ტერორისტი, რომელიც არ დაბრუნებულა

                   

ნიკოლაი  კუზნეცოვი


  საბჭოთა ეპოქაში ამ   კაცზე   წერდნენ  რომანებს, იღებდნენ   ფილმებს.  მისი სახელი ერქვა არა ერთ ქუჩას.   საბჭოთა კავშირის არა ერთ  ქალაქში აღმართული იყო მისი ძეგლი.  ეს არცაა გასაკვირი.   ის ხომ ერთ-ერთი  პირველი   მზვერავი  იყო,, რომელსაც საბჭოთა  კავშირის გმირობა მიენიჭა.  მხოლოდ  სსრკ-ს დანგრევის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ  ის არასოდეს ყოფილა  მზვერავი ის   ტერორისტი-  და  პროვოკატორი გახლდათ    

  ნიკოლაი ივანეს  ძე  კუზნეცოვი,  აგენტურული მეტსახელებია კოლონისტი  და პუხი. ამ კაცის ჭეშმარიტი ბიოგრაფია   წლების მანძილზე უღვთოდ მახინჯდებოდა.   ზოგიერთი ფაქტი  მხოლოდ სსრკ-ს დანგრევის  შემდეგ   გახდა ცნობილი.  გარკვეული    თეთრი   ლაქები დღემდე რჩება ..

გზა ჯაშუშობისაკენ

ნიკოლაი კუზნეცოვის ბედი მართლაც უცნაური იყო. უკრაინის უშიშროების სამსახურის დამაარსებელმა გენერალმა ევგენი მარჩუკმა კუზნეცოვს შემთხვევით როდი უწოდა ნაფოტი. მას ცხოვრება ნაფოტივით ისროდა აქეთ-იქით. 

ნიკოლაი ივანოვიჩ კუზნეცოვი (1910-1944) დაიბადა ურალში, სოფელ ზირინკაში. მამამისი სტაროვერი იყო და ოქტომბრის გადატრიალებას მტრულად შეხვდა. ერთხანს კოლჩაკელთა რიგებშიც აღმოჩნდა. როცა დარწმუნდა, რომ თეთრები საბოლოოდ დამარცხდნენ, წითლების მხარეს გადავიდა. საბჭოთა ხელისუფლებამაც დანაშაული აპატია დაივან კუზნეცოვს და საშუალება მიეცა, მშობლიურ სოფელში მეურნეობას გაძღოლოდა.

კუზნეცოვის ნათლობის სახელი ნიკანორი იყო. ოჯახში ნიკას ან ნიკოშას ეძახდნენ. ბიჭს ეს არ მოსწონდა და როცა წამოიზარდა, სახელი გადაიკეთა და ნიკანორის ნაცვლად ნიკოლაი დაირქვა.

მომავალში ბევრს გააკვირვებს, სად შეისწავლა მან გერმანული. სინამდვილეში გასაოცარი აქ არაფერია . კუზნეცოვების მეზობლად გერმანელი კოლონისტები ცხოვრობდნენ. ბიჭი მათ ბავშვებთან მეგობრობდა. აქ შეხვდა თავის პირველ სიყვარულსაც. კუზნეცოვი გერმანელების სიძე გახდა. თუმცა ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. კუზნეცოვის სიმამრი ყველა საბჭოთა ნორმით კულაკი იყო. ნიკალაიც კულაკების სიძედ გამოაცხადეს, გარიცხეს კომკავშირიდან და ტალიცის სატყეო ტექნიკუმიდან, სადაც სწავლობდა.

მალე კუზნეცოვი ცოლს გაეყარა, დატოვა მშობლიური სოფელი და ქალაქში გადასახლდა. აქ ქურდების ბანდას დაუკავშირდა და ბინა გატეხა, რის გამოც დააპატიმრეს. ციხეში სუკ-ის აგენტი გახდა. მალე სანიმუშო ყოფაქცევისთვის  ვადაზე   ადრე  გაათავისუფლეს. ამის შემდეგ სუკ-ისთვის მუშაობდა. თავდაპირველად მისი მეტსახელი იყო კულიკი, შემდგომში - სწავლული.

თამაში გერმანელებთან

კუზნეცოვი ესერთა იატაკქვეშა ჯგუფში შეუშვეს. მისი მეშვეობით უშიშროებამ რამდენიმე სერიოზული ტერაქტი აღკვეთა. შემდეგ სვერდლოვსკში გადაისროლეს. ქარხანა "ურალმაშში" მაშინ ბევრი გერმანელი სპეციალისტი მუშაობდა. კუზნეცოვი მხაზველთა ბიუროში მოეწყო. სუკ-ის დავალებით ის გერმანელ ინჟინრებს დაუმეგობრდა. მალე მისი მეშვეობით ინტენსიურად იწყო დინება ინფორმაციამ გერმანელ სპეციალისტთა შორის არსებული განწყობების შესახებ. ამრიგად კუზნეცოვს არ უმაღლესი განათლება ჰქონია   არც  სუკის ოფიცერი გახლდათ ის აგენტი--პროვოკატორი   იყო

 1937 წელს დიდმა ტერორმა აპოგეას მიაღწია. მან არც კუზნეცოვი დაინდო  ის დააპატიმრეს. საკანში რამდენიმე თვეს დაყო, თუმცა კუზნეცოვს გაუმართლა. იგი გაათავისუფლეს, 1938 წელს კი მოსკოვში გადაიყვანეს.

