ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)
ლენამ საქმრო თავისიანებს წარუდგინა. სამხედრო მფრინავი, ვოლგისპირელი გერმანელი რუდოლფ ვილჰელმოვიჩ შმიდტი. ქალს თვალები უბრწყინავდა. ძალიან ბედნიერი იყო.
ლენას მამამ მაგრად ჩამოართვა ხელი სასიძოს და ჰკითხა, სკკპ (ბ)-ს წევრი როდიდან ხართო.
- 1939 წლიდან, - მიუგო კუზნეცოვმა.
- კარგია, - ობოლენსკიმ გაიცინა, - ოღონდ ერთი ნაკლი გაქვთ, გერმანელი ბრძანდებით.
— მე საბჭოთა პატრიოტი ვარ!
- გასაგებია, მაგრამ გერმანელობა შესაძლოა მალე ხელის შემშლელად იქცეს, - ობოლენსკი შეყოვნდა, - გერმანიასთან ომი გარდაუვალია, ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ შმიდტი კუზნეცოვად იქცეოდა. ეს ხომ თქვენი გვარის რუსული თარგმანია.
- მაპატიეთ, ამხანაგო, მაგრამ გერმანიასთან თავდაუსხმელობის პაქტი გვაქვს, - კუზნეცოვმა ჩაახველა.
- ეს ამხანაგ სტალინის ბრძნული პოლიტიკის ნაყოფია, - ობოლენსკიმ ეშმაკურად გაიღიმა, - პაქტი დროებითი მოვლენაა. ის მაქსიმუმ ორ წელიწადს გასტანს.
- რაო?
- სსრ კავშირთან პაქტით გერმანიას ხელ-ფეხი გაეხსნა. ჰიტლერმაც დასავლეთს დაარტყა. ვერმახტი ტრიუმფით შევიდა პარიზში. ამის შემდეგ აღმოსავლეთი ევროპის ჯერი დადგა. ჰიტლერმა მოგვიგო. რუმინეთი და ბულგარეთი დაანაწევრა; იუგოსლავია და პოლონეთი, როგორც სახელმწიფოები, აღარ არსებობს; ვარშავაში, კრაკოვში გერმანელები არიან; ლვოვში ჩვენ ვართ, - წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
- ჰიტლერს ინგლისის დაპყრობა სურს, მაგრამ ბრიტანეთს ძლიერი ფლოტი ჰყავს. აფრიკაშიც ბრძოლები კარგა ხანს გაგრძელდება. შედეგად, გერმანიასაც ქანცი გამოეცლება და ინგლისსაც. ჩვენ კი შეტევაზე გადავალთ. ომი სხვის ტერიტორიაზე მცირე მსხვერპლით, - ობოლენსკიმ გაიცინა, - სტალინი ნამდვილი გენიოსია! გენიოსი!
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა კუზნეცოვი.
ლენას დედამ სტუმარი სუფრასთან მიიწვია.
არჩევანი
რიასნოი კუზნეცოვს ღიმილით შეხვდა, ხელი მაგრად ჩამოართვა, სავარძელში ჩასვა.
- კოლია, სიტყვები არ მყოფნის! ნამდვილი ვირტუოზი ხარ! ვირტუოზი!
კუზნეცოვი მდუმარედ იჯდა. რიასნოიმ ჩაახველა.
- ობოლენსკების სახლში დამკვიდრდი, მისი ქალიშვილის გულიც მოინადირე. ახლა გადამწყვეტი ნაბიჯიღა დარჩა.
- რა ნაბიჯი?!
- ლენას მამას ჯიბეში ერთი დოკუმენტს ჩაუდებ. ნუ გეშინია, მას უკვე არავითარი ფასი არ აქვს. ჩვენი ბიჭები ჩხრეკისას ამ საბუთს ამოიღებენ. ეს იქნება დადასტურება, რომ ობოლენსკი ჯაშუშია.
კუზნეცოვს სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა.
- ნუ გეშინია, მას არაფერს დაუშავებენ. უბრალოდ, ჩვენი აგენტი გახდება.
- განა ახლა...
- ობოლენსკის აგენტურულ ქსელში ჩართავენ, სადაც შენც ხარ. რა გაოცებული მომშტერებიხარ?
რიასნოიმ გაიცინა. რაღაც საზარელი იყო ამ სიცილში...
ლენა საქმროს შეშფოთებული მისჩერებოდა. კუზნეცოვმა ცხვირსახოცი ამოიღო, გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა.
