ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)
კუზნეცოვი
ქალის ფაქტორი
ლისოვსკაია
პოლონელთა შორის ერთი ლამაზი ქალი გამოირჩეოდა - ლიდია ივანოვნა ლისოვსკაია. შემდგომში ისტორიკოსებმა ეს ქალი პოლონელ მატა ჰარიდ მონათლეს. ლისოვსკაიამ როვენშჩინაზე განვითარებულ მოვლენებში საგულისხმო როლი ითამაშა.
ლისოვსკაია (ქალიშვილობის გვარი დეჩინსკაია) უბრალო ფოსტის მოხელის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ვარშავის კონსერვატორია. ქალს ჰოლივუდში გადაღებებზე იწვევდნენ, მაგრამ მსახიობის კარიერას ოჯახის შექმნა ამჯობინა. ლიდიას არ გაუმართლა. მისი ქმარი, ადვოკატი რუშინსკი, გულის შეტევით გარდაიცვალა. მარტოხელა, ახალგაზრდა, ლამაზ ქვრივს უამრავი თაყვანისმცემელი დასტრიალებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ვლადიმირ ჟირინოვსკის მამა, რომელიც კოსტოპოლში მცირე ფაბრიკას ფლობდა. ლიდიამ ყველას პოლონეთის არმიის ოფიცერი ეჟი ლისოვსკი ამჯობინა. მალე ისინი დაქორწინდნენ.
ცოლ-ქმარს ერთმანეთი გაგიჟებით უყვარდა, მაგრამ ბედნიერება ამჯერადაც ხანმოკლე გამოდგა. დაიწყო ომი და კაპიტანი ლისოვსკი ფრონტზე გაიწვიეს. თავად ლიდია მოწყალების და გახდა.
ვარშავა დაეცა. ლიდიას, როგორც პოლონელი ოფიცრის ქვრივს, სამხედრო დაზვერვაში სამსახური შესთავაზეს.
— რამდენადაც ვიცით, წარმოშობით დასავლეთ უკრაინიდან ხართ!?
— დიახ, დედაჩემი და პატარა და-ძმა ახლაც როვენშჩინაზე ცხოვრობენ.
— შესანიშნავია! ჩვენ იქ ხალხი ძალიან გვჭირდება!
ლიდიაც დაბრუნდა როვნოში, მშობლიურ სახლში. დასავლეთი უკრაინა რუსებმა დაიკავეს. ლისოვსკაია, როგორც პოლონელი ოფიცრის ცოლი, დააპატიმრეს. შინსახკომში დაკითხვა წამებაში გადაიზარდა. ქალმაც ყველაფერი დაფქვა, ისიც, თუ როგორ გახდა პოლონეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი და რა დავალებით გადმოისროლეს როვნოში, დაასახელა აგენტები, რომლებიც მას უნდა დახმარებოდნენ. შინსახკომმა ყველა მათგანი დააპატიმრა. ლისოვსკაია გაათავისუფლეს. თანდათან ის პოლონელთა წრეში გაშინაურდა. ოფიცრის ქვრივს ყველა ენდობოდა, აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ რუსების აგენტი იყო. ლისოვსკაიას "დანოსებით" კი არაერთი ადამიანი მოხვდა ციხეში, სადაც ბევრი აწამეს და მოკლეს, ან ციმბირის გზას გაუყენეს. 1940 წლის ბოლოს ჩეკისტებმა ლისოვსკაიას უფრო სერიოზული დავალება მისცეს. იგი შეიყვანეს "ბლესკის" რიგებში, რომელიც ახლა უკვე რუსების კონტროლქვეშ მოქმედებდა.
გერმანელთა შემოჭრის შემდეგ ლიდიამ პატრონი გამოიცვალა. ახლა ის სდ-სთვის მუშაობდა. ამან საშუალება მისცა, კარგად მოწყობილიყო. ლისოვსკაია როვნოში ფეშენებელური რესტორნის მეტრ-დოტელი გახდა. მალე მისი ბინა ერთგვარ ბორდელად გადაიქცა. აქ გერმანელი ოფიცრები დროს ატარებდნენ. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მომხიბლავი დიასახლისი პანი ლიოლია სდ-ს აგენტი იყო, მეტსახელით კუკლა. ასევე სდ-სთვის მუშაობდა ლისოვსკაიას დეიდაშვილი მარია მიკოტაც. სდ-ში მას ჰქონდა მეტსახელი ჩვიდმეტი.
