ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა ( გაგრძელება)






 კუზნეცოვი

სპეცაგენტი უფროსს ხელში მაგრად უნდა ეჭიროს, განსაკუთრებით ომის დროს. მას უფროსის უნდა ეშინოდეს და პატივსაც სცემდეს. სპეც აგენტმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. ის ყოველ წამს ტყვიას ეთამაშება. მას სძულს თავისი შეფი, რომელიც უხიფათო ადგილას მიყუჩებულა, მას კი აშკარა სიკვდილზე აგზავნის. მეთაურს ის მაგრად უნდა ჰყავდეს გამოჭერილი, რათა აგენტი უდრტვინველად დაემორჩილოს და ოდნავი ტყუილის თქმა ვერ გაუბედოს .

 კუზნეცოვსაც მედვედევის ცეცხლივით ეშინოდა. ის კარგად ხვდებოდა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში პოლკოვნიკი მისი დახვრეტის ბრძანებას ისე გასცემდა, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა . ამავე დროს კუზნეცოვი გულის სიღრმეში მედვედევს პატივსაც სცემდა. ის გრძნობდა, რომ მეთაური ძლიერი პიროვნება იყო, არც ნებისყოფა აკლდა, არც ინტელექტი, ფიზიკური ძალა თუ მიზანსწრაფულობა.

 კუზნეცოვი მიწურში შევიდა. შედგა. მედვედევს დაჯდომა არ შეუთავაზებია. მეთაურს სახე უჩვეულოდ დაძაბული ჰქონდა.

 — ნიკოლაი ვასილევიჩ, —  ყრუდ წარმოთქვა მედვედევმა,  —  გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ.

მან კუზნეცოვს დავალების არსი მოკლედ აუხსნა. აგენტი ჩუმად იდგა.

 — ყველაფერი გასაგებია? — შეეკითხა მედვედევი.

 — დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო.

 — გახსოვდეთ, არც ვალია დოვგერი, არც ლისოვსკაია, არც მიკოტა, —  მკაცრად წარმოთქვა მედვედევმა, — ვალია პატრიარქალურ მორწმუნე ოჯახშია გაზრდილი, ამიტომ არც ეცადოთ, რომ ლეგენდა სინამდვილედ იქცეს. გესმით?

 — დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო.

 — ასე რომ არავითარი ფლირტი, არავითარი არშიყობა! ვალიას მოექეცით თავაზიანად, ღირსეულად, როგორც ეს ნამდვილ რაინდს შეეფერება.

 — არის!

 — აბა, ზურგისაკენ! —  გასცა განკარგულება მედვედევმა, —  ნაბიჯით იარ!

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

კუზნეცოვსა და ვალია დოვგერს შორის ფრიად უცნაური ურთიერთობები დამყარდა. კუზნეცოვს გოგონასთან თავი ღირსეულად ეჭირა, თავს არავითარი ზედმეტების ნებას არ აძლევდა. ამან ჩვიდმეტი წლის ვალია მოხიბლა. გოგონას ზიბერტი შეუყვარდა როგორც ჩვიდმეტი წლის გოგონას მამაკაცი შეუყვარდება ხოლმე.

 ვალია დოვგერს კუზნეცოვი, ანუ ობერლეიტენანტი ზიბერტი, უნდა გაეკონტროლებინა. ახლა სრულიად ახალი და უცნაური ვითარება შეიქმნა. ვალია გრძნობდა, რომ კუზნეცოვის დანახვაზე თავბრუ ეხვეოდა, მუხლები ეკეცებოდა. გოგონა ხან ხმამაღლა იცინოდა, ხანაც უეცრად დასერიოზულდებოდა და თავის „საქმროს“ ერთგვარი ნაღვლიანი მზერით შესცქეროდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ისინი ყოველ საღამოს როვნოს ქუჩებში დასეირნობდნენ. ზოგჯერ გერმანული პატრული გააჩერებდა და „აუსვაისს“ მოსთხოვდა. კუზნეცოვიც საბუთს წარუდგენდა, ვალია ჯარისკაცის ხელს აუღებდა. „საქმრო-საცოლეც“ გზას განაგრძობდა.

 — მაპატიეთ, პაულ..