- მოხდა რამე? - შეშფოთებით შეეკითხა ქალი.
- მოხდა, - კუზნეცოვმა თავისი ჩახრინწული ხმა ვერ იცნო, - მარტო ხარ?
- ჰო, მამა სამსახურშია, დედაც. შინამოსამსახურე კი ბაზარში წავიდა, - ლენა წამით გაჩუმდა, - რაშია საქმე?
- ერთ რამეში უნდა გამოგიტყდე.
- რაო?
- უნდა გამიგო და მაპატიო, - კუზნეცოვმა თავზე ხელი გადაისვა, - კარგა ხანს ვყოყმანობდი, ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე.
- ცოლ-შვილი გყავს?
- არა, უარესი.
- კარგი, ნუ მაშინებ, არ მითხრა, მკვლელი და მძარცველი ვარო!
- მე შინსახკომის აგენტი ვარ.
წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
- დავალებული მაქვს, მამაშენი ხაფანგში გავაბა და ჩვენს აგენტად ვაქციო, - თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა კუზნეცოვმა, - იცი, ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ მეტი არ შემიძლია!
- გაეთრიე აქედან! - შეჰკივლა ლენამ, - გაეთრიე!
და კუზნეცოვს სილა გააწნა.
ლენამ ყოველივე მამას უამბო. ობოლენსკი ერთხანს დამბლადაცემულივით იჯდა.
- მაშ რუდოლფ შმიდტი აგენტი-პროვოკატორია?!
ობოლენსკიმ ყოველივე ვიაჩესლავ მოლოტოვს მოახსენა, მან კი ბერიას დაურეკა და უთხრა: ამიხსენით, რა ხდება! ჩემს თანამშრომელს შანტაჟს რატომ უწყობთ?!
- დასაჯეთ ყველა, ვინც ამ პროვოკაციას ამზადებდა! - გასცა განკარგულება ბერიამ.
რიასნოის საყვედური გამოუცხადეს. ასევე საყვედური მიიღო რამდენიმე ჩეკისტმაც, რომლებიც კუზნეცოვთან ერთად მუშაობდნენ.
* * *
დაკითხვა უკვე მესამე საათს მიმდინარეობდა. კუზნეცოვს პირიდან სისხლი სდიოდა. რიასნოიმ გაიღიმა. თავისი ყოფილი აგენტის წამებით აშკარად ტკბებოდა.
- მაშ, ლენა შეგიყვარდა, არა?
- დიახ, ამხანაგო!
- ქეციანი ძაღლი იყოს შენი ამხანაგი! - რიასნოიმ სახეში გაარტყა.
კუზნეცოვს თავი უკან გადაუვარდა. რიასნოიმ ჩაიცინა.
- შეყვარებული სპეცაგენტი! - ამ სიტყვებზე კუზნეცოვს ზიზღით სავსე მზერა მიაპყრო, - იცი, ამისათვის რა მოგელის?
- ვიცი.
- და, მიუხედავად ამისა, ამაზე მაინც წახვედი!
- სხვაგვარად არ შემეძლო.
რიასნოი ერთხანს უძრავად იდგა. შემდეგ შეტრიალდა და საკნიდან გავიდა.
კუზნეცოვი ქვის იატაკზე იწვა. ხელ-ფეხზე ბორკილი ედო. მთელი სხეული სტკიოდა. განძრევა არ შეეძლო.
- ყველაფერი დამთავრდა.
ფიქრი მოეძალა. ხომ შეიძლებოდა, ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. აკი უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ მათი ბედნიერება არ შედგა.
- ამ ცხოვრების დედაც, - კუზნეცოვს ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები.
კარი ხმაურით გაიღო. კუზნეცოვმა თავი ასწია. საკანში რიასნოი შემოვიდა. გუშაგი მის გვერდით იდგა.
- ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგონია? - რიასნოიმ გაიცინა, - ომი დაიწყო! ჩვენს ქვეყანას ჯარისკაცები სჭირდება! ჩვენი პარტიაც საშუალებას გაძლევს, დანაშაული გამოისყიდო.
რიასნოი გაჩუმდა. გუშაგი კუზნეცოვთან მივიდა, ხელბორკილი ახსნა. კუზნეცოვმა სცადა წამომდგარიყო, მაგრამ მთელ სხეულში საშინელი ტკივილი იგრძნო. ამოიკვნესა და იატაკზე დაეშვა.
- სიარული არ შეგიძლია? არა უშავს, რამდენიმე დღეში ფორმაში მოგიყვანენ.