ღვინო, ქალები, ქეიფი — ყოველივე ეს ძალდაუტანებელ ატმოსფეროს ქმნიდა. ოფიცრებიც ბევრს ლაყბობდნენ და სდ-საც მათ განწყობილებაზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდა.
ლისოვსკაია თავისი სალონითა და კონტაქტებით ძვირფასი ინფორმაციის წყარო იყო. მიუხედავად ამისა, მედვედევი ყოყმანობდა. ცხადი იყო, რომ როგორც ლიდა, ასევე მარია მიკოტა, სდ-სთანაც იყვნენ დაკავშირებული. ორმაგი აგენტი სათანადო შემოწმებას მოითხოვს. მედვედევმაც ქალს შემოწმება მოუწყო. ლისოვსკაიას თვალს ადევნებდა აგენტების მთელი ჯგუფი. მათ საქმიანობას მედვედეველი შევჩუკი (ოკო) ხელმძღვანელობდა. დასკვნა საგულისხმო იყო: ლისოვსკაიას არავითარი იდეოლოგიისა არ წამს, არც სამშობლო გააჩნია. მას მხოლოდ გადარჩენა სურს და მზად არის, ეშმაკსაც მიეყიდოს. ქალი საკმაოდ ჭკვიანია და ხვდება, რომ ჰიტლერის დღეები უკრაინაში დათვლილია. შესაბამისად, სუკ-თან კონტაქტის აღდგენაზეც სიხარულით წავა.
— არ გვიღალატებს?—შეეკითხა მედვედევი.
— ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შევძლებთ მის გაკონტროლებას,— იუგო შევჩუკმა,— თუ ქალი დარწმუნდა, რომ ჩვენთან მუშაობა მისთვის ხელსაყრელია, თანაც მაგარ ხელს უჭირავს, არ გვიღალატებს.
მიუხედავად ამისა, მედვედევი მაინც ყოყმანობდა. ლისოვსკაიასთან პირდაპირ კავშირზე მისი აგენტი გნედიუკი (გიდი) გავიდა. მხოლოდ კარგა ხნის შემოწმებისა და ბობოქარი მოვლენების შემდეგ ქალს კუზნეცოვი ანუ კოლონისტი დაუკავშირდა. ის ლისოვსკაიას მდგმური და შეთავსებით საყვარელიც გახდა. სუკ-ის აგენტი გახდა მარია ნიკოტაც, ფსევდონიმით მაია.
კუზნეცოვმა, ლისოვსკაიამ და მიკოტამ ერთად მუშაობა დაიწყეს. დიმიტრი მედვედევს ეს ახარებდა და აშინებდა კიდეც. კოლონისტის დოსიე მედვედევმა თავის დროზე კარგად შეისწავლა. კუზნეცოვისა და ლენა ობოლენსკაიას ამბავიც იცოდა. კოლონისტს შეუძლია სიყვარული და ამ დროს შესაძლოა თავიც დაკარგოს. ვაითუ, ლისოვსკაიამ იგი გადაიბიროს! ქალს ხომ კავშირი აქვს როგორც სდ-სთან, ასევე პოლონელებთან, რომელთა უკანაც ინგლისელები დგანან. მედვედევმა განკარგულება გასცა, კუზნეცოვის თვალთვალი გაეძლიერებინათ. კოლონისტს მისი შოფერი კოლია სტრუტინსკი (აგენტურული მეტსახელი მშვიდი) და მისი ძმა ჟორჟი (ლონდრე) უთვალთვალებდნენ. ის შეთავსებით კუზნეცოვის მცველიც იყო.