კუზნეცოვმა გაიღიმა.

 — რატომ თქვენობით, ვალია? აკი საქმრო- საცოლე ვართ.

 — არ შემიძლია, —  აღმოხდა გოგონას, —  ჯერ არ შემიძლია! გამიგეთ..

 — კარგი, კარგი.

ვალია ჭარხალივით აწითლებულიყო. გოგონამ ცხვირსახოცი ამოიღო, შუბლი მოიწმინდა. 

-პაულ, ცოლ- შვილი გყავთ?

 — არა.

 — შეყვარებული?

 — ოდესღაც მყავდა.

 — ძალიან გიყვარდათ?

 — ძალიან.

 — მერე?

 — ერთანეთს დავცილდით. 

 —  გათხოვდა?

 — ალბათ.

 — რაო?

 — ისე მოხდა, რომ უნებლიეთ გული ვატკინე, — კუზნეცოვს ხმა აუკანკალდა, —  ჩვენი ურთიერთობებიც დამთავრდა, სამუდამოდ დამთავრდა.

ვალია შედგა, კუზნეცოვს შეხედა. ზიბერტს ხმა უთრთოდა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

ვალია დოვგერს კუზნეცოვი შეუყვარდა. ასეთი სიყვარული ადამიანს მხოლოდ ჩვიდმეტი წლის ასაკში ეწვევა ხოლმე. მართალია, ვალია კუზნეცოვს უთვალთვალებდა , მედვედევის ემისრებსაც ამომწურავ პატაკებს აბარებდა, მაგრამ ეს უფრო კუზნეცოვზე ზრუნვით იყო გამოწვეული. გოგონა ხვდებოდა, რომ ზიბერტი სასიკვდილო თამაშში იყო ჩართული და მის დასაცავად ყველაფერს აკეთებდა.

 — თუ საჭირო იქნა, მისადმი ნასროლ ტყვიას გადავეფარები, — უთხრა მან დედამისს.

მალე გოგონამ ეჭვიანობა დაიწყო. მისი საქმროს გარშემო ხომ უამრავი ქალი ტრიალებდა...

გაულაიტერი კოხი და ობერ-ლეიტენანტი ზიბერტი







ერიხ კოხი

მოსამზადებელი სამუშაოები დამთავრდა. მედვედევის დივერსიულ-სადაზვერვო ორგანიზაციის საცეცებმა მოიცვეს როვენშჩინა, სარნი, კოველი, ლუცკი. ახლა უკვე შეიძლებოდა ტერორზე გადასვლა.

 გერმანელებზე თავდასხმებს მედვედევი ერიდებოდა. ასევე არ ტარდებოდა არავითარი ღონისძიებები პოლონელთა წინააღმდეგაც, თუმცა ისინი მკვეთრად გამოხატულ ანტი-საბჭოთა პოზიციაზე იდგნენ. ახლა მთავარი იყო უკრაინელი ნაციონალისტების განადგურება. 

 — გერმანელი როგორც მოვიდა, ისე წავა! ჩვენი მთავარი მტრები უკრაინელი ნაციონალისტებია! მათი არსებობა საფრთხეს უქადის ჩვენს სახელმწიფოს!

ამიტომ ერთგვარი მოულოდნელობა იყო ის, რომ ცენტრიდან ერიხ კოხის ლიკვიდაციის ბრძანება მოვიდა. ის პირადად ლავრენტი ბერიასაგან მომდინარეობდა.

ბრძანება ბრძანებაა, ის უნდა შესრულდეს, მით უმეტეს ომის დროს. მედვედევიც კოხის ლიკვიდაციის სამზადისს ენერგიულად შეუდგა.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

ერიხ კოხს გაძლიერებული დაცვა ჰყავდა. მედვედევის ბრძანებით როვნოში მომუშავე აგენტებმა როგორც თავად კოხზე, ისე საერთოდ შექმნილ მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეაგროვეს.