რიასნოი იღიმებოდა. ოთახში ფორმიანი მამაკაცები შემოვიდნენ. კუზნეცოვი საკაცეზე დააწვინეს და საკანიდან გაიტანეს. ჰოსპიტალში კუზნეცოვმა რამდენიმე დღე დაყო. ექიმებმა ის მართლაც ფორმაში მოიყვანეს. აღარაფერი მიუთითებდა, რომ ცოტა ხნის წინ კუზნეცოვი შინსახკომის ჯურღმულებში აწამეს.
- აბა, კოლია, დადგა განშორების ჟამი! —რიასნოი იღიმებოდა. კუზნეცოვი უძრავად იჯდა და შეფს შეჰყურებდა.
- შენ მტრის ზურგში გადაგისვრიან. ასე რომ, შენ იცი, პარტიამ სულგრძელად გაპატია და საშუალება მოგცა დანაშაული გამოგესყიდა. მადლობელი ხარ?
კუზნეცოვი დუმდა.
- მადლობელი ხარ თუ არა?!
- დიახ, - წაიჩურჩულა აგენტმა.
კუზნეცოვს ტუჩებზე მწარე ღიმილი აუთამაშდა.
ჩეკისტურ სპეცრაზმში
1941 წლის 22 ივნისს ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. 30 ივნისს გერმანელებმა ქალაქი ლვოვი დაიკავეს. იმავე საღამოს უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის (ხელმძღვანელი სტეპან ბანდერა) ორგანიზებით გამართულ დასავლეთი უკრაინის საკანონმდებლო კრებაზე გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა. შეიქმნა დროებითი მთავრობა. მას სათავეში ჩაუდგა სტეპან ბანდერას უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იაროსლავ სტეცკო. ორი საათის შემდეგ ბერლინიდან ჩამოსულმა აინზაცკომანდამ (გერმანიის პოლიციის სიკვდილის ესკადრონი) მთავრობის თითქმის ყველა წევრი დააპატიმრა. ბანდერას, სტეცკოსა და სხვა ლიდერებს ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი. მოგვიანებით უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყო. ნაცისტურ საწამებელში დაამთავრეს სიცოცხლე ბანდერელთა მოძრაობის გამოჩენილმა წევრებმა: ივან კლიმივმა (ლეგენდა), დმიტრო ორლიკმა, ანა მაქსიმეცმა, სერგეი შერსტიუკმა და ა. შ.
- იდიოტიზმია დავღვაროთ თუნდაც ერთი წვეთი გერმანული სისხლი, რათა ვინმე გავათავისუფლოთ. ჩვენ გვჭირდება არა დამოუკიდებელი უკრაინა, არამედ სასიცოცხლო სივრცე გერმანიისთვის, - განაცხადა პროპაგანდის მინისტრმა, დოქტორმა იოზეფ გებელსმა.
ჰიტლერის ბრძანებით უკრაინა დაანაწევრეს. იმიერკარპატისპირეთი ჯერ კიდევ 1939 წელს უნგრეთს გადასცეს, ბუკოვინა და ოდესის მხარე რუმინეთს, გალიჩინა შეუერთეს ე. წ. გენერალურ საგუბერნატოროს, რომელსაც ნაცისტი სატრაპი ჰანს ფრანკი განაგებდა. დანარჩენი ტერიტორია გამოცხადა ე. წ. „რაიხსკომისარიატ უკრაინად“. აქ ჰიტლერელი სატრაპი ერიხ კოხი მბრძანებლობდა.
—არ არსებობს არავითარი თავისუფალი უკრაინა! ამ მხარემ უნდა მისცეს: ა) სურსათი ჩვენი ჯარისკაცებისათვის, ბ) თბილი ტანისამოსი, რომელიც გერმანელ ჯარისკაცებს გამოადგებათ, გ) მუქთი მუშა ხელი, დ) ლამაზი გოგონები ჩვენი სალდათური ბორდელებისათვის, — გამოაცხადა კოხმა.