შევჩუკმა მედვედევს მოახსენა, რომ ლისოვკსიასა და კუზნეცოვს შორის საქმიანი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ინტიმურმა კავშირმა ეს განამტკიცა.
— ანუ ლისოვსკაია ზიბერტის საყვარელია?—შეაწყვეტინა მედვედევმა.
— დიახ, ამხანაგო პოლკოვნიკო.
— ზიბერტს ქალი შეუყვარდა?
— ეს სიყვარული კი არა, საქმიანი ურთიერთობებია. სხვათა შორის, ზიბერტს ლისოვსკაიას დეიდაშვილთან, მარია მიკოტასთანაც სძინავს.
— რა მარიფათიანი ბიჭია,—გაიცინა მედვედევმა.
ლისოვსკაია, მიკოტა და კუზნეცოვი (იგივე ზიბერტი) ერთად მუშაობას განაგრძობდნენ. მათი ურთიერთობები მედვედეველთა მუდმივი ოხუნჯობის წყარო გახდა. რაზმის დაზვერვის უფროსმა პოდპოლკოვნიკმა ლუკინმა ამის თაობაზე ლექსიც შეთხზა:
— გრაჩოვი ამშვიდებს ლისოვსკაიას
და პირში ჩაჩრის ... სოსკას!
ლუკინი ოდესელი იყო და ჩინებული იუმორის გრძნობაც ჰქონდა.
ფოლკსდოიჩე ჩეკისტების სამსახურში
ფოლკსდოიჩე,— ასე უწოდებდნენ ნაცისტები ადგილობრივი წარმოშობის გერმანელებს. მათ ისინი თავიანთ საყრდენად განიხილავდნენ და შეღავათებს უკეთებდნენ. სწორედ ასეთ ადამიანებს განეკუთვნებოდა ვინმე კონსტანტინე დოვგერი. მას მედვედევის სქემაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა.
კონსტანტინე დოვგერი ვოლინელი გერმანელი გახლდათ. მან თავის დროზე პეტერბურგში მიიღო უმაღლესი განათლება. შემდეგ იყო რევოლუცია, სამოქალაქო ომი. როვენსჩინა პოლონეთის ნაწილი გახდა. კონსტანტინე დოვგერმა ვითარებას ალღო უმალ აუღო. მან პოლონელების ნდობა მოიპოვა და გრაფ პოტოცკის მეტყევე გახდა. მაშინდელ პოლონეთში ეს ძალზე საპატიო თანამდებობა იყო. დოვგერიც პოტოცკის ნდობით აღჭურვილ პირად გადაიქცა. იდილია 1939 წელს დამთავრდა, როცა დასავლეთ უკრაინა რუსების მიერ აღმოჩნდა ოკუპირებული. დოვგერს, როგორც პოდპანკს, ოჯახთან ერთად ციმბირში დეპორტაცია ელოდა. მან თავი იმით გადაირჩინა, რომ სუკის აგენტი გახდა.
1941 წელს დასავლეთ უკრაინაში გერმანელები მოვიდნენ. დოვგერმაც გაიხსენა, რომ წარმოშობით გერმანელია. ის ფოლკსდოიჩედ დაეწერა. დოვგერი კვლავ გადარჩა. მალე უკრაინაში ბობოქარი მოვლენები განვითარდა. დაიწყო პარტიზანული მოძრაობა. როვენსჩინაზე საბჭოთა პარტიზანებიც გამოჩნდნენ. პოლკოვნიკ მედვედევის ემისარმა ჩეკისტმა კოჩეტოვმა დოვგერთან კონტაქტი დაამყარა. შემდეგ ყოველივე მედვედევს მოახსენა.
—რას იტყვით ამ დოვგერზე?—შეეკითხა მედვედევი.
— აბა რა უნდა ვთქვა?— მხრები აიჩეჩა კოჩეტოვმა,— ფოლკსდოიჩე, გერმანელების აგენტი, პოტოცკების დამქაში.
— ეგ ლირიკაა,— შეაწყვეტინა მედვედევმა, — მოკლედ მიპასუხეთ: ენდობით მას?
— არა, ამხანაგო პოლკოვნიკო.