 „რაიხსკომისარიატ უკრაინაში“ ყვაოდა კორუფცია. ფულით აქ ყველაფერს იყიდდი დაწყებული ფოლკსდოიჩეს მოწმობიდან, დამთავრებული ნებისმიერი თანამდებობით. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ პოლიციაში ან რაიმე ფულიან თანამდებობაზე მიღება ერთი ფასი ღირდა, სხვაგან სხვა. როვნოში ოფიცრებისათვის მუშაობდა კაზინო. უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა რესტორანი „დოიჩერჰოფიც“. იქ შესვლა მინიმუმ კაპიტნის ჩინის გერმანელ ოფიცერს შეეძლო, თუმცა ქრთამის მეშვეობით გზა ყველასათვის ხსნილი იყო.

 ოკუპირებულ უკრაინაში ცხვებოდა პური. გეგმა გადაჭარბებით სრულდებოდა, მაგრამ ხარისხი არაფრად ვარგოდა. მიზეზი მარტივი იყო: ფქვილის უდიდესი ნაწილი შავ ბაზარზე მიდიოდა, ამონაგებ თანხას კი ერიხ კოხი და მის გარშემო შეკრებილი ზურგის ვირთხები იყოფდნენ. მათ შორის გამოირჩეოდნენ კოხის მოადგილეები, აგრეთვე სდ-ს და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები. ყველა მათგანი ჯიბეს ურცხვად ისქელებდა.

 — ოფიციალურად არც სდ, არც კრიპო (კრიმინალური პოლიცია) კოხს არ ემორჩილებოდა. მიუხედავად ამისა, იქაური ცალკეული მაღალჩინოსნების დიდი ნაწილი გაულაიტერზე მუშაობდნენ და მისი მფარველობის ხარჯზე ჯიბეს ისქელებდნენ, —  წერს პოლონელი მწერალი რიშარდ ეგოროვი.

დავუმატოთ ამას ის რასისტული რეჟიმი, რომელიც საერთოდ ნაციზმისათვის იყო დამახასიათებელი. ოკუპირებულ უკრაინაში კაფეებზე ხშირად შეხვდებოდით წარწერებს: ძაღლებისა და რუსებისათვის შესვლა აკრძალულია. გერმანელები ყველა ეთნიურ რუსს და უკრაინელებს ერთ ხაზე აყენებდნენ. ასევე პარკებში, კინო- თეატრებში თუ სხვა დასასვენებელ ადგილებში ეკიდა შემდეგი წარწერები:

 — ძაღლებისა და რუსების შემოსვლა აკრძალულია!

რასისტული, ამაზრზენი, ამასთან კორუმპირებული რეჟიმი — ასეთი წესები იყო რაიხსკომისარ კოხის სამფლობელოში.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>








ლუკინი

კოხზე თავდასხმა გართულდა. რჩებოდა ერთად-ერთი გამოსავალი: კუზნეცოვი ანუ სპეც- აგენტი გრაჩოვი რაიხსკომისართან ოფიციალურ მიღებაზე უნდა შევიდეს და ტყვია დაახალოს.

 — მერე გრაჩოვიც ხომ „დაიწვება?“  — უნებლიეთ აღმოხდა მედვედევს, — კოხის კაბინეტიდან ის ცოცხალი ვეღარ გამოვა!

 — სამაგიეროდ წმინდა საქმისათვის დაიღუპება! — გაიცინა ლუკინმა.

 — სწორედაც წმინდა საქმისათვის! —  ენერგიულად დაუჭირა მხარი კომისარმა სტეხოვმა, — განა სამშობლოსათვის თავის გაწირვა თითოეული ჩვენთაგანის ვალი არაა?

სტეხოვი გაჩუმდა. სახე აწითლებოდა. ლუკინი იღიმებოდა. მედვედევი დუმდა. სახე საავდრო ღრუბელივით მოღუშოდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

უბრალო ობერ ლეიტენანტისათვის კოხთან მიღებაზე მოხვედრა იოლი როდია. ამას სერიოზული საბაბი სჭირდება. ის მალე მოიძებნა. ვალია დოვგერმა გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნის უწყება მიიღო. 

 —  აი საბაბიც, —  ლუკინმა გაიცინა, — ვალიას ბრონი ესაჭიროება. გრაჩოვი უნდა კოხთან მივიდეს, რათა თავისი საყვარელი საცოლისათვის ბრონი სთხოვოს. აკი მთელს როვნოში ასეთი ბრონის მიცემა ყველაზე მარტივად კოხს შეუძლია!