კუზნეცოვის უშუალო უფროსი გახდა ცნობილი ჩეკისტი ვასილი რიასნოი. მან კუზნეცოვს განუცხადა, რომ საპასუხისმგებლო დავალება მოელის. 

მალე მოსკოვში გამოჩნდა სიმპათიური მფრინავი რუდოლფ ვილჰელმოვიჩ შმიდტი. ლეგენდის თანახმად, ის ვოლგისპირელი გერმანელი იყო. სინამდვილეში კი კუზნეცოვი გახლდათ (შმიდტი მისი გვარის გერმანული თარგმანია). სამხედრო ფორმით დადიოდა, თეატრალურ პრემიერებს ესწრებოდა და მალე გაშინაურდა მოსკოვური ბოჰემის წრეში. შმიდტი მარიფათიანად სპეკულირებდა ვალუტით, გადიოდა კონტაქტებზე უცხოელ დიპლომატებთან. სწორედ მან შეიტყუა ხაფანგში სლოვაკეთის საელჩოს მდივანი ლადისლავ კრნო და აიძულა, სუკ-ის აგენტი გამხდარიყო. კრნოს გერმანელებთან ჰქონდა კავშირები. მისი დახმარებით კუზნეცოვი გერმანიის სამხედრო ატაშეს დაუკავშირდა.

― გერმანელი ვარ და მსურს, ჩემს ფიურერს ვემსახურო! ― განუცხადა კუზნეცოვმა.

 

გერმანიის სამხედრო ატაშესთან შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. კუზნეცოვი მას ინფორმაციით ამარაგებდა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ოსტატურად მომზადდა სუკ-ის მიერ.. ნელ-ნელა კუზნეცოვის გარშემო მცირე, მაგრამ კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა მოიყარა თავი. ყველა მათგანი სუკ-ის აგენტი იყო. ისინი კუზნეცოვს ეხმარებოდნენ.

გერმანელებთან თამაში დაიწყო.

სპეცოპერაცია "დიდი სიყვარული"

ერთხელ ნაცნობმა მხატვარმა კუზნეცოვს უთხრა, ერთ ოჯახში ვარ მიწვეული და შენც წამოდიო. კუზნეცოვი დათანხმდა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ყოველივე ეს სპეცოპერაციის ნაწილი იყო. კუზნეცოვმა სწორედ აქ გაიცნო ლენა ობოლენსკაია, მაღალი ქერათმიანი ახალგაზრდა ქალი, დახვეწილი ნაკვთებითა და მომაჯადოებელი ცისფერი თვალებით. კუზნეცოვმა იგრძნო, რომ ამ ქალს თავს ვერ დააღწევდა.

― მე ლენა მქვია, ― ქალმა გაიცინა და ხელი გაუწოდა, ― ლენა ობოლენსკაია.

― მე კი რუდოლფ შმიდტი ვარ!.

ასე დაიწყო მათი ნაცნობობა.

ლენა მომხიბვლელი, ენერგიული და მხიარული ქალი იყო. როცა ცეკვავდა, თვალს ვერ მოაშორებდი. საუბრობდა ლაღად, ძალდაუტანებლად. სიცილის დროს ხმა ზარივით უწკრიალებდა.

― რა მშვენიერია, ― გაიფიქრა კუზნეცოვმა.

ქალები ნამდვილად არ აკლდა, მაგრამ ლენა სულ სხვა იყო.

― რუდოლფ ვილჰელმოვიჩ, არ გამაცილებთ?!

ლენა იღიმებოდა. კუზნეცოვს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.

― გამაცილებთ თუ არა?

უსიტყვოდ დაუქნია თავი. ენა დაება... ლენამ გაიცინა.

― წავედით! ― და ხელკავი გაუყარა.

მათი ურთიერთობა ნელ-ნელა შორს წავიდა. კუზნეცოვმა ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო, რაოდენი ცეცხლი ტრიალებდა მის გულში. ასეთი რამ მხოლოდ თექვსმეტი წლისას დაემართა, როცა გერმანელი კოლონისტის ქალიშვილი შეუყვარდა და მისი გულისთვის მზად იყო, მთელი საბჭოთა კავშირის ძალოვანებს შიშველი ხელებით შებრძოლებოდა. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა. კუზნეცოვს უამრავი რამ გადახდა. ის პროფესიონალი პროვოკატორი გახდა. ქალთან ურთიერთობაც მისი მუშაობის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო. ქალებს უსიყვარულოდ ეხვეოდა. საყვარლებსაც ხელთათმანებივით იცვლიდა. ლენა სულ სხვა იყო. მამაკაცს ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა. ქალიც ასეთივე გრძნობით პასუხობდა.

― სიყვარული?!

კუზნეცოვი უნებლიე შიშმა შეიპყრო. გრძნობდა  რომ ეს სიყვარული ორივესთვის ცუდად დამთავრდებოდა.....

                            ნიკა  თევზაძე

 ისტორიის დოქტორი,  საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

                      გაგრძელება იქნება


Comments

Popular posts from this blog

ქარველები და ბანდერელთა მოძრაობა

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ტერორისტი, რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)