— რატომ?
— გერმანელები შემთხვევით ადამიანს ფოლკსდოიჩედ არ დაწერენ! ეჭვი არ მეპარება, რომ დოვგერი სდ-ს აგენტია.
— თქვენი აზრით, დოვგერი გერმანელების იდეური მიმდევარია?— მედვედევმა პაუზა გააკეთა,—აქაურობა ხომ პარტიზანებითაა სავსე! გერმანული ხელისუფლებაც ფაქტიურად აღარ არსებობს!
— ვერ გეტყვით.
— მიეცით ამ დოვგერს საკონტროლო დავალებები. ამის შემდეგ გამოჩნდება, თუ რა შეუძლია!—გასცა განკარგულება მედვედევმა.
ჩეკისტმაც პოტოცკების ყოფილ მეტყევეს საკონტროლო დავალებები მისცა. დოვგერმა ისინი წუნდაუდებლად შეასრულა. ნელ-ნელა დავალებები რთულდებოდა. კოჩეტკოვმაც დოვგერს დაავალა გამგზავრებულიყო სარნიში და კავშირი დაემყარებინა ვინმე მურად ფიდაროვთან. ეს კაცი თავის დროზე შინსახკომმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არალეგალური მუშაობისათვის დატოვა. დოვგერმა ეს დავალებაც შეასრულა. მალე სარნიში ფიდაროვის გარშემო მცირერიცხოვანი, მაგრამ კარად ორგანიზებული აგენტურული ქსელი შეიკრიბა. ამის შემდეგ კოჩეტოვმა დოვგერის შესახებ უშუალოდ მედვედევს მოახსენა. პოლკოვნიკი ჩაფიქრდა :
—ჰკითხეთ დოვგერს, თავის პოლონელ მეგობრებთან კონტაქტები თუ აქვს. მხედველობაში მაქვს პოტოცკების ნათესავები.
დოვგერმა დავალება ამჯერადაც შეასრულა. ის ჩავიდა როვნოში და „ბლესკის“ ყველა წევრზე ცნობები შეაგროვა. ამის შემდეგ კოჩეტოვის ბრძანებით ჯერ ლვოვს ესტუმრა, შემდეგ ვარშავას. იქიდან დაბრუნების შემდეგ კი კოჩეტოვს ამომწურავი პატაკი მიართვა:
—პოლონელები ამზადებენ ოპერაცია „ქარიშხალს“. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: განსაზღვრულ მომენტში უნდა მოხდეს აჯანყება. პოლონელები დაიკავებენ ლვოვს და როვნოს. ამით მსოფლიო მომხდარი ფაქტის წინაშე დადგება: პოლონეთი აღსდგა თავის ომამდელ საზღვრებში!
კოჩეტოვმა ყოველივე მედვედევს მოახსენა. მალე მოსკოვში შესაბამისი რადიოგრამაც გაიგზავნა. ამის შემდეგ მედვედევმა დოვგერთან შეხვედრა ინება.
—კარგი იქნება, თუ დოვგერთან ერთად მის ქალიშვილებსაც შევხვდებოდი! —მედვედევმა პაუზა გააკეთა, — რამდენადაც ვიცი, ისინი ჩვიდმეტი წლისანი არიან. მგონი დროა, რომ მამას დაეხმარონ.
—დოვგერს ეგ პირადად შევთავაზე და სასტიკი უარი მითხრა! ვცადე დავმუქრებოდი, მაგრამ ისტერიკაში ჩავარდა და თავი დავანებე,— მიუგო კოჩეტოვმა.
—კეთილი,— მედვედევი ჩაფიქრდა,— მოიყვანეთ რაზმში ეს ფოლკსდოიჩე.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
რამდენიმე დღის შემდეგ დოვგერი რაზმში მოიყვანეს. მედვედევმა ის ყურადღებით შეათვალიერა. დოვგერი უკვე საშუალო ასაკს გადაცილებული ჭარმაგი მამაკაცი იყო. განიერი მხრები და დიდი ჭკვიანი თვალები ჰქონდა. პოლკოვნიკს ერთგვარი შიშით შესცქეროდა. მედვედევმა ეს შენიშნა. გაიღიმა. ხელი გაუწოდა:
— კონსტანტინ ეფიმოვიჩი ბრძანდებით? მე დიმიტრი ნიკოლაევიჩი ვარ. დაბრძანდით.