გაულაიტერმა თავისი რეზიდენცია პატარა ქალაქ როვნოში განათავსა. იქვე მოთავსდნენ უმნიშვნელოვანესი ნაცისტური დაწესებულებები, სდ (უშიშროების სამსახური), ზურგის დაჯგუფების სარდლის იტცინგერის შტაბი და ა. შ. ამან განაპირობა ციცქნა როვნოსადმი საბჭოთა დაზვერვის ყურადღება. სწორედ როვენსჩინაზე უნდა ემოქმედა კადრის ჩეკისტის დიმიტრი მედვედევის (ოპერატიული ფსევდონიმი ტიმოფეი) სპეც-რაზმს. მას მყვირალა სახელი „გამარჯვებულები“ ერქვა. მისი ამოცანა იყო როვენსჩინაზე (ქალაქებში როვნო, ლუცკი, კოველი, სარნი) დივერსიულ--სადაზვერვო საქმიანობის გაშლა. სწორედ ამ რაზმის წევრი გახდა კუზნეცოვი. მისი აგენტურული ფსევდონიმები იყო კოლონისტი და პუხი.
—გერმანელი გარეშე მტერია! როგორც მოვიდა, ისე წავა! მთავარი მოწინააღმდეგე უკრაინელი ნაციონალისტები და პოლონელებია, —განუცხადა მებრძოლებს მედვედევმა.
ომის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგ რაზმის ექიმი ალბერტ ცეხარსკი იტყვის: ჩვენი შეშფოთების საგანს როგორც უკრაინელი ნაციონალისტები, ასე პოლონელები წარმოადგენდნენ. ომამდე დასავლეთ უკრაინა, კერძოდ როვენსჩინა, პოლონეთის მიერ იყო ოკუპირებული და პოლონელებსაც აქ სერიოზული აგენტურა ჰყავდათ. ამიტომ ერთიანი უკრაინულ- პოლონური ფრონტის შექმნაც არ უნდა დავუშვათო.
—ეს უფრო მნიშვნელოვან ამოცანად მიგვაჩნდა, ვიდრე ფაშისტებთან ბრძოლა, — აცხადებს ცესარსკი.
უკრაინელი მეცნიერი პროფესორი სერგიიჩუკი ამას ეთანხმება:
—ჩეკისტური სპეცრაზმების, მათ შორის მედვედევის რაზმის, მთავარი ამოცანა პოლონურ- უკრაინული ეთნოომის ინსპირირება იყო, — წერს სერგიიჩუკი.
კოლონისტი ანუ პუხი რაზმში ნიკოლაი ვასილევიჩ გრაჩოვის საბუთებით ჩარიცხეს, როვნოში კი როგორც გერმანული არმიის ობერ-ლეიტენანტს პაულ ზიბერტს უნდა ემოქმედა. მისი ამოცანა არა დაზვერვა, არამედ ტერორი და პროვოკაციები იყო.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე კი ფრიად ბობოქარი მოვლენები განვითარდა. სტეცკოს მთავრობის დაპატიმრების პასუხად უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაცია იატაკქვეშეთში გადავიდა. 1942 წელს იქმნება უკრაინის ეროვნული თავდაცვის რაზმები. სწორედ მათ ბაზაზე აღმოცენდა უპა (უკრაინის აჯანყებულთა არმია). მან მოქმედება გაავრცელა მთელი ვოლინის, პოლესიეს და დნეპრის მარჯვენა ნაპირის ტერიტორიაზე. ბანდერელთა ჯგუფები აღმოცენდნენ კიევში, ხარკოვში, სიმფეროპოლში. 1944 წლისათვის უპა-ს წევრთა რაოდენობამ 440. 000 მიაღწია. გერმანელები ამაოდ ცდილობდნენ უპა-ს განადგურებას. ეს არა ერთ ნაცისტ ჯალათს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. პარალელურად უპას წინააღმდეგ ოპერაციებს ჩეკისტური სპეცრაზმებიც ატარებდნენ. უკრაინულ - პოლონური შუღლი კი რუსების წისქვილზე ასხამდა წყალს. ჩეკისტები ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ, რათა ეს ნამდვილ ეთნო- ომში გადაზრდილიყო. გამონაკლისი ამ მხრივ არც მედვედევის რაზმი იყო.
როგორც ცნობილია, 1920-1939 წლებში დასავლეთ უკრაინა პოლონელებს ჰქონდათ დაპყრობილი. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით დასავლეთ უკრაინა რუსეთს ერგო და 1939 წლის სექტემბერში დასავლეთი უკრაინა წითელმა არმიამ დაიკავა. პოლონელებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავიანთი აგენტურა დატოვეს, რომელიც სუკ-მა საკმაოდ სწრაფად გაანადგურა. პოლონელი პატრიოტების ნაწილი მოსპეს, ნაწილს გულაგში უკრეს თავი, სხვები კი გადაიბირეს.