 — ნამდვილად!  — კვერი დაუკრა სტეხოვმა. 

მედვედევი დუმდა.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>

კუზნეცოვის აგენტის იან კამინსკის (კანტორი) ცოლი ემა ულამაზესი ქალი იყო. მისი უახლოესი მეგობარი იყო ვინმე იადვიგა, რომელიც ერიხ კოხის ძაღლების მწვრთნელის შმიდტის საყვარელი გახლდათ. გერმანელისთვის ლამაზი იადვიგას შენახვა ძალზე ძნელი იყო. ის ერთთავად უფულოდ იყო. კუზნეცოვმაც გადაწყვიტა ამაზე გაეთამაშა. 

 იან კამინსკიმ კუზნეცოვს შეახვედრა შმიდტი. ზიბერტმა გერმანელი რესტორანში დაპატიჟა, შემდეგ თავისი გასაჭირი აუხსნა:

 — ჩემს საცოლეს ვალენტინა დოვგერს გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნის უწყება მოუვიდა! გოგონას მამა ბანდერელმა ბანდიტებმა მოკლეს. ვალიას კისერზე დარჩნენ მოხუცი დედა და პატარა და-ძმა.

 — ვინ იყო თქვენი საცოლის მამა? —  ჩუმად შეეკითხა შმიდტი.

 — ფოლკსდოიჩე! —  კუზნეცოვმა პაუზა გააკეთა, — მან თავი გერმანიასა და ფიურერს შესწირა.

 — ჰმ... რაკი ასეა, უნდა დავეხმაროთ...

ამის შემდეგ შმიდტმა განუცხადა, შეგახვედრებთ კოხის დაცვის უფროსს ფონ ბაბახს, რომელიც ჩაგიწყობთ გაულაიტერთან შეხვედრას. შმიდტმა პირობა შეასრულა. მალე ზიბერტისა და ფონ ბაბახის შეხვედრაც შედგა. კუზნეცოვმა გერმანელი რესტორანში დაპატიჟა და მეფური სუფრა გაუშალა. ფონ ბაბახი მოიხიბლა.

 — კეთილი, დაგეხმარებით...

რამდენიმე დღის შემდეგ მან კუზნეცოვს ხმა მიაწვდინა. კოხი თანახმაა ზიბერტი მიიღოს, ოღონდ თავის საცოლე ფროილაინ დოვგერთან ერთად:

 — ჰერ კოხი გიცდით, —  ფონ ბაბახმა ეშმაკურად გაიღიმა. 

კუზნეცოვი უძრავად იდგა, სახე მიტკალივით გაფითრებოდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მიწურში ორნი იყვნენ, პოლკოვნიკი მედვედევი და კუზნეცოვი. ზიბერტს თავი ჩაექინდრა. კარგად ხვდებოდა, რომ ხვალინდელი დღე მისთვის შესაძლოა უკანასკნელი ყოფილიყო. კოხის კაბინეტიდან ცოცხლად გამოსვლის ალბათობა ნულის ტოლია. შესაძლოა კოხი მოკვდეს, მაგრამ ისიც, კუზნეცოვიც, დაიღუპება!

 — ამას გარდა ვალია დოვგერიც ვეღარ გადარჩება!

კუზნეცოვმა თავი ასწია. უბიდან ოფლი წურწურით სდიოდა. მედვედევმა ჩაახველა.

 — ეს კოხი მართლაც კარგი ვინმეა.. იცით, რომ ოდესღაც ჩვენთან კავშირი ჰქონდა?

 — არა, არ ვიცოდი.

 — თურმე ორმაგ თამაშს თამაშობდა! —  მედვედევი წამით გაჩუმდა, — თავად კოხი და ისინიც, ვინც მას კურირებდნენ, ორმაგ თამაშს თამაშობდნენ. ისინი ამხილეს როგორც ორმაგი აგენტები!