— გმადლობთ,—დოვგერი დაჯდა.
მედვედევმა ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა, ისიც, თუ რა კავშირი ჰქონდა პოლონელებთან და ისიც, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა უკრაინელ ნაციონალისტებთან.
— ბანდიტებთან არავითარი ურთიერთობა არა მაქვს!—მიუგო დოვგერმა.
— ძალიან ცუდი!—მედვედევმა თავი გააქნია,——ისინი თქვენი მეზობლები არიან. მეზობლებთან კი კარგი ურთიერთობები უნდა გქონდეს! თუნდაც იმიტომ, რომ ინფორმაცია მოიპოვო.
— რაკი ასეა,— დოვგერმა ამოიოხრა,— მათთან ნორმალური კეთილმეზობლური ურთიერთობები მაქვს.
— ძალიან კარგი!— აი, თქვენი ქალიშვილი..
— ვალიას თავი დაანებეთ!— ისტერიულად შეჰკივლა დოვგერმა,— მე ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ ჩემს ოჯახს კი ნუ შეეხებით!
— კარგი, კარგი,— სწრაფად მიუგო მედვედევმა.
გამოცდილი ჩეკისტი უმალ მიხვდა, თუ როგორ დაეჭირა თავი დოვგერთან. ფოლკსდოიჩეს არავითარი იდეოლოგიისა არ სწამდა. მას მხოლოდ საკუთარი თავის და ოჯახის გადარჩენა სურდა. მედვედევს ეს სავსებით აძლევდა ხელს.
— კეთილი, კონსტანტინ ეფიმოვიჩ,—მედვედევმა პაუზა გააკეთა, — პირობას გაძლევთ, რომ თქვენს ოჯახს არ შევეხებით. ახლა კი ყურადღებით მისმინეთ. აი, რა მინდა გითხრათ...
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მალე მედვედევის ბრძანებით დოვგერთან კონტაქტებზე კუზნეცოვი გავიდა. მან დაწვრილებით გამოიკითხა პოლონელების, მათ შორის ბლესკის წევრების შესახებ. „კოლონისტს“ ძალზე აინტერესებდა უკრაინელი ნაციონალისტებიც. დოვგერმა ყველაფერი ამომწურავად მოუთხრო, უთხრა, თუ ახლო- მახლო სად იყო ბანდერელთა ბაზები, რა ურთიერთობები არსებობდა ბანდერელებსა და პოლონელებს, ბანდერელებს, ბულბელებსა და მელნიკოველებს შორის.
— მაშ უკრაინელებსა და პოლონელებს შორის შუღლია?—შეეკითხა კუზნეცოვი.
— დიახ.
— მტრობა უკრაინელი ნაციონალისტების ცალკეულ დაჯგუფებებს შორისაც არსებობს. მხედველობაში მაქვს ბანდერელები, მელნიკოველები და ატამან ბულბას მომხრეები.
— დიახ.
— ეს უნდა გავითვალისწინოთ,— მოულოდნელად მკაცრად წარმოთქვა კუზნეცოვმა, —ერთი დაკვრით ეს არამზადები უნდა განადგურებულ იქნან. გასაგებია?!
დოვგერი დუმდა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
მედვედევი ჩვეულებისამებრ თავაზიანად შეხვდა დოვგერს. ხელი მაგრად ჩამოართვა, დასაჯდომად მიიწვია.
— რაიმე მოხდა, კონსტანტინ ეფიმოვიჩ?
— დიახ.
— ამხანაგ გრაჩოვის დავალებით დავადგინე ახლო- მახლო მიდამოებში მოქმედ ბანდიტთა ვინაობა. მხედველობაში მაქვს ბანდერელები, მელნიკოველები, ბულბელები.
—პ ოლონელები?
