიანად მიწასთან ასწორებდნენ. თავის პატაკებში პიპერი გერმანული პედანტურობით აღწერდა, თუ რომელი სოფელი გაანადგურა, რამდენი ადამიანი დაწვა ცოცხად ან ჩამოახრჩო.

ყოველ ქმედებას უკუ- ქმედება მოსდევს, ნათქვამია.

ნაცისტების მხეცობების პარალელურად უკრაინაში საერთო - სახალხო ომი გაიმართა. გერმანელების ფეხქვეშ მიწა იწვოდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

 — სიკვდილი სტალის! სიკვდილი ჰიტლერს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!

პარტიზანულმა ომმაც მკვეთრად გამოხატული ეროვნულ-განმათავისუფლებელი სახე მიიღო. ხალხი ერთნაირად უსწორდებოდა როგორც ჰიტლერელებს, ისე საბჭოელებს. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

1943 წლის 20 ოქტომბერს კუზნეცოვმა დარგელზე მესამე თავდასხმა მოაწყო.

საბჭოთა სპეც-აგენტმა იგივე სქემა გაიმეორა. დარგელს ჩაუსაფრდნენ მაშინ, როცა ის რაიხსკომისარიატის შენობიდან გამოვიდა და სასადილოდ ფეხით გაემართა.

კუზნეცოვმა შესცვალა მანქანა. ახლა მან არა „ოპელი“, არამედ „ადლერი“ გამოიყენა. მასზე არა რაიხსკომისარიატის, არამედ ვერმახტის ნომრები იყო გამოსახული.

თავდაპირველად ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. სტრუტინსკიმ მანქანა ზუსტად დარგელის მახლობლად დაამუხრუჭა, კუზნეცოვმა კი ყუმბარა ისროლა.

 — უი, — დაიკვნესა დარგელმა და დაეცა.

მანქანა ისევე ანაზდად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

 ტერორისტებმა ამჯერადაც შესძლეს გაქცევა.

რაც შეეხება დარგელს, ის კვლავ გადარჩა. აფეთქების ტალღამ მხოლოდ ფეხი მოაგლიჯა. როცა შემთხვევის ადგილას სდ მივიდა, დარგელმა შესძახა:

 — ობერ-ლეიტენანტი! ეს ისევ ის ობერ-ლეიტენანტი იყო!

ამ სიტყვებზე მან გრძნობა დაკარგა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

რამდენიმე დღის შემდეგ დარგელი თვითმფრინავით ბერლინში გადაიყვანეს.

უკრაინის ტერიტორიაზე კი საერთო- სახალხო ომი მძვინვარებდა, ომი, როგორც ჰიტლერული მესამე რაიხის, ისე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.

ტერორისტი კუზნეცოვიც მოქმედებას განაგრძობდა.


ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

გაგრძელება იქნება


Comments

Popular posts from this blog

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ქარველები და ბანდერელთა მოძრაობა