გაოცებული კუზნეცოვი დუმდა. მედვედევი კი საუბარს განაგრძობდა. ის დაწვრილებით მოყვა, თუ როგორ ხდებოდა ოდესღაც საბჭოთა დაზვერვისა და ერიხ კოხის კონტაქტები, ჩამოთვალა პაროლი და პასუხები. კუზნეცოვი დუმდა. ვერაფრით ხვდებოდა, თუ რატომ მოუთხრო ყოველივე მედვედევმა. 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ვალია დოვგერს თვალები უბრწყინავდა. გოგონა ვერაფერს ხვდებოდა და რაღაცას მხიარულად ტიტინებდა. მას მხოლოდ ის უთხრეს, რომ მივლენ კოხთან, რომელიც მას ბრონს მისცემს. იმაზე, რომ ტერაქტი მზადდებოდა, ვალია აინუნშიც არ იყო. კუზნეცოვი წამოდგა:

 — მაპატიე ვალიუშა, უნდა წავიდე ..სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. 

 — პაულ, —  ვალიას თვალები ცრემლებით აევსო, —  პაულ...

კუზნეცოვმა კიდევ რაღაც წაიბურტყუნა და კარისაკენ გაემართა. ვალია უძრავად იდგა. ის მიმავალ კუზნეცოვს ნაღვლიანად შესცქეროდა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

კუზნეცოვმა ის ღამე “ბლესკის“ ერთ-ერთი წევრის მარცინიაკის ბინაში გაათენა. 

პოლონელებმა რუსი ტერორისტი საიმედო კონსპირაციული ბინით უზრუნველყვეს. აქ სიმყუდროვე და სისუფთავე იყო. ზიბერტს აღარ შეეძლო ვალია დოვგერის ბინაში დარჩენა, გოგონას მხიარული, გაბრწყინებული თვალების დანახვა .

 — საწყალი ვალია! ვერც ხვდება, რომ სიკვდილი უახლოვდება!

კუზნეცოვს იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს .

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ბრიჩკა რაიხსკომისარიატის შენობასთან გაჩერდა. კოფოზე მედვედეველი აგენტი მიკოლა გნედიუკი იჯდა. კუზნეცოვმა ვალია დოვგერიც დაინახა. ერთმანეთს მიესალმნენ. ვალია რაღაცას ეუბნებოდა და თვალები უბრწყინავდა. კუზნეცოვს სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.

 — ამისი დედა! ამ ცხოვრების დედაც!

გულში გვარიანად შეიგინა მაგარი რუსული გინებით. ამ დროს ფონ ბაბახიც გამოჩნდა.

 —  ჰერ კოხი გიცდით.

კუზნეცოვმა მაშინალურად გადაუხადა მადლობა. ყველანი შენობაში შევდნენ.

 — ცოტა მოიცადეთ! მალე თქვენი რიგი მოვა.

კუზნეცოვი დაჯდა. ვალია გვერდით მიუჯდა და რაღაცას მხიარულად ტიტინებდა. კუზნეცოვს არაფერი ესმოდა, ვერც ვერაფერს ხედავდა. ანაზდად მისი ყურადღება გვერდით მჯდომმა მამაკაცმა მიიპყრო. მას ხელები არ ჰქონდა.

 — მაპატიეთ, ჰერ ფუნკე ბრძანდები?  — ჩუმად შეეკითხა კუზნეცოვი.

 —  დიახ, —  გერმანელმა თავი თავაზიანად დახარა, — თქვენ მგონი ობერ- ლეიტენანტი ზიბერტი უნდა იყოთ?

 — დიახ, საიდან მიცნობთ?

 — ვინ არ იცნობს აღმოსავლეთის ფრონტის გმირს, რომელსაც აქაური ქალიშვილი შეუყვარდა! —  ფუნკემ გაიცინა , — რამდენადაც ვხვდები, სწორედ ესაა მშვენიერი ვალენტინა?

 —  დიახ, ჰერ, —  დოვგერმა თავი დახარა.

 — ფუნკემ გაიცინა, ვალიას რაღაც კომპლიმენტი უთხრა. გოგონა აკისკისდა. კუზნეცოვი ჩუმად იჯდა, მთელი სხეული დაძაბული ჰქონდა.

 — ფროილაინ ვალენტინა დოვგერი!

გოგონა წამოდგა, ზიბერტს გადახედა. კუზნეცოვი უმალ მიხვდა, რომ კოხმა მათი ცალ- ცალკე მიღება ინება. გაულაიტერთან ჯერ ვალია დოვგერი შევა, შემდეგ კუზნეცოვი. 