— ისინიც,— დოვგერმა ცხვირსახოცი ამოიღო და შუბლი მოიწმინდა.
— ძალიან კარგი,—მედვედევმა გაიცინა.
— გრაჩოვს სურს, რომ გერმანელებს პოლონელებზე ინფორმაციები გადავცეთ დ ა პირიქით.
— რაო?
— მათ უნდათ, რომ ბანდრელებზეც მივაწოდო ცნობები. ეს კი მტრობას გააღვივებს.
— ეს გრაჩოვის კი არა, ჩემი ბრძანებაა,— შეუსწორა მედვედევმა,— მე ჩემის მხრივ ცენტრის მითითებებს ვასრულებ.
— ანუ გრაჩოვის ბრძანება შევასრულო?
— აუცილებლად.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
დოვგერმა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. შედეგად პოლონურ-უკრაინული მტრობა გაღვივდა. დოვგერი გულწრფელად იყო შეწუხებული. კუზნეცოვმა ეს შენიშნა, გაიცინა:
— ნუ გეშინიათ, თქვენზე არავინ ეჭვობს.
დოვგერი დუმდა.
— ახლა უფრო რთულ დავალებაზე გადავიდეთ— კუზნეცოვი იცინოდა,— თქვენთვის ცნობილია აქაური ბანდერელი აქტივისტები და ლიდერები?
დოვგერი გაფითრდა, სურდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა. ხველა აუვარდა.
— დადგა დრო, რათა სდ-ს ბანდერელებზე ზუსტი ინფორმაცია გადასცეთ. აკი ეს ბანდიტები როგორც ჩვენს, ისე გერმანელთა წინააღმდეგაც იბრძვიან. ჰოდა, თქვენი ინფორმაციაც დააინტერესებთ.
გაფითრებული დოვგერი დუმდა.
— ნუ გეშინია, დღეს საღამოსათვის ჩვენი რაზმი ამ კვადრატში აღარ იქნება. გერმანელთა რისხვაც ბანდერელებს დაატყდება.
კუზნეცოვმა გადაიხარხარა. რაღაც საზარელი იყო ამ სიცილში.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
პოლკოვნიკი მედვედევი დოვგერს თავაზიანად შეხვდა. ხელი ჩამოართვა, დაჯდომა შესთავაზა. მეტყევეს სახე ერთიანად გაფითრებოდა.
— ცუდად ხართ, კონსტანტინ ეფიმოვიჩ?
დოვგერმა ყველაფერი უამბო. მთელი შუბლი ოფლით ჰქონდა დაფარული, კანკალებდა.
— კონსტანტინ ეფიმოვიჩ,— ამოიოხრა მედვედევმა,— ბანდერელები უფრო საშიში მტრებია, ვიდრე გერმანელები!
— ისინი არ დამინდობენ!— ისტერიულად შეჰკივლა დოვგერმა,— მეც მომკლავენ, ჩემს ცოლ-შვილსაც ამოხოცავენ!
— ჩვენ ომში ვართ,— მედვედევმა კვლავ ამოიოხრა,—შეიძლება მეც მომკლან. რაზმის ყველა წევრი ტყვიას ეთამაშება!
— გასაგებია,— დოვგერმა ისე ამოიოხრა, გეგონებათ გულ-ღვიძლი ამოაყოლაო,— ოღონდ ..
დოვგერი წამით გაჩუმდა, შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო და აკანკალებული ხელით შუბლი მოიწმინდა.
— პირობა მომეცით, თუ რაიმე დამემართება, ჩემს ცოლ-შვილს არ მიატოვებთ.
— პირობას გაძლევთ.
— ოფიცრის სიტყვა მომეცით.
— ოფიცრის სიტყვას გაძლევთ.
საუბარი ამით დამთავრდა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
დოვგერმა ბანდერელებზე ინფორმაცია მართლაც შეკრიბა. შემდეგ ყოველივე გერმანელებს გადასცა. მალე სარნიში, ლუცკსა და როვნოში უკრაინელი ნაციონალისტების მასიური დაპატიმრებები დაიწყო. სდ-ში მათ სასტიკად აწამებდნენ, ან ხვრეტდნენ, ან სახრჩობელაზე აგზავნიდნენ. არა ერთ უკრაინელ პატრიოტს და მათი ოჯახის წევრებს საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი. ჩავარდნების მასშტაბი უდიდესი იყო.