1940-1941 წლებში საბჭოთა ჩეკისტებმა ტყვე პოლონელი მზვერავებისგან ფსევდოპატრიოტული ორგანიზაცია "ბლესკი" შექმნეს. მას პოლონეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მეჩისლავ სტეფანსკი (აგენტურული მეტსახელი ლვოვსკი) ედგა სათავეში. "ბლესკმა" კავშირი დაამყარა პოლონელთა ლვოვის ცენტრთან, აგრეთვე ვარშავასა და კრაკოვში მოქმედ არალეგალურ ჯგუფებთან. მისი დახმარებით, სუკ-მა პოლონელთა აგენტურის დარჩენილი ნაწილი მთლიანად მოსპო. 1941 წლის ზაფხულისთვის აქტიური პოლონელი პატრიოტების უმეტესობა განადგურდა. "ბლესკის" მეშვეობით კი დამყარდა კონტაქტები უკვე კრაკოვისა და ვარშავის ცენტრებთან, აგრეთვე ლონდონთან, სადაც პოლონეთის ემიგრაციული მთავრობა იმყოფებოდა
„ბლესკის“ ხერხემალს ყოფილი პოლონელი სამხედროები შეადგენდნენ. სტეფანსკის გარდა აქ იყვნენ პოლონეთის არმიის ყოფილი ოფიცერი იან კამინსკი (აგენტურულ მეტსახელი კანტორი), .პოლონეთის არმიის ოფიცრები მარცინიაკი, ოკორსკი და ა. შ. სუკ-ს ყველა მათგანზე ამომწურავი კომპრომატი გააჩნდა. აკი ომამდე ყველა მათგანი საბჭოთა უშიშროებაზე მუშაობდა და თავის თანამემამულეებს აბეზღებდა. გერმანელთა მოსვლის შემდეგ „ბლესკის“ წევრებმა ძველი პატრონი ახალზე გაცვალეს. ამან საშუალება მისცათ, თბილად მოწყობილიყვნენ. ორგანიზაციაც განაგრძობდა მოქმედებას, ოღონდ ახლა უკვე გერმანელთა კონტროლით.
სუკ-ის პოლკოვნიკი მედვედევი დივერსიული საქმიანობის დაწყებისთვის ემზადებოდა. საამისოდ სათანადო ორგანიზაციის შექმნა იყო აუცილებელი. ვისგან დაკომპლექტდებოდა ეს ორგანიზაცია? დასავლეთუკრაინელი კომუნისტები, ჯერ ერთი, ცოტანი იყვნენ, მეორეც, მედვედევი მათ არ ენდობოდა. ასევე ცოტანი იყვნენ საბჭოთა ფუნქციონერები, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში 1939 წელს ჩავიდნენ (ყოველი მათგანი სუკ-ის კრეატურას წარმოადგენდა) და ევაკუაციაში წასვლა ვერ შეძლეს. რჩებოდა "ბლესკი". მედვედევის ემისრებიც მათთან კონტაქტზე გავიდნენ. პოლკოვნიკი ფრთხილობდა. იგი კარგად ხვდებოდა, რომ "ბლესკის" წევრები სდ-სთანაც (ჰიტლერელთა უშიშროების სამსახური) იყვნენ დაკავშირებული.
იდგა1943 წელი. ცხადი ხდებოდა, რომ ჰიტლერმა ომი წააგო. პოლონელებიც რუსებთან კონტაქტების აღდგენას სიხარულით უნდა შეხვედროდნენ. გერმანელები უკრაინიდან წავლენ, რუსებთან სამსახური კი ომის შემდეგ ჩაეთვლებათ. გათვლამ გაამართლა, სტეფანსკი, კამინსკი, ანჩაკი თუ სხვები რუსებთან კონტაქტის აღდგენას სიხარულით შეხვდნენ. სათანადო საკონტროლო დავალებების შესრულების შემდეგ, . პოლონელები უკვე მედვედევის აგენტურული ქსელის წევრები გახდნენ კუზნეცოვთან კი უშუალო კონტაქტს ამყარებს „ბლესკის“ ერთ-ერთი აქტივისტი იან კამინსკი (აგენტურული მეტსახელი კანტორი). მან და კუზნეცოვმა ერთმანეთს ჩინებულად გაუგეს. მალე კამინსკი კუზნეცოვის ერთგული თანაშემწე გახდა.
ბანდერელთა დემონსტრაცია კიევში (2014 წელი)
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი
გაგრძელება იქნება
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteძალიან საინტერესოა.
ReplyDeleteყველას გირჩევთ წაიკითხოთ.