ვალიამ კოხის კაბინეტში საათ- ნახევარი დაჰყო.

გოგონა ერთიანად აწითლებული გამოვიდა. კუზნეცოვს სურდა ეკითხა, როგორაა საქმეო. ამ დროს კოხის ადიუტანტის ხმა გაისმა:

-ობერ ლეიტენანტი პაულ ვილჰელმ ზიბერტი!

კუზნეცოვი წამოდგა, რევოლვერის ბუდე მოიხსნა და კოხის ადიუტანტს გადასცა. შარვლის უკანა ჯიბეში ედო რევოლვერი სპეციალური მოწამლული ტყვიებით, მათი ოდნავი განაკაწრიც კი სასიკვდილო იყო.

 — მობრძანდით!

კუზნეცოვმა კოხის კაბინეტში შეაბიჯა.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

ერიხ კოხი მაგიდასთან იჯდა. ოთახში შესულ კუზნეცოვს გამსჭვალავი მზერა ესროლა. კუზნეცოვს უნებლიეთ მუხლები მოეკეცა. ანაზდად გაიფიქრა, რომ გაულაიტერმა ყველაფერი იცის და ახლა გასცემს ბრძანებას მისი დაპატიმრების შესახებ. თავი ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით შეიკავა, ქუსლი ქუსლს შემოჰკრა , მარჯვენა ხელი წინ გამოისროლა და დაიძახა:

 — ჰაილ ჰიტლერ!

 — ჰაილ! — ზანტად მიუგო კოხმა.

გაულაიტერმა სავარძელზე მიუთითა. კუზნეცოვი დაჯდა.

კოხის გვერდით ორი გოლიათი ესესელი აღმართულიყო. ხელები რევოლვერის ბუდეზე ედოთ. კოხსა და კუზნეცოვს შუა კი ხახადაფჩენილი ვეება გერმანული ნაგაზი იწვა. სტუმრის შემოსვლისთანავე წაიწია. კოხმა ზურგზე ხელი მოუთათუნა, დაწექიო. ძაღლიც დაწვა. კარი კვლავ გაიღო. ოთახში შავ ფორმაში გამოწყობილი ესესელი შემოვიდა და კუზნეცოვის უკან დადგა.

 — ოდნავ საეჭვო მოძრაობა ან ჟესტი და ჩემგან ბუნდღაც აღარ დარჩება, — მწარედ გაიფიქრა კუზნეცოვმა.

კოხმა თითები გადააჭდო, გაიღიმა. ეტყობოდა, თავისი მდგომარეობით აშკარად ტკბებოდა.

 — გისმენთ! —  წარმოთქვა გაულაიტერმა.

კუზნეცოვმა ჩაახველა. ენის ბორძიკით აუხსნა, თუ რამ მიიყვანა კოხთან. გაულაიტერმა შეაწყვეტინა:

 — მართლა აპირებთ ფროილაინ დოვგერზე დაქორწინებას?

 — დიახ, ჰერ გაულაიტერ!

 — გგონიათ, რომ შესაფერისი კანდიდატურაა?

 — მამამისი გერმანიისა და ფიურერის ერთგული იყო, ფოლკსდოიჩე. საწყალი, პარტიზანებმა მოკლეს.

 — კომუნისტებმა?

 —  არა! —  კუზნეცოვი გრძნობდა, რომ ცოტაც და მხნეობა საბოლოოდ უმტყუნებდა, —  უკრაინელებმა. 

 — მათსა და რუსებს შორის განსხვავებას ვერ ვხედავ! —  კოხმა გაიღიმა, — პირადად მე მინდა, რომ უკრაინელებმა პოლონელებს ყელი გამოღადრონ და პირიქით. თუ ამ დროს ორივენი რუსს ან ებრაელსაც გამოფატრავენ, ეს მთლად იდეალური იქნება!

ერიხ კოხი იღიმებოდა. კუზნეცოვი გრძნობდა, ხელ- ფეხი როგორ აუკანკალდა. რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ენა დაება. პირიდან გაურკვეველი ხავილი აღმოხდა.

 — ცუდად ხართ?  — თანაგრძნობით შეეკითხა კოხი.