ბანდერელთა უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ სდ-ს ცნობები დოვგერმა გადასცა. ფოლკსდოიჩესაც დაუდარაჯდნენ და მოკლეს. ასე დამთავრდა მისი ჯაშუშური კარიერა.
ფროილაინ ვალენტინა
ვალენტინა დოვგერი
დოვგერის ცოლ-შვილმა ნათესავებს შეაფარა თავი. მალე მედვედევის რაზმში დოვგერის ქალიშვილი ვალენტინა მივიდა. გოგონა მოითხოვდა, რომ იარაღი მიეცათ, რათა მამამისის გამო შური ეძია. მედვედევი ყოყმანობდა. ვალია სუსტი, კაფანდარა გოგონა იყო და პარტიზანის მძიმე ცხოვრებას ვერ გაუძლებდა.
— მაშ როვნოში გამაგზავნეთ!—შესძახა ვალიამ,— მე ხომ ფოლკსდოიჩეს ქალიშვილი ვარ! მამაჩემი ბანდერელმა ბანდიტებმა მოკლეს! ჰოდა, მოვითხოვ, რომ ბინაც მომცეთ და სამუშაოც.
მედვედევი მაინც ყოყმანობდა. აკი ვალიას არავითარი სპეც- მომზადება არ ჰქონდა, მაგრამ ხალხი როვნოში ძალიან სჭირდებოდათ.
— კეთილი, ვალიუშა, რაკი ასე გინდა, გაემგზავრე როვნოში! ვნახოთ, აქედან რა გამოვა! —მედვედევმა ამოიოხრა.
დოვგერისათვის მიცემული პირობა, თქვენს ცოლ-შვილს არავითარ ჯაშუშურ საქმიანობაში არ ჩავაბამთო, მას ძალზე სწრაფად დაავიწყდა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ვალია როვნოში გაემგზავრა. აქ მან თავისი ნათესავები მოინახულა. ყელა მათგანი ფოლკსდოიჩე იყო და გერმანულ საოკუპაციო სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები ეკავათ. მათ გულთან ახლოს მიიტანეს ობოლი გოგონას ბედი, რომელსაც მამა ბანდერელმა პარტიზანებმა მოუკლეს. მის კისერზე იყო მოხუცი დედა და პატარა და-ძმა.
— სოფელში გაჩერება აღარ შეიძლება! ირგვლივ ბანდერელები დათარეშობენ! მათ მომიკლეს მამა, გადაგვიწვეს სახლ- კარი! მიშველეთ!— ტიროდა ვალია.
ნათესავებმაც გაუხერხეს მას ჩაწერა როვნოში, მისცეს სამუშაო. ვალიამ დაიწყო მუშაობა საგალანტერიო მაღაზიაში გამყიდველად. მალე მან თავისთან გადაიყვანა მოხუცი დედა.
პოდპოლკოვნიკმა ლუკინმა, რომელიც მედვედევის რაზმში დაზვერვას განაგებდა, მეთაურს მოახსენა, რომ ვალიამ დავალება წარმატებით შეასრულა, მიაღწია იმას, რომ როვნოში მისცეს ბინა და სამუშაო, მოხუცი დედაც თავისთან გადაიყვანა. მედვედევი ჩუმად იჯდა. სახე მოღუშოდა.
— ამხანაგო პოლკოვნიკო !— ლუკინმა ნერწყვი გადაყლაპა,— მაქვს ერთი წინადადება. მოგახსენოთ?
— ბრძანეთ!
— იქნებ ვალია დოვგერის ბინა ზიბერტისათვის საიმედო თავშესაფარი გახდეს,—ლუკინმა ჩაახველა,— ფოლკსდოიჩეს ქალიშვილზე, რომლის მამაც ბანდერელებმა მოკლეს, ეჭვს აბა ვინ აიღებს?!