 — არა, მაგრამ...

-თქვენი სახე მეცნობა, —  გაულაიტერმა თავი გააქნია, — მგონი სადღაც მინახიხართ. საიდანა ხართ?

 — აღმოსავლეთ პრუსიიდან. მამაჩემი კენიგსბერგის მახლობლად ცხოვრობდა.

 —  გამახსენდა, —  კოხმა ტაში შემოჰკრა, — თქვენს სახლში ვყოფილვარ, მამათქვენსაც კარგად ვიცნობდი. მახსოვს, მუხლებზე ქერათმიანი ბიჭუნა ეჯდა. ღმერთო, ნუთუ ეს თქვენ იყავით?

კუზნეცოვმა იგრძნო, მთელს ტანზე ოფლმა როგორ დაასხა. მან და კოხმა წარმოთქვეს პაროლი და პასუხი. ოდესღაც კოხისა და საბჭოთა დაზვერვის კონტაქტები სწორედ ასე ხორციელდებოდა. ახლა გაულაიტერი მცველებს მასზე ანიშნებს და ეტყვის:

 — დააპატიმრეთ! ეს კაცი რუსების ჯაშუშია!

კოხი არაფერზე ახირებულა. კუზნეცოვს ფიქრიან მზერას არ აშორებდა, იღიმებოდა:

 — ღმერთო ჩემო, რა არ ხდება ამ ქვეყანაზე! 

კოხმა იქვე დაწერა ბრძანება ვალია დოვგერის სამუშაოდ რაიხსკომისარიატში მიღების თაობაზე . ეს ავტომატურად ბრონს ნიშნავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კუზნეცოვმა ერიხ კოხის კაბინეტი დატოვა.


დანის წვერზე




 



სტეხოვი


არშემდგარმა ტერაქტმა რაზმში მთელი ალიაქოთი გამოიწვა. ყველაზე მეტს კომისარი სტეხოვი ბობოქრობდა:

 — რატომ არ შეასრულე ბრძანება! შეგეშინდა?!

 — იქაურობა დაცვით იყო სავსე! —  კუზნეცოვმა თავისი ჩახრინწული ხმა ძლივს იცნო, —  არ არსებობდა არავითარი შანსი, რათა...

-დასახვრეტი ხარ! შეაწყვეტინა სტეხოვმა, —  ბრძანების შეუსრულებლობა ომის დროს! ამისათვის სასჯელი ერთია: დახვრეტა!

-ყელაფერში გავერკვევით, —  ჩაერია მედვედევი.

მისი ბრძანებით კუზნეცოვი დააპატიმრეს, იარაღი აჰყარეს და ორმოში ჩააგდეს.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მალე მედვედევმა მოსკოვში რადიოგრამა გაგზავნა, რომელშიც აღწერილი იყო ის, რაც ერიხ კოხის კაბინეტში მოხდა. მალე მოსკოვიდან საპასუხო რადიოგრამა მოვიდა:

„ცენტრი- ტიმოფეის.

გიგზავნით სპეციალურ თვითმფრინავს. გადმოიყვანეთ კოლონისტი მოსკოვში. დირექტორი.“

მოხდა ისე, რომ ამინდები გაფუჭდა და თვითმფრინავების ფრენა შეუძლებელი იყო. ცენტრმაც მედვედევს ახალი რადიოგრამა გაუგზავნა:

„ჩაატარეთ გამოძიება. გაარკვიეთ, რატომ ჩაიშალა ერიხ კოხის ლიკვიდაცია. თქვენი მოსაზრებები გვაცნობეთ. დირექტორი.“

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

კუზნეცოვის დაკითხვას პირადად მედვედევი აწარმოებდა. მას გვერდს უმშვენებდნენ სტეხოვი და ლუკინი.

კუზნეცოვს ხელ- ფეხი შეკრული ჰქონდა. სახე ერთიანად აწითლებოდა, ყანყრატო აუდ- ჩაუდიოდა.

 — რატომ არ ესროლე კოხს! —  დაიყვირა სტეხოვმა, —  შეგეშინდა?!

 — მან მაგრძნობინა, რომ ჩვენთან თანამშრომლობა სურდა, — კუზნეცოვმა ნერწყვი გადაყლაპა.