მედვედევმა არაფერი უპასუხა.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ვალია დოვგერი რაზმში რამდენიმე დღის შემდეგ მივიდა. გოგონა აპირებდა ყველაფერი მეთაურისათვის მოეხსენებინა. მედვედევმა გაიცინა:
— ყოჩაღ, დავალება კარგად შეასრულე! ახლა კი მისმინე..
მედვედევი წამით გაჩუმდა, ჩაახველა.
— ჩვენს მხარეს ერთი გერმანელი ოფიცერი გადმოვიდა. მგონი საიმედო კაცია, მაგრამ მაინც გერმანელია და სიფხიზლე აუცილებელია.
— რა კავშირი აქვს ამას ჩემთან?!—შეეკითხა ვალია.
— ის, რომ რამდენმე დღის შემდეგ ეს კაცი დაგიკავშირდება. თანახმად ლეგენდისა, ის შენი საქმრო იქნება. ხაზს ვუსვამ: ეს ლეგენდაა და არა სინამდვილე. მან როვნოში სპეცდავალება უნდა შეასრულოს.
— მე მას უნდა დავეხმარო?
— დიახ! შენი ბინა მისთვის საიმედო თავშესაფარი იქნება! ამას გარდა შენ მას გააკონტროლებ.
— მაპატიეთ, ვერ გავიგე...
— დააკვირდები, თუ როგორია ოჯახში, რას ლაპარაკობს, ვის ხვდება. ყოველივეს მე მომახსენებ.
— თქვენ მას არ ენდობით?
— მოღალატეს, ჩემო ვალია, ბოლომდე არასოდეს არ ენდობიან! აკი ფიცი გატეხა! სადაა გარანტია, რომ ჩვენც არ გვიღალატებს?!
ვალია დუმდა.
— ასე რომ, ვალიუშა, საპასუხისმგებლო დავალება გეძლევა. ასი თვალი და ასი ყური გამოიბი! გახსოვდეს, მცირეოდენი შეცდომა და შენც დაიღუპები და შენი ამხანაგებიც.
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
ვალია დოვგერი გავიდა. პოდპოლკოვნიკი ლუკინი ჩუმად იჯდა. კომისარმა სტეხოვმა ჩაახველა:
— დიმიტრი ნიკოლაევიჩ,— სტეხოვმა პაუზა გააკეთა,——გრაჩოვს მართლა არ ენდობით?
— მე, სერგეი ტროფიმოვიჩ, ბოლომდე არავის არ ვენდობი,—მედვედევმა გაიღიმა,— საკუთარ თავსაც კი.
— და გინდათ, რომ ამ ვალიას მეშვეობით გრაჩოვი გააკონტროლოთ?
— ვალია კონტროლის ერთ-ერთ ინსტრუმენტია.
— რაო?
— ის ნორჩი, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი, დაკვირვებული გოგონაა. დავალებასაც კეთილსინდისიერად და ენთუზიაზმით შეასრულებს.
— მაგაში გეთანხმებით. ფიქრობთ, რომ ვალიას ენთუზიაზმი გრაჩოვის კონტროლისათვის საკმარისია?
— რატომ მხოლოდ ვალიასი? გრაჩოვს დააკვირდებიან შევჩუკიც, გნედიუკიც, ძმები სტრუტინსკებიც. კოლია სტრუტინსკი გრაჩოვის, ანუ ობერ ლეიტენანტ ზიბერტის, შოფერი იქნება, მისი ძმა ჟორჟი კი მცველი. ასე რომ ვალიას ენთუზიაზმი, პლუს შევჩუკისა და გნედიუკის პროფესინალზმი... სტრუტინსკები კი, როგორც ძმებს შეეფერებათ, ერთმანეთს გაუფრთხილდებიან. საქმეც დამში იქნება.
მედვედევი გაჩუმდა, გაიღიმა. სტეხოვს უნებლიედ ტანში გასცრა.
ნიკა თევზაძე
ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
გაგრძელება იქნება
Comments
Post a Comment