 — რაო?!

 — ოდესღაც კოხს ჩვენთან კავშირი ჰქონდა. მე ვუთხარი ძველი პაროლი, — კუზნეცოვი ერთიანად კანკალებდა, —  მან მიპასუხა და ამით მაგრძნობინა, რომ კონტაქტების აღდგენა სურს. 

-ძველი პაროლი? მერე ეგ ვინ გითხრა?!

კუზნეცოვი დუმდა.

 — ვინ გითხრა-მექი? —  დაიღრიალა სტეხოვმა.

 — დამშვიდდით, სერგეი ტროფიმოვიჩ, —  ჩუმად წარმოთქვა მედვედევმა,  —  პაროლი მე ვუთხარი! კიდევ გაქვთ შეკითხვები?

წამით სიჩუმე ჩამოვარდა.

-რა ვუყოთ ამას, —  სტეხოვმა თითი კუზნეცოვს მიაშვირა .

-თქვენ რაღას იტყვით? —  კითხვაზე კითხვით მიუგო მედვედევმა.

 — მგონი ყველაფერი გასაგებია, — სტეხოვი წამით გაჩუმდა, — კოლონისტმა ბრძანება არ შეასრულა, კოხის ლიკვიდაცია ჩავარდა და ეს გრაჩოვის ბრალია.

 — მისი დანაშაული გამოძიებით უნდა დამტკიცდეს, —  მედვედევი წამით ჩაფიქრდა, —  გამოძიება კი ჯერ არ დამთავრებულა!

კუზნეცოვი კვლავ ორმოში ჩააგდეს.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<

მედვედევმა, ლუკინმა და სტეხოვმა აცნობეს ცენტრს თავიანთი პოზიციის შესახებ. სტეხოვი და ლუკინი თვლიდნენ, რომ რაკი „კოლონისტმა“ ბრძანება არ შეასრულა და კოხის ლიკვიდაცია ჩააგდო, ის უნდა დაიხვრიტოს. 

განსხვავებული იყო მედვედევის პოზიცია. ცენტრისადმი გაგზავნილ რადიოგრამაში მან ოკუპირებულ უკრაინაში შექმნილი ვითარების სრული ანალიზი გააკეთა. პოლკოვნიკი წერდა, რომ კოხმა აქ არა მხოლოდ ნაცისტური, არამედ კორუმპირებული რეჟიმიც დაამყარა. კოხს უპირისპირდებიან ერთის მხრივ სამხედროები, მეორეს მხრივ მისივე მოადგილეები. მათ კოხის სავარძელი სურთ. უწინარეს ყოვლისა ესენი არიან: კოხის მოადგილეები გენერალი დარგელი და ე. წ. უკრაინის უმაღლესი მსაჯული ალფრედ ფუნკე, „პიკეტაუქციონის“ შეფი გერმან კნუტი. კოხიც დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, რათა ყურადღება სხვა საგანზე გადავიდეს. სწორედ ასეთი დესტაბილიზაციაა უკრაინულ-პოლონური ეთნო -ომის გაჩაღება. მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ საბჭოთა დაზვერვისათვის კოხთან თანამშრომლობა მოსკოვს საშუალებას მისცემს 1)გერმანელთა ზურგი საბოლოოდ მოშალოს,2) ჩაშალოს ერთიანი უკრაინულ- პოლონური ფრონტი 3) გაანადგუროს უკრაინული ნაციონალიზმი .

 — ამიტომ ცოცხალი კოხი ბევრად სასარგებლო იქნება მკვდარზე, —  წერდა მედვედევი.

ამ არგუმენტმა გაჭრა. ცენტრმა ერიხ კოხის ლიკვიდაციაზე უარი განაცხადა.

კუზნეცოვის საქმიანობა როვნოში კი დადებითად იქნა შეფასებული, რადგან მან კოხზე გასვლა შესძლო და მიაღწია იმას, რომ თუნდაც მოცემულ ეტაპზე რაიხსკომისარი რუსების მოკავშირე იქნებოდა.

 კუზნეცოვიც გაათავისუფლეს. 


ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

გაგრძელება იქნება


Comments

Popular posts from this blog

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ქარველები და ბანდერელთა მოძრაობა